გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველო და ფინეთი ისტორიის გადასაწერად ემზადებიან

გააზიარეთ

დღეს კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალური სერია იწყება. პირველები პარკეტზე თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებები გავლენ, ხოლო შემდეგ ერთმანეთს ლიეტუვისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან. ჩვენთვის საინტერესო ამბავი მაინც ხვალ მოხდება: საქართველო ფინეთს ეთამაშება, ხოლო გერმანია – სლოვენიას.

არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ FIBA-მ ამ წყვილებიდან საქართველო-ფინეთის ჯახი განსაკუთრებით გამოარჩია. რატომაც არა – ამ წყვილში გამარჯვებული ევროპირველობის საუკეთესო ოთხეულში პირველად მოხვდება.

FIBA-ს ვებგვერდზე ისიც წერია, რომ ამ მატჩის შესახებ საქართველოშიც და ფინეთშიც ათწლეულების განმავლობაში ისაუბრებენ.

სკანდინავიელებს ევრობასკეტებზე საუკეთესო შედეგი შორეულ, 1967 წელს აქვთ დაფიქსირებული, როდესაც მე-6 ადგილი დაიკავეს, მეოთხედფინალში გასულ ევროპის ჩემპიონატზეც ყოფილან, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან 90:100 დამარცხდნენ. არადა, ფინელები 15 ქულასაც კი იგებდნენ, მაგრამ…

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ თამაშობს და ისტორიული შედეგი მხოლოდ წელს დააფიქსირა და რვა საუკეთესო ნაკრებში პირველად მოხვდა.

ორივე ნაკრებმა მიმდინარე ევრობასკეტზე ყველაზე ხმაურიანი შედეგები დააფიქსირეს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ჯგუფში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დასცა ბეჭებზე, ხოლო მერვედფინალში ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი.

მოულოდნელი და სენსაციური იყო ფინელების გამარჯვება მერვედფინალში სერბებზე. სვეტისლავ პეშიჩის ნაკრები, ვისი ლიდერიც ნიკოლა იოკიჩია, ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად ჟურნალისტების 73.1%-მა დაასახელა და მეორე ადგილზე გასულ გერმანიას (10%) დიდი უპირატესობით გაასწრო.

საქართველოსა და ფინეთს ერთმანეთში ცხრაჯერ უთამაშიათ: ჩვენებმა ხუთი მოიგეს, მეტოქემ – ოთხი. რაც შეეხება ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს, აქ ერთხელ, 2011 წელს ვითამაშეთ და წავაგეთ.

ფინელებს ვეთამაშეთ ამ ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე და ორივე მოვუგეთ: სტუმრად 93:90, თბილისში – 81:64. თუმცა, ორივე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უფრო ძლიერი შემადგენლობითაა.

ფინეთისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება 10 სექტემბერს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი