გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჰოვარდი სუპერლიგას 10 ქულით დაემშვიდობა

გააზიარეთ

ჰოვარდი სუპერლიგა 10 ქულით დაემშვიდობა

სუპერლიგაში მესამე ტური მიილია. თუმცა, ჩემპიონატში 11 გუნდი მონაწილეობს. რაც ნიშნავს, რომ ყოველ ტურში ერთი გუნდი ისვენებს. ამიტომაც ჯერ სატურნირო ცხრილი ბევრს ვერაფერს მოგვცემს. თუმცა, ბრძოლის პირი ნამდვილად უჩანს.

კავკასია-ახალციხე 88:68

(16:15; 25:14; 25:12; 22:27)

ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა სუპერლიგის დებიუტანტ ახალციხეს უმასპინძლა და, დამაჯერებლად, 88:68 დაამარცხა.

რეალური ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში ვიხილეთ – ახალციხელებმა დასაწყისში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა, შემდეგ მატჩზე სრული კონტროლი კავკასიამ დაამყარა, ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და დარჩენილ დროში მეტოქე ახლოს აღარ გაიკარეს.

მიმდინარე სეზონში კავკასიამ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო 20 და მეტი ქულის სხვაობით და სუპერლიგის უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნევიან.

კავკასიელთაგან ყველაზე შედეგიანები შამარ რაითი (16 ქულა, 14 მოხსნა), გიორგი ტურძილაძე (10 ქულა, 12 მოხსნა), დავით კაკუშაძე (10 ქულა) და ლუკა მაზიაშვილი (10 ქულა) იყვნენ; ახალციხის შემადგენლობაში ჯამირ ჰარისი (16 ქულა), კურვოსიე მაკკოლი (11 ქულა, 6 მოხსნა) და ლუკა ზაქრაძე (9 ქულა) გამოირჩნენ.

ბლექ ფორტრესი-თსუ 82:89

(22:22; 21:26; 20:13; 19:28)

დუაიტ ჰოვარდით გაძლიერებული ბლექ ფორტრესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუხვდა. ეს იყო ლეგენდარული ცენტრის მეორე და ბოლო მატჩი ბლექ ფორტრესის რიგებში.

პარკეტზე კი სპორტული დრამა დაძაბული ბრძოლის ფონზე განვითარდა, სადაც გამარჯვება უნივერსიტეტელებმა დიდი ჯაფის ფასად მოიპოვეს. ბლექ ფორტრესმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მთელი შეხვედრის მანძილზე კუდში მიჰყვებოდა. მეტიც, მესამე პერიოდის ბოლოს მინიმალური სხვაობით წინაც გავიდნენ. თუმცა, გადამწყვეტ მომენტებში უნივერსიტეტელებმა უკეთ ითამაშეს და 89:82 იმარჯვეს.

ბლექ ფორტრესის რიგებში თავი სერგი ნინუამ (22 ქულა, 6 პასი), ლუკა კალატოზიშვილმა (12 ქულა, 17 მოხსნა), ჰოვარდმა (10 ქულა) და დონდრე რედიკმა (7 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი) გამოიჩინეს თავი; თსუ-ს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები დალას ჰაუელი (23 ქულა, 10 მოხსნა), რაჰიმ სალივანი (23 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი) და ამირან აროშიძე (17 ქულა, 10 მოხსნა) იყვნენ.

ივერიონი-ქუთაისი 75:74

(23:14; 12:27; 15:14; 25:19)

გორის ივერიონმა ქუთაისს უმასპინძლა და 75:74 დაამარცხა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდი 23:14 მოიგეს; თუმცა, მეორე მეოთხედიდან ქუთაისელებმა შტურმი წამოიწყეს და ბაქარ ბერეკაშვილის, ვილი ისიანის, ოთარ ფხაკაძისა და ლუკა ალავიძის შედეგიანი მოქმედებებით ანგარიში მეოთხე წუთზევე გათანაბრდა – 25:25. სტუმრებმა ტემპი არ დააგდეს, სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს და პერიოდის მიწურულს უკვე 10 ქულით იგებდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს გორელებმა სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირეს – 35:41.

მესამე პერიოდში სურათი არ შეცვლილა და ქუთაისელები უპირატესობას ინარჩუნებდნენ, გორელებმა მხოლოდ ქულით შეამცირეს სხვაობა; ბრძოლა ბოლო ათწუთეულში გადავიდა, სადაც მასპინძლებმა უკეთესი ხასიათი გამოავლინეს და თამაშში ინტრიგა დააბრუნეს. მატჩის ბოლო წუთები „ნერვების ომად“ იქცა, სადაც ტაქტიკური ჯარიმების სერიის შემდეგ ქუთაისელებს ბოლო შეტევის შანსი დარჩა, მაგრამ ანტონიო პატერსონის გამარჯვების სამქულიანს მიხეილ უგრეხელიძემ დაუფარა და მატჩიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ივერიონს ლიდერებად მიხეილ უგრეხელიძე (14 ქულა, 7 მოხსნა, 5 ჩაჭრა), სოსო გოგნაძე (9 ქულა, 14 მოხსნა) და კრისტიან მური (13 ქულა, 7 პასი) მოევლინენ; ხოლო ქუთაისში თავი ბაქარ ბერეკაშვილმა (15 ქულა), ვილი ისიანმა (10 ქულა, 14 მოხსნა) და ლუკა ალავიძემ (14 ქულა) გამოიჩინეს.

თელავი-მარგვეთი 75:67

(12:23; 22:15; 24:18; 17:11)

თელავმა ზესტაფონის მარგვეთი მიიღო და 75:76 აჯობა. არადა, დასაწყისში სტუმრებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს და პირველი პერიოდი 23:12 მოიგეს; მეორე პერიოდში მარგველთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და 16-ქულიანი გახდა – 28:12. მიუხედავად რთული დასაწყისისა, სიტუაცია მყისიერად შეიცვალა და თელაველებმა ჩამორჩენის შემცირება იწყეს და გათანაბრდა კიდეც. დაძაბული თამაში ბოლო პერიოდის შუამდე გაგრძელდა, მერე მასპინძლებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და თამაშიც მოიგეს.

მარგველთაგან ჯასტინ ვებსტერი (21 ქულა) და დენგ დეანგი (20 ქულა, 9 მოხსნა) გამოირჩნენ, თელაველთაგან – მაილს კარტერი (17 ქულა, 11 მოხსნა), გრეგორი მილტონი (14 ქულა, 9 პასი), გიორგი კობახიძე (12 ქულა) და კაილერ ვანდერ ჯაგტი (10 ქულა).

ორბი-რუსთავი 92:95

(15:30; 22:18; 27:28; 28:24)

რუსთავი ტყიბულის ორბს ესტუმრა და ბრძოლაში დაამარცხა. რუსთაველების გამარჯვება ჯეიდენ კინგის დამსახურებაა. ამერიკელმა ლეგიონერმა 34 ქულა ჩააგდო და ბოლო სამიანი ძირითადი დროის დასრულებამდე 1.9 წამით ადრე, თორემ თამაში დამატებით დროში გადავიდოდა.

არადა, რუსთაველები მესამე პერიოდის დასრულებამდე ორი წუთით ადრე 14 ქულით, 69:55 იგებდნენ და, თითქოს, გამარჯვებაც ჯიბეში ჰქონდათ. თუმცა ორბმა მოახერხა ანგარიშის არათუ გათანაბრება, არამედ – დაწინაურებაც – 87:81 დაწინაურდნენ. ახლა ქვემოქართლელთა დრო დადგა და წუთნახევრით ადრე ისევ რუსთავი ლიდერობდა – 90:89. ბოლო წამები უკიდურესად დრამატული გამოდგა: ელვინ მაილსის ორქულიანის შემდეგ რუსთავი წინ სამი ქულით გავიდა, მაგრამ დავით ტრაპაიძემ სამი საჯარიმო ჩააგდო და ისევ თანაფარდობა. ძირითადი დროის დასრულებამდე 25 წამით ადრე რუსთავმა ბოლო შეტევა წამოიწყო და ბურთი ბოლომდე გაათამაშა და…

რუსთავის რიგებში ჯეიდენ კინგმა (34 ქულა, 8 მოხსნა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა (16 ქულა, 5 მოხსნა), კრისტიან ჯონსმა (15 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი) და ელვინ მაილსმა (15 ქულა, 8 პასი) გამოიჩინეს თავი; ორბში შედეგიანი მატჩი ალექს მეთიუზმა (27 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი), კევონ ვესტმა (19 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი) და ბექა ლომაშვილმა (13 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი) ჩაატარეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი