ქართველები ზედმეტად ამბიციური ხალხი ვართ და ეს ამბიციები ხშირად ილუზიებში გადაგვდის. ბევრი გულშემატკივრისგან და მათ შორის ჟურნალისტებისგან იყო მოლოდინი რომ საქართველოს ირლანდიისთვის უნდა მოეგო. იბადება კითხვა, რატომ უნდა მოუგოს საქართველომ ირლანდიას? გასაგებია, რომ ირლანდიის ნაკრები არ იყო თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოსული, მაგრამ ამ გუნდის ბირთვი წარმოადგენდა -ლენსტერის, მანსტერის შემადგენლობას და ესენი როგორი კლუბები არიან ბევრი საუბარი არ სჭირდება. ორივე კლუბი თამაშობს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატს (URC) მაშინ, როდესაც საქართველოს ძირითადი ბირთვი (70 %) შავი ლომის მორაგბეა და წელიწადში მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩი უწევთ ჩელენჯ თასზე. პრიფესიონალი მორაგბე, რომელიც წელიწადში მხოლოდ 4 მატჩს თამაშობს, როგორ შეიძლება გაიზარდოს და ასეთი დონის ნაკრებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს? მაშინ, როდესაც შიდა საკლუბო ჩემპიონატში გუნდები თამაშებზე ვერ გამოდიან, ჭაბუკთა ლიგებში სამატჩო განაცხადებს ვერ ავსებენ მორაგბეთა ნაკლებობის გამო, ვითხოვთ ირლანდიასთან მოგებას?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ჭაბუკთა ლიგები პრაქტიკულად არ გვაქვს. ა და ბ ლიგებში მხოლოდ ორი კონკურენტუნარიანი გუნდია. 17-18 წლის ბავშვებს ნაცვლად განვითარებისა პირდაპირ უმაღლეს დივიზიონში ვათამაშებთ. მოკლედ, პრობლემა გაცილებით სისტემურია, ვიდრე ეს ბევრს გონია. თუ ირლანდიას 300-400 მორაგბიდან უწევს სანაკრებოდ მორაგბის შერჩევა, ჩვენ რამდენიმე პოზიციაზე შემცვლელიც არ გვყავს.
ამით არანაირად არ ვამართლებ იმ ცუდ მატჩს რაც საქართველოს ნაკრებმა გუშინ ჩაატარა. არ შეიძლება საკუთარი დერეფნის ამდენჯერ წაგება და ის უაზრო შეცდომები რაც დავუშვით, შერკინებაშიც ვერ ვიყავით დამაჯერებლები, ბურთით ორი-სამი ფაზა ვერ გადავაბით, მაგრამ კარგად გავაცნობიეროთ პრობლემის სიღრმისეული არსი და ისიც ვისთან რას ვითხივთ.