
სუპერლიგის მერვე ტური ლიდერებისთვის უიღბლოდ დაიწყო. ჯერ მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა და სამივე ლიდერმა – ქუთაისმა, თსუ-მ და მათ კვალში მყოფმა ვსა-მ წააგეს.
ქუთაისელები თბილისი არენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან 89:100 დამარცხდნენ. რიონისპირელებს ჰქონდათ თამაშის გადარჩენის შანსი, როცა პირველი ტაიმის ცხრა ქულით წაგების შემდეგ ლიდერობა მოიპოვეს. თუმცა, ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა უკეთესი ხასიათი გამოავლინა, გუნდური დაცვითი თამაშისა და შეტევაში ზუსტი თამაშის წყალობით იმდენი მოახერხა, რომ ბოლო პერიოდში მეტოქეს 12 ქულით გაექცა და თამაშის ბოლო წუთებს აზრი დაუკარგა.
კსუ-ში 20 ქულით საუკეთესო იყო ლუკა მაზიაშვილი; ქუთაისელთაგან 27 ქულით ტაირი ბოიკინი გამოირჩა, მაგრამ გუნდს ამით ვერაფერი არგო.
ქუთაისმა მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა და პოტენციური ლიდერი ერთი წაგების მქონე თსუ გახდა, რომელსაც ქუთაისელთა მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ბათუმში შეხვედრა ელოდა. დაძაბულ, ურთულეს ბრძოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა შეხვედრა 74:77 დათმო და ერთპიროვნულად ვერ გალიდერდა.
აქაც თითქმის იგივე სცენარი გათამაშდა, რაც კსუ-ქუთაისის მატჩში. თავდაპირველად თსუ გვარიანად ჩამორჩა. 10 ქულაზე მეტით აგებდა, მაგრამ მოახერხა და მესამე პერიოდში წინაც გავიდა. ზღვისპირელები არ გატყდნენ და ბოლო პერიოდში, ბოლო წამებზე გამარჯვება მოიპოვეს. ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო წუთზე საკვანძო აღმოჩნდა თსუ-ელი მალკოლმ დრამრაიტის შეცდომა, როცა ბოლო წამებზე, როცა თსუ ქულით აგებდა, ამერიკელმა ლეგიონერმა შეტევაში ბურთი დაკარგა.
საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე მაირინ ტომასმა საჯარიმოებით 77:74 დააწინაურა ბათუმი და თსუ-ს გასათანაბრებლად დრო დარჩა, მაგრამ ალექსანდრე ფევაძემ სამქულიანი ააცილა. თუმცა ბურთი აუტში ბათუმელთაგან გადავიდა და თბილისელებს გასათანაბრებლად 1.4 წამი დარჩათ. ამჯერად სამქულიანი მიხეილ ბერიშვილმა ესროლა, რომელიც არ ჩავარდა და ბათუმმა ურთულესი გამარჯვება მოიპოვა.
დაბოლოს ვსა-ს მარცხი, რომელიც წინა ტურამდე თსუ-სა და ქუთაისთან ერთად ლიდერი იყო, მაგრამ ტყიბულში ორბთან ქულით დამარცხდა და ლიდერთა კვალში აღმოჩნდა. ვსა რუსთავს მასპინძლობდა და რომ მოეგო, დაკარგული ქულებით თსუ-სა და ქუთაისს ეწეოდა, მაგრამ ვერ მოახერხა.
თამაში რუსთაველთა უპირატესობით როგორც დაიწყო, ისე დასრულდა. ფავორიტად შერაცხულმა ვსა-მ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 75:96.
რუსთავისთვის ეს გახლდათ სეზონის მესამე გამარჯვება, ხოლო ვსა-სთვის მესამე მარცხი.
მერვე ტური დღეს დასრულდება: გურჯაანში დელტა გორის ივერიონს მიიღებს, ხოლო ზესტაფონში მარგვეთი ტყიბულის ორბს უმასპინძლებს.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 23 საათის agoმესი ბომბარდირია, სამი გუნდი ფლეი ოფში
გააზიარეთ2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ სამი ფლეი ოფის მონაწილე გაირკვა. ერთი J ჯგუფიდან გავიდა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 2 დღის agoსაქართველოს რიდი შეუერთდა და ლიდერებს ელის
გააზიარეთსაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაიწყო და იურმალაში პირველი ვარჯიშიც გამართა. პროცესში ყველა იმ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 2 დღის agoგია ხარაიშვილი ბარბაროსებში გამოიძახეს
გააზიარეთფრანგული ტოპ 14-ის რასინგ 92-ის ქართველი ბურჯი, 27 წლის გია ხარაიშვილი, ლეგენდარული სარაგბო კლუბის,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი