გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ნახევარფინალებში ბათუმი და თსუ დაწინაურდნენ

გააზიარეთ

საქართველოს სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩების შემდეგ ის გუნდები დაწინაურდნენ, ვისაც მოედნის უპირატესობა ჰქონდათ.

ქუთაისი-ბათუმი 79:96

(22:25; 21:23; 18:20; 18:28)

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ბათუმმა მატჩი კარგად დაიწყო და მაირინ ტომასისა და გიორგი ოჩხიკიძის ეფექტური თამაშით მალევე 11:0 დაწინაურდა. ქუთაისელებმა მატჩის სტარტზე საკუთარი თამაში ვერ იპოვეს, მაგრამ ხასიათის ჩვენება მეორე პერიოდში შეძლეს, როდესაც კახაბერ ჯინჭარაძის შორეული გასროლით ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, ხოლო დეტრეკ ბრაუნინგის აქტიურობით მცირე ხნით წინაც კი გავიდნენ. მიუხედავად მასპინძელთა მცდელობისა, დიდ შესვენებაზე ლიდერის სტატუსით მაინც ბათუმელები გავიდნენ.

მატჩის კულმინაცია ბოლო მეოთხედი გამოდგა, შვიდი ქულით ჩამორჩენილმა ქუთაისმა სხვაობის შემცირება ვეღარ შეძლო, რადგან გადამწყვეტ მომენტში სიტყვა კვლავ მაირინ ტომასმა თქვა. მისმა ცივსისხლიანმა სამქულიანებმა სტუმრებს კომფორტული ჰანდიკაპი დაუბრუნა და მასპინძელთა იმედები საბოლოოდ დაასამარა.

ტომასმა მატჩი 28 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა; გიორგი ოჩხიკიძემ 18 ქულა და 8 პასი მოინაგრა; კარსონ ბაშამმა კი, ორმაგი დუბლი გაიფორმა – 11 ქულა და 10 მოხსნა; ქუთაისელთა რიგებში 26 ქულით საუკეთესო დეტრეკ ბრაუნინგი იყო, მაგრამ მისი შედეგიანობა გუნდური გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბათუმი სერიაში 2:1 დაწინაურდა და ფინალამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს. ნახევარფინალის მომდევნო შეხვედრა კვლავ ზესტაფონში, 15 მაისს გაიმართება.

ორბი-თსუ 68:89

(11:36; 11;21; 24:12; 22:20)

ტყიბულში გამართული მატჩი კი, ცალმხრივი გამოდგა – თსუ-მ მასპინძელ ორბს შანსი არ დაუტოვა და 89:68 დაამარცხა. მოულოდნელი ამაში ის იყო, რომ თუკი ორბმა თბილისში შეძლო გამარჯვების მოპოვება, შინ თამაშისას შანსები კიდევ უფრო მეტი ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველ პერიოდში გადაწყდა, რომელიც სტუდენტებმა 25-ქულიანი სხვაობით (36:11) მოიგეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ამაზე არ გაჩერებულა, აგრესიული შეტევა მეორე მეოთხედშიც გააგრძელა და დიდ შესვენებაზე 35-ქულიანი ლიდერობით გავიდა, ასეთმა სტარტმა შეხვედრას ყოველგვარი სპორტული ინტრიგა დაუკარგა.

მატჩის მეორე ნახევარი ფორმალობად იქცა. მართალია, მესამე პერიოდში ორბმა მობილიზება შეძლო და მონაკვეთი 24:12 მოიგო, მაგრამ საერთო სურათისთვის არაფერი შეუცვლია. თსუ-მ მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე და ნახევარფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა. თუ სტუდენტები ტყიბულში 15 მაისს დაგეგმილ მეოთხე შეხვედრასაც მოიგებენ, ისინი სუპერლიგის ფინალის საგზურს გაიფორმებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი