გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ალექსანდრ ჯიკიჩმა შემადგენლობა გააფართოვა

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია. ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ის 24 მოთამაშე დაასახელა, რომლიდანაც მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ძირითად შემადგენლობას შეარჩევს. გაფართოებულ შემადგენლობაში ნაკრების გამოცდილ ლიდერებთან ერთად ახალი სახეებიცაა.

ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს იასპარეზა და მუნდიალზე ზედიზედ მეორედ გასვლას საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატების გზით შეეცდება, რომელიც სტარტს 27 ნოემბერს აიღებს. საქართველოს ჯგუფში ესპანეთი, უკრაინა და დანია ჰყავს, მომდევნო, მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი, სამი საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში ორ მატჩს ჩაატარებს: 27 ნოემბერს თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 30ნოემბერს სანტა კრუზ დე ტენერიფეში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

სწორედ ამ მატჩებისთვის თბილისში 20 ნოემბერს სანაკრებო შეკრება იწყება. მთავარი მწვრთნელის, ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით თავდაპირველად სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ივარჯიშებენ და ნაკრებს დღითი დღე ლეგიონერები შეუერთდებიან. მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მომავალ შაბათ-კვირას ტურის მატჩებია და მათი დასრულების შემდეგ ქართველი ლეგიონერები ნაკრებს მოაშურებენ.

24-კაციან სიაში ოთხი ისეთი კალათბურთელია, რომლებიც ნაკრებში პირველად გამოიძახეს: ლუკა ალავიძე (ქუთაისი), გიორგი კობახიძე, რომა ჭინჭარაული (ორივე მარგვეთი) და ლუკა კალატოზიშვილი (ვსა). ალექსანდრე მერკვილაძე ნაკრებში გამოძახებული ადრეც იყო, მაგრამ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაშის გამო ვარჯიშებზე ჩამოსვლა ვერ შეძლო. ახლა მერკვილაძე ბერძნულ არისში ასპარეზობს და დაუბრკოლებლად ჩამოვა.

ნაკრებში გამოძახებული იყვნენ, მაგრამ ტრავმის გამო შეკრებაზე ვერ იქნებიან ბათუმის წევრი გიორგი ოჩხიკიძე და ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, მიუნხენის ბაიერნის უკანახაზელი, კამარ ბოლდუინი. ნატურალიზებული მოთამაშის ადგილი ჩვენს ნაკრებში თად მაკფადენმა დაიკავა, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას 2018-23 წლებში იცავდა და ჩვენს გუნდთან ერთად არაერთი დიდი გამარჯვების მონაწილე და სულისჩამდგმელიც ყოფილა. მაკფადენი ბოლო წლებში ოკეანგაღმა თამაშობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ სათამაშოდ ევროპაში დაბრუნდა და ბოლდუინის ტრავმის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა მისი გამოძახება გადაწყვიტა.

გაგაცნობთ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატს: პირველ ჯგუფურ ეტაპზე ორი წრე ჩატარდება და საუკეთესო სამი ნაკრები მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გაგავა, სადაც ასევე სამი საუკეთესო სხვა ჯგუფიდან გადმოვა და შედგება ექვსგუნდიანი ჯგუფი. პირველი ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გუნდებს მეორე ჯგუფში გადაჰყვებათ და იქ მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ. საბოლოოდ, მეორე ჯგუფების 3-3 საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

რაც შეეხებათ ტრავმირებულებს, კამარ ბოლდუინისა და გიორგი ოჩხიკიძის მდგომარეობის შესახებ გთავაზობთ ეროვნულინაკრების ექიმის, თორნიკე გოგიჩაიშვილის კომენტარს:

„ბოლდუინს აღენიშნება ბარძაყის ოთხთავა (სწორი კუნთის ) მიოფასციური და მიოტენდინური დაზიანება, რომელიც დიფერენცირდება 2-3 გრეიდზე (ხარისხი). საბედნიეროდ, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ ამ ხარისხის დაზიანების სარეაბილიტაციო პერიოდი მინიმუმ 6-8 კვირას მოიცავს…

რაც შეეხება გიორგი ოჩხიძეს წელის მალების პროტრუზია აწუხებს, რომელიც ამ ეტაპზე მკურნალობას ექვემდებარება. ვიმედოვნებთ, რეაბილიტავია იმაზე სწრაფად გამოიღებს შედეგს, ვიდრე ვვარაუდობთ, რადგან თავს კარგად გრძნობს. საბოლოო პასუხი ოთხშაბათს გახდება ცნობილი“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: თად მაკფადენი (მენონრკა, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (უგუნდო), ლუკა ლიკლიკაძე, ლუკა კალატოზიშვილი (ორივე ვსა), ლუკა მაზიაშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (ორივე კავკასია), მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), ლუკა ალავიძე, გიორგი სულაბერიძე (ორივე ქუთაისი), დუდა სანაძე (პალმერი, ესპანეთი), სანდრო სანაძე, რომან ჭინჭარაული, გიორგი კობახიძე (ყველა მარგვეთი), კახა ჯინჭარაძე (ტადამონი, ლიბის), ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე (ორივე თსუ), თორნიკე შენგელია (ბარსელონა, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე (არისი, საბერძნეთი), გუგა პატაშური (რუსთავი), ილია ლონდარიძე (ორბი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი).

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი