გამოგვიწერეთ

ნაკრები

იმ დღიდან, ზუსტად ორი წელი გავიდა…

გააზიარეთ

2024 წლის 26 მარტია. რომელი საათია ვერ გეტყვით. ან ვის სცალია საათზე დასახედად, ყველა ბურთს უყურებს, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის 11-მეტრიან ნიშნულზე დევს. სტიუარდებმაც კი დაივიწყეს საკუთარი მოვალეობა და მოედნისკენ შეტრიალდნენ. პრეს-ლოჟაში და მის ირგვლივ (ალბათ სხვა ადგილებზეც) ყველანი ფეხზე ვდგავართ. მხოლოდ კობა ინასარიძე დგას ზურგშექცევით და მეუბნება – მე, ამას ვერ ვუყურებ…

ბურთისკენ ნიკა კვეკვესკირი დაიძრა და… წამში სტადიონმა იხუვლა. კობა გამაყრუებელ ხმაურზე ხვდება, რომ ნანატრი ოცნება ახდა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა…

სანამ სიხარულით გაგიჟებულები ერთმანეთს ვულოცავთ, „დინამოს“ სტადიონის მინდორი უკვე ხალხით არის სავსე. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ალყაში არიან. ვიღაც კარის ბადეს ჭრის, ვიღაც ბალახს ეპოტინება, ვიღაც კუთხურის ალამს თხრის, რათა სახლში რელიქვიად წაიღონ…

გულშემატკივარმა სტადიონიდან თბილისის ქუჩებში გადაინაცვლა. მათ ისინიც შეურთდნენ, ვინც საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ვერ იშოვა და ეროვნული გუნდის წარმატებას თვალი ტელევიზორში ადევნა. თბილისში საცობი ვის უკვირს, მაგრამ ფეხით მოსიარულეთა საცობი, რაღაც ახალია…

რა მნიშვნელობა აქვს გვერდით მდგომს იცნობ თუ არა. ყველა ერთია, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, ორიენტაციისა… ყველა ერთმანეთს ეხუტება, ულოცავს, ზეიმობს. ზუსტად ისე, როგორც 1981 წლის 13 მაისს. თუმცა, თბილისის დინამოს მოგებული თასების მფლობელთა თასი იმდენად შორს იყო, რომ უმეტესობა დაბადებულიც არ იქნებოდა. სამაგიეროდ, 2024 წლის 26 მარტი არ დაავიწყდებათ…

ბუდუ რესპუბლიკის მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე „აჯაზებს“. ვინც იქ ვერ მოხვდა – თბილისის კაფე-ბარ-რესტორნებში…

სამ თვეში ზეიმი გერმანიაში გაგრძელდა… ძირითადად, დორტმუნდის, ჰამბურგის, გელზერკირხენისა და კიოლნის ქუჩებსა და სტადიონებზე… თუმცა, არც სხვა ქალაქებს დაკლებია გულშემატკივართა ყიჟინა – სა-ქარ-თვე-ლო…

ფეხბურთმა და ნაკრებმა ქართველი ხალხი გააერთიანა…

იმ დღიდან, ზუსტად ორი წელი გავიდა…

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები