
მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას ინტერვიუ გამოცემა Basketball Sphere-ზე გამოქვეყნდა.
„ქართველი სამურაი“ – თორნიკე შენგელია ევროპაში საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. კალათბურთელი, რომელიც ყოველთვის ეროვნული გუნდის ინტერესებს იცავს. მაშინაც კი, როდესაც ეს თითქმის შეუძლებელი ჩანდა, მან იპოვა გზები, რომ საქართველოს ნაკრების გვერდით ყოფილიყო და ეს ერთგულება არასდროს შეცვლილა.
ჩვენთან საუბარში მან დაადასტურა, რომ გაიზარდა თავმდაბლობის ღირებულებებით და ოჯახურ გარემოში, რაც მოგვიანებით კალათბურთის გზაზე გამოიყენა.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გუნდში დებიუტი ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში ჰქონდა, შენგელია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ საქართველოს 2011 წლიდან არც ერთი ევრობასკეტი არ გამოუტოვებია. მისი მებრძოლი სული, პროფესიულ კონტრაქტებში უნიკალური პუნქტი, ერთადერთი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოშია და ეს საშუალებას აძლევს, საკუთარი რისკის ფასად საქართველოს დაეხმაროს“, – წერია ვებგვერდზე, რის შემდეგ იწყება ინტერვიუ…
_ ყველა გუნდში სპეციალური კონტრაქტის პუნქტი გაქვთ, რომელიც გარემოებეის მიუხედავად საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ საქართველოს ნაკრებში. ცხადია, ეს ხშირად თქვენივე ხარჯებითა და რისკით ხდებოდა. წარსულში ეს მხოლოდ რამდენიმე დიდებულმა ვარსკვლავმა შეძლო: დირკ ნოვიცკი, ტონი პარკერი, პაუ გასოლი… ახლახან ლუკა დონჩიჩი და ბოგდან ბოგდანოვიჩი. თქვენ ყოველთვის მზად იყავით თქვენი ქვეყნისთვის. შეგიძლიათ მეტი გვიამბოთ ამის შესახებ, არა თვითრეკლამირებისთვის, რადგან თქვენი სახელი უკვე წლებია ევროპული კალათბურთის სათავეშია, არამედ იმისთვის, რომ ხალხმა უკეთ გაიგოს თქვენი ღირებულებები, შეხედულებები და ნაკრებისადმი გრძნობა?
_ ეს ფანტასტიკური კითხვაა. ჩემი პროფესიული კარიერის დასაწყისიდანვე ყოველთვის ვიცოდი ერთი რამ – თუ ჩემი ქვეყანა დამიძახებს, იქ ვიქნები. სწორედ ამიტომ, როდესაც კონტრაქტს ვაფორმებდი, ყოველთვის ვუსვამდი ხაზს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში მინდოდა. ბავშვობიდანვე ტრიბუნებიდან ვუყურებდი საქართველოს თამაშებს და ყოველთვის წარმოვიდგენდი, როგორ ვიყავი მოედანზე ამ გუნდის მაისურით.
იმ დროს ინტერნეტი არ იყო განვითარებული, ყველაფერზე წვდომა არ გვქონდ. მე ნაკრებში გავიზარდე. ეს ჩემი პირველი სიყვარული იყო და როცა ეროვნულ გუნდში თამაშის შანსი მეძლევა, ჩემში ისევ ის ბავშვი იღვიძებს. ყველა შესაძლებლობას, რომელიც ჩემს წინაშე ჩნდება, ვიყენებ, რომ იქ ვიყო. ჩემი სიყვარული, რწმენა და ღირებულებები ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო საქართველოსთან.
_ 2023 წლის FIBA-ს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ფანჯარის დროს ოთხ დღეში სამი მატჩი ითამაშეთ და თითოეულ მათგანში საუკეთესოთა შორის იყავით. ბოლო თამაში ისლანდიასთან იყო, რომელიც მხოლოდ სამი ქულით წააგეთ, მაგრამ საქართველო მსოფლიო თასზე მაინც გავიდა. ბევრი ადამიანი აღფრთოვანებული იყო თქვენი სულისკვეთებით. იმის დასტურად, რომ რთული არაფერია, შეგიძლიათ აგვიხსნათ როგორი იყო თვითმფრინავიდან თვითმფრინავში ხტომა, გასახდელების შეცვლა, რამდენიმე ქვეყანაში თამაში სულ რაღაც სამ დღეში და როგორ განიცადეთ პირადად ეს ყველაფერი?
_ არ მოგატყუებთ, რომ ეს იყო გიჟური გამოცდილება, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გიჟური. როგორც თქვით, თვითმფრინავიდან თვითმფრინავში გადავდიოდი, გასახდელებს და თანაგუნდელებს ვიცვლიდი, მაგრამ საბოლოოდ თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გასულიყო. ჩემი ორი უდიდესი ოცნებიდან ერთ-ერთი – მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე საქართველოსთან ერთად თამაში, ამ გზით ავისრულე. მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო.
ერთ რამეს ვაღიარებ: ამ 72 საათის განმავლობაში იმდენად კონცენტრირებული ვიყავი თამაშეზე, რომ არც მიფიქრია იმაზე, თუ რას ვაკეთებდი. როგორც კი იმაზე ფიქრს დაიწყებ, თუ რამდენად გიჟურია ეს, სწორედ მაშინ რთულდება ყველაფერი. იმ მომენტში ვერც კი ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი და ვცდილობდი ამ საკითხზე საერთოდ არ მეფიქრა. ამ ამბავს კიდევ უფრო ამაღელვებელს ის ხდის, რომ ბოლო ორ თამაშამდე არ მეძინა – არც ბასკონიასთან თამაშის წინა ღამეს და არც ისლანდიასთან თამაშის წინ. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ეს სიამაყის, აღელვებისა და ადრენალინის კომბინაცია იყო..
ისლანდიასთან თამაში საქართველოსთვის ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, ასე დაღლილი არასდროს ვყოფილვარ. ამ თამაშმა გადაწყვიტა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა და საბოლოოდ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს და ღმერთის მადლობელი ვარ, რადგან მან მომცა ეს შესაძლებლობა. სამი თამაში ოთხ დღეში თითქოს შეუძლებელი ჩანდა. დავურეკე საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და ისინი დამეხმარნენ ჩარტერული რეისების ორგანიზებაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულით მადლობა გადავუხადო მათ – ნამდვილად, დიდი მადლობა!
საბოლოოდ, ამან გაამართლა და ნამდვილად ვამაყობ, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. როდესაც რაღაც ძალიან გინდა, შეუძლებელი არაფერია. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისლანდიასთან სამი ქულით წავაგეთ, მათ რომ კიდევ ერთი ქულა მოეპოვებინათ, ვერ მოვახერხებდით. სხვაობა იმდენად მცირე იყო, მაგრამ ჩემი რწმენა იყო იმდენად ძლიერი, რომ საპირისპიროში ვერავინ დამარწმუნა.
_ წელს ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდით. შეიძლება ითქვას, იღბალი თქვენს მხარეს არ იყო, მაგრამ ეს სპორტია. კვიპროსის გარდა, ყველა ძლიერია და იბრძოლებს ფლეი ოფში გასასვლელი ოთხი ადგილისთვის. თქვენი ყველაზე დიდი წარმატება 2015 წელს იყო, როდესაც მერვედფინალში გააღწიეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2011 წელს თქვენი დებიუტის შემდეგ, საქართველო არასდროს გამოტოვებია ევრობასკეტი. თქვენ და გიორგი შერმადინმა ამ წლების განმავლობაში პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი აიღეთ.
_ ჩვენთვის მთავარი პრიზი მერვედფინალში გასვლა ანუ რიგაში გამგზავრება იქნება. ყველა ამისთვის იბრძოლებს. ფრენა ჩვენთვის პრობლემა არაა. ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუკი კვიპროსიდან რიგაში მიმავალ თვითმფრინავში აღმოვჩნდებით. ის, რომ ხშირად აუტსაიდერის რანგში თამაში გვიწევს, ჩვენთვის ახალი ნამდვილად არაა. ევრობასკეტზე თითქმის სულ ასეა, თუმცა, ამას ჩვენს ამბიციებზე არასდროს უმოქმედია.
მინდა გითხრათ, რომ ყველასთან ვიბრძოლებთ. სრულიად გეთანხმებით, რომ ჩვენი ჯგუფი ძალიან ძლიერია, მაგრამ ევრობასკეტის ხიბლიც ესაა. შეიძლება ყველასთან წავაგოთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ნებისმიერთან გამარჯვება შეგვიძლია. ნამდვილად არ მგონია, რომ მეტოქეები ჩვენთან გარანტირებულ მოგებას დაგეგმავენ. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რიგის საგზური მოვიპოვოთ.
_ NBA-ში თქვენი სტატისტიკა ასეთია – 45 თამაში შეზღუდული დროით. ბევრი ევროპელი კალათბურთელისგან მომისმენია, რომ NBA-ში თამაშის შემდეგ ისინი გარკვეულწილად იმედგაცრუებულებიც კი დაბრუნდნენ. როგორ იმოქმედა ამ პერიოდმა პირადად თქვენზე?
_ დიახ, იყო დრო, როცა თავს უსამართლო სიტუაციაში ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე. G-ლიგაში გამგზავნეს და თამაშები 40 ქულითა და სამმაგი დუბლით მქონდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა და ჩემი სათამაშო დრო შეზღუდული დარჩა. როდესაც კონკურენტი ხარ, მზად ხარ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთო შანსის მოსაპოვებლად. შემდეგ აღმოაჩენ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ შანსი მაინც არ მოდის.
თუმცა, წლების განმავლობაში მწიფდები და ხვდები, რომ ასეთ სიტუაციაში არც პირველი და არც უკანასკნელი ხარ. NBA მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა და ეს გამოცდილება პრივილეგიად აღვიქვი, რადგან ყველა ამ რთულმა მომენტმა ჩამომაყალიბა იმად, ვინც დღეს ვარ. კიდევ ერთი რამ, რისთვისაც მადლიერი ვარ, არის ყველა ის ადამიანი, ვინც გზად გავიცანი. დიახ, რთული იყო, მაგრამ ცხოვრება მხოლოდ მზე და ცისარტყელა არ არის.
როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო? ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშე ვცხოვრობდი და შემდეგ კევინ გარნეტისა და დერონ უილიამსის გვერდით აღმოცნდი. ეს უდიდესი გამოცდილებაა. ჩემი ოცნება იყო NBA-ში მოხვედრა და ბევრჯერ მეგონა, რომ ჩემი ოცნების მოედნის გვერდით ვუყურებდი. რთული პერიოდი იყო, მაგრამ არაფერს ვნანობ. მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მქონდა.
_ საქართველოს ნაკრებში პირველად 2007 წელს ითამაშეთ. შევადაროთ 16 წლის ახალგაზრდა თორნიკე შენგელია იმ ვეტერან ლიდერს, რომელიც დღეს ხართ? რას ეტყოდით საკუთარი თავის ახალგაზრდა ვერსიას. წლების განმავლობაში პასუხისმგებლობა მხოლოდ გაიზარდა. ვინ იყვნენ თქვენი მენტორები და მისაბაძი მაგალითები – თანაგუნდელები თუ მწვრთნელები ან იქნებ სხვა ვინმე – რომლებმაც დაგეხმარნენ ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში?
_ პასუხისმგებლობა ადრეული ასაკიდან გამიჩნდა. პატარა ასაკიდანვე მივხვდი, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად. როდესაც შრომისმოყვარე ხარ, ეს ყოველთვის ანაზღაურებადია. ეს აზროვნება ძალიან ახალგაზრდა ასაკში განმივითარდა და ამან თავდაჯერებულობა გამიზარდა, რაც ყველაფერში, რაც მოგვიანებით მოხდა, უპირატესობად გამოვიყენე.
რას ვეტყოდი ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას? არ ვიცი… ვერ ვეტყოდი, რომ უფრო მეტად ემუშავა, რადგან ამას ყოველთვის ვაკეთებდი. იქნებ მოთმინება… რადგან ეს არის ის, რასაც ეროვნულ ნაკრებშიც და NBA-შიც ვაწყდებოდი. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მომთმენი ვყოფილიყავი და ეს არის ყველაზე ნაკლებად გასაგონი, რაც იმ მომენტში გინდა. მოთმინება უნდა შეინარჩუნო და მომენტს დაელოდო…
რაც შეეხება მენტორებს ან მისაბაძ მაგალითებს, მამაჩემით დავიწყებ. დედასთან ერთად, ის დიდი ლიდერია. ასევე, სადაც არ უნდა მეთამაშა, მყავდა შესანიშნავი თანაგუნდელები და ლიდერები, რომელთაგანაც ვისწავლე. თითოეულისგან სხვადასხვა რამ ვისწავლე და ზოგიერთი მათგანი ჩემს კარიერაში გამოვიყენე. რა თქმა უნდა, ის, რაც მომწონდა. თუმცა, რაც არ უნდა კარგი ლიდერი იყოს ადამიანი, აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა დააკოპირო. შენც უნდა გესმოდეს, რა არ გერგება, ამიტომ ვისწავლე, რა ავიღო და რა გამოვტოვო. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემს გარშემო იყო ამ წლების განმავლობაში.
_ კალათბურთის კარიერაში რაიმე აუხდენელი ოცნება დაგრჩათ? თუ არჩევანის გაკეთება მოგიწევდათ ევრობასკეტის მედლის მოგებასა და მომავალ სეზონში ევროლიგის თასის აღებას შორის, რომელს აირჩევდით?
ეს ძალიან რთული კითხვაა. რომელ მედალზე ვსაუბრობთ? ჩემი პასუხია ორივე. ისეთი საკლუბო ტურნირის მოგება, როგორიც ევროლიგაა, ყველა მოთამაშის ოცნებაა. ცხრა თვე შრომობ იქ მოსახვედრად და შემდეგ ფინალურ ოთხეულში ორი თამაში ყველაფერს წყვეტს. ევროლიგის მოგება ძალიან რთულია. მაგრამ იმ სიყვარულსა და კავშირს, რასაც საქართველოს ნაკრების მიმართ ვგრძნობ, ვერავინ წაშლის. რა თქმა უნდა, ორივეს მოგება მინდა, მაგრამ თუ ერთ-ერთის არჩევა მომიწევს, ჩემი ქვეყანა ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შენგელიას ორკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი გაუცდა. თუმცა, უკვე კვიპროსშია და გუშინ ეროვნულ გუნდთან ერთად ივარჯიშა. ესპანური მედია კი წერს, რომ თოკომ პირველი მატჩი აუცილებლად უნდა გამოტოვოს. ასევე საეჭვოა – მეორეც… თუმცა, შენგელიას მათი აზრი არ აინტერესებს და სათამაშოდ ემზადება…
იხილე მეტი
-
ტანვარჯიში
/ 4 საათის agoსაბა აბესაძე მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედალოსანია
გააზიარეთტაშკენტში გამართულ სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების დელეგაცია ერთი მედლით დაბრუნდა. საბა აბესაძემ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ფარიკაობა
/ 7 საათის agoბაზაძის ბრინჯაო მსოფლიო თასზე
გააზიარეთქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ წელს მეორე საერთაშორისო მედალი აიღო. ჩვენებურმა კაიროს მსოფლიო თასი ბრინჯაოს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 9 საათის agoბათუმმა სერია გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მიიღო
გააზიარეთსუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩი ბათუმმა დამაჯერებლად მოუგო თსუ-ს, სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი