
2025 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა ქართული ქალთა რაგბისთვის. ეროვნული გუნდი ისტორიაში პირველად აპრილში შეიკრიბა და ქუთაისში ყაზახ გოგონებთან ორი ამხანაგური თამაში გამართა, ნოემბერში კი რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში რუმინეთს სტუმრად დაუპირისპირდა და 43:0 დაამარცხა.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი მაისურაძის ინტერვიუ რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„რუმინეთთან ჩვენი პირველი ოფიციალური თამაში იყო, მეტოქეზე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა და ასეთ შედეგსაც არ ველოდით. სასიხარულოა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში დომინანტები ვიყავით, მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ და დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. მხოლოდ პირველი 15-20 წუთი გაგვიჭირდა, გოგონები ნერვიულობდნენ და ცოტა არეულები ვიყავით, მერე კი დავლაგდით და ზედმეტი პრობლემების გარეშე გავიმარჯვეთ“.
რუმინეთიდან დაბრუნების შემდეგ გოგონები მზადებას განაგრძობენ და შევარდენის სანაკრებო ბაზაზე კვირაში სამჯერ ვარჯიშობენ. დიდი სხვაობით მოგების მიუხედავად, მაისურაძე მიიჩნევს, რომ სასწავლი ჯერ კიდევ ბევრია:
„გოგონებისთვის 15-ქალა ახალი სპორტია და ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. სიახლეებს ზოგი ადვილად უღებს ალღოს, ზოგს ცოტა უჭირს, თუმცა განვითარება გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეთა დიდი არჩევანი არ გვაქვს, ვფიქრობ ამ ეტაპზე (კონფერენც დივიზიონში) ყველა მეტოქეს მარტივად უნდა გავუმკლავდეთ და იმედია, უახლოეს მომავალში რაგბი ევროპის ალაფაზე დავწინაურდებით…
ვაგრძელებთ ვარჯიშს და ვცდილობთ იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც რუმინეთთან თამაშმა დაგვანახა. იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში ვგეგმავთ სპარინგ-მატჩებს 18 წლამდე აკადემიის ბიჭებთან. მათ რუმინეთთან შეხვედრამდეც ვეთამაშეთ და ფაქტია, ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ“.
როგორც ირკვევა, ამჟამად მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს, რათა 2026 წლის თებერვალ-მარტში გოგონებმა კიდევ ორი თამაში გამართონ. შეთანხმება თითქმის მიღწეულია, მაგრამ გარკვეული დეტალებია დასაზუსტებელი.
„რუმინეთთან თამაშის შემდეგ გერმანია დაგვიკავშირდა და ჩვენთან თამაშის სურვილი გამოთქვა. გერმანელები რაგბი ევროპის ალაფაზე თამაშობენ და მათთან გაჯიბრება ჩვენთვისაც საინტერესო იქნებოდა, რათა გვენახა რა დონეზე ვართ. თუმცა, უარის თქმა მოგვიწია. სწორედ იმიტომ, რომ გერმანია ალაფის ბინადარია და ოფიციალურ შეხვედრად არ ჩაითვლებოდა. რაგბი ევროპა ითხოვს, რომ ამ ეტაპზე კონფერენც დივიზიონში დარეგისტრირებულ გუნდებს შევხვდეთ და ჩვენც გეგმების შეცვლა მოგვიწია…
ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს ხორვატიასთან, ჩეხეთთან და ანდორასთან და დიდი ალბათობით თებერვალ-მარტში ორი თამაში გვექნება. ჩვენი სურვილია, რომ ერთი შეხვედრა საქართველოში ჩავატაროთ, მაგრამ ამაზე თავს მეტოქეები იკავებენ. სავარაუდოდ, თამაშები კვლავ სტუმრად მოგვიწევს. ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას და ვიმედოვნებთ, რომ 2027 წლიდან მაინც ალაფაზე დავწინაურდებით…
კონფერენც დივიზიონისგან განსხვავებით ალაფა უკეთაა დაორგანიზებული და ყველა გუნდი ვალდებულია, რომ მეტოქესთან შინაც ითამაშოს და სტუმრადაც. ამჟამად ალაფას გერმანია, ფინეთი და შვედეთი თამაშობენ და კარგი იქნება მათ ჩვენც თუ შევუერთდებით. ერთია, გარკვეული პირობები გვაქვს დასაკმაყოფილებელი. უნდა დავამტკიცოთ, რომ წელიწადში 2-3 თამაშის გამართვა შეგვიძლია. ასევე ერთ-ერთი მოთხოვნაა შიდა ჩემპიონატის ჩატარება…
ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ სამგუნდიანი ჩემპიონატი თებერვალ-მარტში. ესენი იქნებიან თბილისის ლოკომოტივი, ქუთაისის აია და ნაკრების ბაზაზე შექმნილი გუნდი. მწირი რესურსიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ჩემპიონატი 10-კაცა რაგბიში ჩატარდება. ვიმედოვნებთ, რომ მოთამაშეთა რაოდენობა გაიზრდება და მალევე შევძლებთ 15-ქალაზე გადართვას. ამის იმედს საფესტივალო ასაკში გოგონათა სიმრავლე იძლევა. გადაწყვეტილება იმის შესახებ, დავწინაურდებით თუ არა ალაფაზე, რაგბი ევროპამ მაისში უნდა მიიღოს და გვსურს ამ დროისთვის მოთხოვნების დიდი ნაწილი დაკმაყოფილებული გვქონდეს“.
იხილე მეტი
-
ჭადრაკი
/ 30 წუთი agoპირველი დღე ორ-ორი ლიდერით
გააზიარეთთბილისის ბილტმორში დაიწყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი როგორც ვაჟთა, ასევე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 2 საათის agoგოჩოლეიშვილს სამი წუთი დაუთმეს
გააზიარეთგერმანიის ბუნცდესლიგაში ქართველი ფეხბურთელების გუნდებიდან დღეს მხოლოდ გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგმა ითამაშა. ჩრდილოელები შინ ფრანკფურტის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 2 საათის agoლუკა ლოჩოშვილი: მიყვარს შეტევაში ჩართვა
გააზიარეთგერმანიის ჩემპიონობით ნიურნბერგი მეორე ადგილზეა და მხოლოდ მიუნხენის ბაიერნს ჩამორჩება. თუმცა, ამ კლუბს ხშირად...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი