ლიონელ მესიმ თავის გარდაცვლილ მამას, ხორხე მესის, სოციალურ ქსელში ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა. ხორხე მესი 68 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
„მამა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ წახვედი. რეალობას თვალს ვერ ვუსწორებ, უფრო სწორად, არ მინდა შეგუება. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვეღარ გნახავ და ვეღარასოდეს ვისაუბრებთ. ვიცი, რომ იტანჯებოდი და ასე შენთვის უკეთესია, მაგრამ ძალიან ადრე დაგვტოვე. კიდევ ბევრი რამ გვქონდა ერთად გასაკეთებელი და კიდევ შევვეო ცხოვრებით დავმტკბარიყავით..
ძალიან მთხოვდი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს და ზუსტად მის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შენი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ტურნირზე ჩემ გვერდით არ იყავი, მაგრამ დედა მეუბნებოდა, რომ გამოკეთდებოდი და მგზავრობას შეძლებდი. მე გეუბნებოდი, რომ ფინალში გავიდოდით, რათა შენ ჩამოსვლა შეგძლებოდა. ეს ჩემი მთავარი მისია იყო.
ყოველი მატჩის შემდეგ ველოდებოდი და მაკლდა შენი შეტყობინება. სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად სერიოზულად იყო საქმე. ვერ ვწყვეტდი ფიქრს იმაზე, რომ რაც შეიძლება შორს წავსულიყავით, რათა შენთვის მეტი დრო მიმეცა და ერთი თამაშის ნახვა მაინც მოგესწრო. ფინალს მივაღწიეთ, მაგრამ შენ იქ ყოფნა ვეღარ შეძელი. მინდოდა მომეგო, რომ თასი შენთვის მომეტანა და კიდევ ერთი ახალი ჯილდო მეჩვენებინა. ვერ შევძელი… ჩემმა ფეხებმა მეტი ვეღარ გაძლეს. ამჯერად ვეცადე საკუთარი სხეულის შესაძლებლობებისთვის გადამეჭარბებინა, მაგრამ არ გამოვიდა. ფიზიკურად თავს კარგად ვერასდროს ვგრძნობდი. ჩემპიონები ვერ გავხდით, მამა, მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ ვისიამოვნეთ თითოეული მატჩით. კიდევ ერთხელ მართალი აღმოჩნდი: მე იქ უნდა ვყოფილიყავი და უნდა მეთამაშა, როგორც ყოველთვის მეუბნებოდი.
არ ვიცი, რას გავაკეთებ შენ გარეშე, არ ვიცი, როგორ გავაგრძელო გზა. მე მხოლოდ ფეხბურთს ვთამაშობდი და ახლა დიდი ეჭვი მეპარება, რომ ამას კიდევ დიდხანს გავაგრძელებ. შენ თავიდანვე ჩემ გვერდით იყავი და დასასრულამდე ასე ცოტა აკლდა. რატომ ვერ გაძელი კიდევ ცოტა ხანს, რომ ერთად დაგვესრულებინა?
ძალიან მომენატრები, მაგრამ ყოველთვის ჩემთან იქნები. შენ იყავი მამა, მეგობარი და აგენტი. შენ ყოველთვის ის იყავი, ვინც ნებისმიერ სიტუაციაში გვჭირდებოდა და არასდროს ცდებოდი. მიუხედავად უთანხმოებებისა თუ კამათისა, ბოლოს ყოველთვის ისე ხდებოდა, როგორც შენ ამბობდი. მე შენს შვილიშვილებს ზუსტად ისე აღვზრდი, როგორც შენ გამზარდე.
განისვენე მშვიდობით და ზეციდან გვიპატრონე ისე, როგორც აქ, დედამიწაზე აკეთებდი. მადლობა ყველაფრისთვის. მიყვარხარ, მამა! ❤️“ – წერს ლეგენდარული ლიონელ მესი.
ავტორი: კახა მიხანაშვილი.