დღეს გამთენიისას, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველის გუნდმა და ორივემ მოიგო. ამასთან, ორივემ ბოლო წამზე და ორივემ თითო ქულით.
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო შარლოტს ესტუმრა და მეტოქე საფინალო სირენასთან ნასროლი სამქულიანით 97:96 დაამარცხა.
მატჩის დიდი ნაწილი მასპინძლები ლიდერობდნენ, 20 წამით ადრე კი, ორ ქულას იგებდნენ, მაგრამ ანგარიში არჯეი ბარეტმა გაათანაბრა. თითქოს თამაში ოვერტაიმში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ დარჩენილ დროში შედეგიანი შეტევა ორივე გუნდმა მოასწრო: ლამელო ბოლმა ორი წამით ადრე ჰორნეტსი კვლავ დააწინაურა. თუმცა, დარჩენილ დროში რაპტორსმა სამქულიანის სროლა მოასწრო – გვერდითი ხაზიდან ბურთი მამუმ ბურთი იმანუელ ქვიქლს გადააწოდა, ვისი ნასროლი შორეული სამქულიანი ზუსტი აღმოჩნდა და კანადელებს მოაგებინა.
სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 24:45 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მამუმ ოთხჯერ ისროლა ორქულიანიც და სამქულიანიც და 2-2 ჩააგდო. მისი მოედანზე ყოფნისას კი გუნდმა 10 ქულით მეტი ჩააგდო, რაც ტორონტოელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ტორონტო 23 მოგებითა და 15 მარცხით კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო შემდეგ მატჩს, 10 იანვარს, ბოსტონში ითამაშებს.
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი ბრუკლინ ნეტს ესტუმრა და მეტოქე ოვერტაიმში, 104:103 დაამარცხა.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ფლორიდელებმა მესამე მეოთხედში 18-ქულიანი უპირატესობა მიიღეს, მაგრამ დასკვნით მეოთხედში გაანიავეს და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. იქ კი, პაოლო ბანკერომ ბოლო წამზე ზუსტი სამქულიანი ისროლა და ორლანდოს გამარჯვება მოუტანა.
ბითაძემ პარკეტზე 13:32 წუთი დაჰყო და გუნდს 6 ქულით, 10 მოხსნით (8 შეტევაში) 1 პასითა და 3 ჩაჭრით შეეწია. ჩვენებურმა ხუთჯერ შეუტია კალათს და სამი ზუსტი აღმოჩნდა. ჩვენებურმა ორი სროლა საჯარიმო ხაზიდანაც გააფუჭა. ბითაძის მოედანზე ყოფნისას ორლანდომ მეტოქეზე ხუთი ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში მეორე მაჩვენებელი იყო.
როლანდოს 21 მოგების წილ 17 მარცხი აქვს და კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე არიან. ფლორიდელები შემდეგ მატჩში, 10 იანვარს, ფილადელფიას გაეჯიბრებიან.