ბასკონიას და საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა კამარ ბალდვინმა ხელის ტრავმა მოირჩინა, რომლის გამოც ორი თვე გაუცდა.
ტრავმიდან დაბრუნებულ ბალდვინთან ესპანურმა გამოცემამ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც კამარმა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა:
ტრავმიდან დაბრუნებაზე: “თავს კარგად ვგრძნობ. პროცესი გრძელი და რთული იყო, მაგრამ მწვრთნელთან, სტაფთან და სამედიცინო გუნდთან ერთად დადებითი ენერგიის შენარჩუნება შევძელი და ეს ძალიან დამეხმარა.”
ხელის სრულად მოშუშებაზე: “ტრავმა 100%-ით მოვირჩინე, თუმცა დამცავი მაინც მიკეთია, რაც დაბრუნებაში უფრო მეხმარება და თავდაჯერებულს მხდის.”
ბარსასთან დაბრუნებაზე: “ბარსელონასთან თამაშში თავს კარგად ვგრძნობდი. მხოლოდ პირველი 5 წუთი გამიჭირდა, სუნთქვა ამერია, რიტმს ვერ ავყევი, თუმცა მალევე ესეც მოგვარდა, ნელ-ნელა ყველაფერს აღვიდგენ.”
ნატურალურ პოზიციაზე: “ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, ვფიქრობ, ნომინალურად ორი ნომერი უფრო ვარ, ვიდრე გამთამაშებელი. ჩემი კარიერის დიდი ნაწილი ორ ნომერზე ვთამაშობდი, მაგრამ შემიძლია ბურთის განაწილებაც და გუნდელებისთვის კარგი სასროლი სიტუაციების შექმნაც.”
ბასკონიაში მომავალზე: “მე კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მაქვს და თუ გუნდი საჭიროდ ჩათვლის, რომ დავრჩე, სიამოვნებით დავრჩები. საუკეთესო სეზონი ნამდვილად არ მქონია, თუმცა სისტემას უკეთ მოვერგები და უფრო პროდუქტიული გავხდები.”
საქართველოს ნაკრებზე: “საქართველოს ნაკრებში ბედნიერი ვარ, გუნდთან ერთად შეკრებებზე სიამოვნებას ვიღებ და მოხარული ვარ, რომ ევრობასკეტზეც გავედით. დანიასთან ვერ ვითამაშე, მაგრამ ჩემმა გუნდელებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს.”
ბასკონიაში პირველ სეზონზე: “პირველი წელი სწავლის პერიოდი იყო, ვცდილობდი, გუნდში ჩემი თავი მომეძებნა. ნამდვილად მქონდა კარგი და ცუდი მომენტები, რაც ძირითადად ტრავმებმა და ადაპტაციამ განაპირობა. ჩემი საუკეთესო კალათბურთი ჯერ არ მითამაშია და ამის გამო ოდნავ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ყველაფერს პოზიტიურად ვუდგები.”