გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომი ჩელენჯ თასს მონპელიეთი იწყებს

გააზიარეთ

6 დეკემბერს შავი ლომი ჩელენჯ თასის წლევანდელ სეზონს იწყებს. პირველ მატჩში რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ფრანგული ტოპ 14-ის მონპელიეს ავჭალაზე უმასპინძლებენ.

შავი ლომი ჩელენჯ თასზე ზედიზედ მესამე წელია თამაშობს და აქამდე ერთი თამაშის მოგებას ყოველ წელს ახერხებდა. სადებიუტო სეზონში ქართულმა ფრენჩაიზმა უელსში ადგილობრივ სქარლეთს 23:7 სძლია, გასულ სეზონში კი, ჩვენმა გუნდმა ტოპ 14-ის ვანი 22:19 დაამარცხა.

მონპელიეს 1986 წელს ორი ადგილობრივი გუნდის გაერთიანებით დაარსდა, 2003 წელს საფრანგეთის მეორე დივიზიონი, პრო დე 2 მოიგო და მას შემდეგ ტოპ 14-ის ბინადარია.

გუნდის აღზევება 2007 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ის მუდმივად მიიჩნევა საჩემპიონო ფლეი ოფში გასვლის კანდიდატად. 2022 წელს მონპელიემ პირველად და ჯერჯერობით ერთადერთხელ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული. ოქროსთან ახლოს კიდევ ორჯერ იყო – 2011 და 2018 წლებში, მაგრამ ფინალში დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

მონპელიე ორჯერ გახდა ჩელენჯ თასის გამარჯვებული – 2016 და 2021 წლებში.

მონპელიეს ქართველებისთვის უცხო არ არის. ჩვენებურებს კლუბის აღზევებასა და წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვით. სხვადასხვა დროს ფრანგული გუნდის კვართით უთამაშიათ: სოსო ნიკოლაენკოს, გოდერძი შველიძეს, მამუკა მაგრაქველიძეს, მამუკა გორგოძეს, გიორგი ჟღენტს, გიორგი ჩხაიძეს, გაგი ბაზაძეს, დავით ქუბრიაშვილს, ლევან ჩილაჩავას, ლაშა ლომიძეს, შალვა მამუკაშვილს, კოტე მიქაუტაძეს, მიხეილ ნარიაშვილს, გელა აფრასიძეს, ლუკა აზარიაშვილს, გიორგი გოგოლაძეს, ვანო კარკაძეს და ლაშა მაჭარაშვილს. გუნდის ღირსებას ამჟამად იცავენ ქართველი ბურჯები – ლუკა ჯაფარიძე და ნიკა აბულაძე. ესპუარებში თამაშობენ ლუკა კოტორაშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია.

ტოპ 14-ის გასულ სეზონში მონპელიემ 26 მატჩიდან 12 მოიგო, 14 დათმო და 56 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში კი, 11 ტურის შემდეგ ხუთი მოგება, ამდენივე მარცხი და ერთი ფრე აქვს და მეშვიდე ადგილზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად რაგბი