გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სუპერლიგის ფინალში თსუ დაწინაურდა

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერია საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ დაიწყო.

თსუ-ბათუმი 82:76

(26:14; 25:23; 12:25; 19:14)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ფინალის პირველ შეხვედრაში აჭარულ კლუბს უმასპინძლა, უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა და სერიაში უმნიშვნელოვანესი პირველი ნაბიჯი გადადგა – 82:76.

ჩემპიონობისთვის სამი მოგებაა საჭირო. რა თქმა უნდა, სერიის ბედი ჯერ შორსაა, მაგრამ თსუ-მ უპირატესობა უკვე მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის სტარტზე, გიორგი ოჩხიკიძის ზუსტი სროლის შემდეგ, ბათუმი 2:0 დაწინაურდა, შეხვედრის დიდ ნაწილს ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ აკონტროლებდა და საკმაოდ სოლიდურადაც ლიდერობდა.

თსუ-მ პირველივე მეოთხედში მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა და მეორე პერიოდის სტარტზე ანგარიში უკვე 32:16 იგებდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი ბათუმი არ დანებდა, ყველანაირად ცდილობდა თამაშში დარჩენას და პერიოდულად ახერხებდა კიდეც სხვაობის 10 ქულაზე დაბლა ჩამოყვანას. თუმცა, დიდი შესვენებისთვის თსუ კვლავ კომფორტული ჰანდიკაპით ლიდერობდა – 51:37.

ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა დიდ შესვენების შემდეგ. მესამე პერიოდი ზღვისპირელებმა 25:12 მოიგეს, თამაშში დაბრუნდნენ და ბოლო მეოთხედს მხოლოდ ქულით ჩამორჩენილები შეხვდნენ.

ბოლო პერიოდის სტარტზე მასპინძლებმა ცხრა ქულიანი გაქცევა გააკეთეს, მაგრამ ბათუმმა ისევ გაიბრძოლა და მატჩის დასრულებამდე 1:15 წუთით ადრე თსუ-ს ისევ ქულით მიუახლოვდა – 76:77. აი, დარჩენილ დროში კი, ქულაც ვეღარ აიღეს, მეტოქემ გამარჯვებისთვის საკმარისად მიითვალა და სერიაშიც დაწინაურდა.

მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი კვენტინ ჰარდრიქტი აღმოჩნდა, რომელმაც გუნდს 20 ქულა და 6 მოხსნა შეაშველა; 16 ქულა და 7 მოხსნა კურვოსიე მაკკოლმა მიითვალა; ბათუმელთაგან 14-14 ქულით გიორგი ოჩხიკიძე და აკაკი დვალიშვილი გამოირჩნენ; 10 ქულა და 13 მოხსნა კარსონ ბაშამის ანგარიშზეა.

სერიის მეორე მატჩი, 23 მაისს, კვლავ დედაქალაქში გაიმართება. შემდეგ გუნდები ბათუმში გადაინაცვლებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი