საქართველოს სუპერლიგის მეშვიდე ტური გაიმართა, რის შემდეგ ცხრილში სამხელისუფლებიანობაა.
გურჯაანში, ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა დელტამ ერთ-ერთ ლიდერ ქუთაისს უმასპინძლა და 65:84 დამარცხდა. ეს გურჯაანელთა მეშვიდე წაგებაა, ხოლო რიონისპირელებს ერთი მარცხი აქვთ.
ქუთაისმა მეტოქეზე 17-ით მეტი ბურთი მოხსნეს, რამაც დიდი გავლენა იქონია მატჩის შედეგზე. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მხოლოდ პირველი პერიოდი დათმო, ისიც სამი ქულით, რის შემდეგაც მატჩის სადავეებს დაეპატრონა და გამარჯვება არ გასჭირვებია.
ქუთაისელთა შორის საუკეთესო იყო დეტრიკ ბრაუნინგი – 22 ქულა, 6 პასი, 3 ჩაჭრა. ლუკა ალავიძემ 15 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე 11 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა.
ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა. ორივე გუნდს თითო წაგება ჰქონდათ, ახლა ასეთად ვსა დარჩა, რომელმაც იმერულ გუნდს 86:84 აჯობა.
გამარჯვებულებს დემარი კინგმა (24 ქულა, 8 პასი) და ანზორ ნადირაძემ (22 ქულა, 8 მოხსნა); მარგვეთში 23 ქულით საუკეთესო იყო სანდრო სანაძე.
ქუთაისისა და ვსა-ს მსგავსად ერთი წაგებით არის თსუ, რომელმაც მოგების გარეშე მყოფი რაში იოლად დაჩაგრა – 87:65.
რაში მხოლოდ პირველ ტაიმში გაუძალიანდა მეტოქეს, მეორეში კი გატყდა.
კავკასიამ ტყიბულის ორბი მიმდინარე ჩემპიონატის სარეკორდო სხვაობით დაამარცხა – 114:75. მიმდინარე სუპერლიგაში 39-ქულიანი სხვაობა მიმდინარე აქამდე არ დაფიქსირებულა.
ტური ბათუმში დასრულდა, სადაც სათამაშოდ რუსთავი ჩავიდა. ქვემო ქართლელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თამაშის მსვლელობისას კი მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ხომ გაუწიეს და რამდენჯერმე გადაასწრეს კიდეც. მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაძლეს და, საბოლოოდ ბათუმმა 102:93 მოიგო.
სუპერლიგის მორიგი, მერვე ტურის ხუთი მატჩი ხუთ ქალაქში – ქუთაისში, თბილისში, ტყიბულში, რუსთავსა და გორში გაიმართება.