
19-21 მარტ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის ნაკრებთან ორ მნიშვნელოვან მატჩს გამართავს.
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) ვებგვერდზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ცხოვრებაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა.
ცხოვრებაძე 17 წლიდან უცხოეთში თამაშობს, საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, ხორვატია…
გიორგი ცხოვრებაძე:
„საქართველოში თანდათან უფრო პოპულარი ხდება, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ჯერ არ არის იქ, სადაც უნდა იყოს. ჩვენ და ხორვატია მოსახლეობისა და ცხოვრების წესის ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ ხორვატიაში ხელბურთი უფრო პოპულარულია. მთელი ქვეყანა იცნობს ყველა ხელბურთელს. საქართველოში ჯერ ასე არ არის. არ გვაქვს ნამდვილად ძლიერი შიდა ჩემპიონატი, სადაც ხელბურთელებს მეტი განვითარება შეეძლებათ. თუ გვინდა, გვყავდეს ნამდვილად კარგი გუნდი, გვჭირდება ახალგაზრდები, რომლებიც ისწავლიან ევროპულ კლუბებში – საფრანგეთში, ხორვატიაში… სადაც მაღალი დონის ხელბურთის თამაში შეეძლებათ. ეს აკლია საქართველოს…
ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რათა ქართული ხელბურთი განვითარდეს. ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ გვყავს ნამდვილად კარგი მოთამაშეები და უფრო მომწიფებულები ვართ. კარგად თამაში ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია. გვაქვს სათადარიგოთა სკამის სიღრმის პრობლემაც, რადგან პატარა ქვეყანა ვართ. ხდება ისედაც, რომ მსაჯები ჩვენს მიმართ დიდად კეთილგანწყობილები არ არიან. მაგრამ ეს მესმის. ვფიქრობ, რომ დიდი პროგრესი გვაქვს და გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია…
ხელბურთის თამაში ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელის, ტიტე კალანდაძის შვილთან ერთად დავიწყე. ექვსი წლის ასაკში სკოლაში დავიწყეთ, სადაც სპორტის გაკვეთილები გვქონდა, ხან ფეხბურთის, ხან კალათბურთის. ერთხელ კალათბურთის გაკვეთილი მქონდა და მასწავლებელი ჩემი მწვრთნელის ცოლი იყო. ერთ დღეს ვარჯიშზე მოვიდა, დამინახა და შემდეგ ჩემს ოჯახს ესაუბრა. იმ მომენტიდან დრო ხელბურთს დავუთმე. ნაკრების უმეტესობა ერთად ვთამაშობდით, ერთ კლუბში, პეგასში გავიზარდეთ, რაც ასევე ხელს უწყობს ჩვენს კავშირს მოედანზე…
ვფიქრობ, ახალგაზრდობაში გვქონდა შესაძლებლობა, რაღაცეები გამოგვეცადა. ჩვენი მწვრთნელი ამ მხრივ ნამდვილად კრეატიული იყო. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გარემოში იზრდები. ზოგიერთ მწვრთნელს არ სურს, რომ შეგირდებმა კრეატიულად ითამაშონ. მათ სურთ, ისინი რობოტებივით იყვნენ და სისტემას მიჰყვნენ. ჩვენ საკმარისი თავისუფლება გვქონდა, რათა საკუთარი იდეები გამოგვეცადა. ყოველთვის ვაკვირდებოდი სხვა მოთამაშეებს და მინდოდა მათი მიბაძვა, მაგრამ ჩემი სტილით. ყველას საკუთარი გზა აქვს. მაღალ დონეზე თამაში 15 თუ 16 წლის ასაკში დავიწყე და მალევე მონპელიეში წავედი. ვფიქრობ, იქ შესანიშნავი სკოლა ჰქონდათ. ვარჯიშებზე ყოველთვის ვმუშაობდით დარტყმის მექანიკაზე: როგორ დაგვერტყა – ზემოდან, ქვემოდან…
ადრე ვცდილობდი ორივე ფეხით ნახტომში დარტყმას, მაგრამ არც ისე ეფექტურად და არც ისე ხშირად, როგორც ახლა. სინამდვილეში ეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხდა. მთელი ტურნირი კუნთის პრობლემა მქონდა. ფიზიკურად არ შემეძლო ერთი ფეხიდან ახტომა, ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობდი, თავს ცუდად ვგრძნობდი. ამიტომ ორივე ფეხით დავიწყე ხტომა და გამომივიდა. ეს უბრალოდ ბუნებრივად, აუცილებლობით იყო გამოწვეული. ასე წარმოიშვა რეალურად…
როდესაც მონპელიეში ჩავედი, ფრანგულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. იქ ყოფნისას ვისწავლე და ახლა კი, თავისუფლად ვლაპარაკობ. საფრანგეთში, სპორტულ გარემოში, ინგლისურად არავინ საუბრობს. მათ სურთ, ფრანგული რაც შეიძლება სწრაფად ისწავლო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდა, უცნობი მოთამაშე ხარ, რომელსაც ჯერ არაფერი გაუკეთებია. ამის გამო იქ საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა. ზოგიერთ მოთამაშეს პოზიციის დაკარგვის ეშინოდა და ცდილობდნენ ჩემს დაბლოკვას. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრის ცოდნის მიუხედავად, თუ კიდევ ერთხელ წასვლის შანსი მექნებოდა, მაინც წავიდოდი. იქ იმდენი რამ ვისწავლე, მენტალურად, ფიზიკურად, ყველაფერი. ამან ისე მომამზადა, როგორც სხვაგან ვერ მოვემზადებოდი…
სხვადასხვა სახის ხელბურთს ყველგან სწავლობ. ფრანგული ხელბურთი განსხვავებულია, გერმანული კი, სრულიად განსხვავებული. თუ გინდა, რომ საუკეთესო მოთამაშე იყო, ადაპტირება უნდა შეგეძლოს. ახალგაზრდებისთვის ამის გაგება ნამდვილად რთულია. ზოგჯერ დიდ გუნდში პოზიციას გიცვლიან, დიდი ხნით სათადარიგოთა სკამზე გსვამენ და მზად უნდა იყო. თუ ხუთ წუთს იღებ, კარგად უნდა ითამაშო, რადგან შეცდომებს არ გაპატიებენ. ეს რეალობაა და რთულია როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და მენტალურად. ხელბურთი ასეთია და მომთხოვნი სპორტია. ფიზიკურად ძლიერი და ძალიან ჭკვიანი უნდა იყო. ორი მეტრი სიმაღლის არ ვარ, არ მაქვს გარკვეული ფიზიკური უპირატესობები. ამიტომ, საკუთარი გზა უნდა ვიპოვო. ეს არის ის, რაც სუპერვარსკვლავს ჩვეულებრივი მოთამაშისგან განასხვავებს. სუპერვარსკვლავი, ცუდ დღესაც კი, პოულობს გზას, რომ გუნდს დაეხმაროს…
ეს რეალობაა. თუ დიდი ქვეყნიდან ხარ, დიდ გუნდებში გაცილებით მეტი შესაძლებლობა გაქვს. თუმცა, თუ რაღაც ნამდვილად გინდა, არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ. უბრალოდ სხვებზე მეტი უნდა იშრომო და არასდროს დანებდე. შენი ოცნენების მისაღწევად უკან არ უნდა დაიხიო. ახლაც, 25 წლის ასაკში, ყოველთვის არის ახალი გამოწვევები, ახალი მწვრთნელი, ახალი გუნდი… რადგან საქართველოდან ვარ, რაც არ უნდა კარგად ვთამაშობდე, ვგრძნობ, რომ უგულებელყოფენ, მაგრამ ამის გამოცდილება უკვე მაქვს და ვუმკლავდები…
ბოლო ორ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე და ძალიან მინდა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვითამაშო. რამდენიმე ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. არ მინდა მომავალზე ბევრი ვისაუბრო, რა შეიძლება იყოს ან არ იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენი თაობისთვის ძალიან დიდი მოვლენა იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა…
ყველა პატარა მიღწევა მაინც მიღწევაა, თუმცა, თუ უფრო დიდ მიზანს მიაღწევ, როგორიცაა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა, ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში გასვლა, ოლიმპიადაზე მოხვედრა, ეს ბევრად უფრო ფართოდ აღიქმება და ბევრად უფრო მეტად ფასდება. ყოველი პატარა გამარჯვება ჩვენთვის პატარა წინგადადგმული ნაბიჯია“.
25 წლის ასაკში ცხოვრებაძეს საქართველოს ნაკრებში მატჩში საშუალოდ შვიდ გოლზე მეტი გააქვს, რაც ძალიან მაგარი მაჩვენებელია.
იხილე მეტი
-
ქართული
/ 2 საათის agoსაქართველოს თასისთვის ბრძოლას ოთხეული აგრძელებს
გააზიარეთგაიმართა საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩები და გაირკვა ის ოთხეული, რომელიც ტიტულისთვის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 5 საათის agoიმ დღიდან, ზუსტად ორი წელი გავიდა…
გააზიარეთ2024 წლის 26 მარტია. რომელი საათია ვერ გეტყვით. ან ვის სცალია საათზე დასახედად, ყველა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 5 საათის agoმამუკელაშვილმა და ტორონტომ საქმე გაირთულეს
გააზიარეთნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაციის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტოს მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაჭრელი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი