გამოგვიწერეთ

ნაკრები

წილისყრამ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონი გვარგუნა

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები B ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ითამაშებენ.

ეს ყველაფერი სიდნეის ოპერაში გაირკვა, სადაც დღეს წილისყრა გაიმართა და ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა.

მსოფლიო თასი სწორედ ავსტრალიაში გაიმართება, 1 ოქტომბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება. წელს ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდება და მასში 24 გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას.

24 ქვეყანა ექვს ოთხგუნდა ჯგუფში არის გადანაწილებული. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მერვედფინალში გადის.

წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ჰონკონგი;

B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო, რუმინეთი;

C ჯგუფი: არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა;

D ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, ურუგვაი, პორტუგალია;

E ჯგუფი: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, სამოა;

F ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ტონგა, ზიმბაბვე;

საქართველოს იტალიასთან მსოფლიო თასზე აქამდე არასდროს უთამაშია, ოთხგზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასა და რუმინეთს კი თითოჯერ შეხვედრია.

სამხრეთ აფრიკას ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, 2003 წელს ავსტრალიაში შევერკინეთ და ტურნირზე პირველი ლელო გავიტანეთ, თამაში კი მეტოქემ 46:19 მოიგო; რუმინეთს 2011 წლის ახალი ზელანდიის მსოფლიო თასზე შევხვდით და 25:9 დავამარცხეთ.

ბორჯღალოსნებმა პირველად მსოფლიო თასზე 2003 წელს ითამაშეს, მას მერე არ გამოუტოვებიათ და 2027 წელს ზედიზედ მეშვიდედ იასპარეზებენ. აქამდე, მსოფლიო თასზე ჩატარებულ 24 მატჩში ქართველ მორაგბეებს 5 მოგება, 1 ფრე და 18 წაგება მოუგროვდა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები