გამოგვიწერეთ

ინტერვიუ

თურქეთში მოხვდა, ჩემპიონი გახდა და ახლა სუპერლიგას უმიზნებს – ინტერვიუ დემეტრე გაბისონიასთან

გააზიარეთ

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი დიმა გაბისონია თურქეთის 19-წლამდელთა ლიგის ჩემპიონი გახდა. მისი გუნდი, ქოჯაელსპორის 19-წლამდელები, ფინალში ქემელფაშას დაუპირისპირდნენ და ტიტული მოიპოვეს. გასულ ოთხ შეხვედრაში დიმამ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და სეზონი წარმატებით დაასრულა.

დიმა თურქულ კლუბს ზამთარში არაგველებიდან შეუერთდა და მალევე იქცა სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად. ახალგაზრდა მარჯვენა მცველი წლების განმავლობაში არაგველების ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში ასპარეზობდა და გუნდის კაპიტანიც იყო. ქართულ ელიტ, ბრინჯაოსა და ვერცხლის ლიგებში გამარჯვების შემდეგ, მან არაგველებს რეგიონულ ლიგაში წარმატება და მეოთხე ლიგაში აღზევება მოუტანა.

ქოჯაელსპორი მეორე ლიგის მოქმედი ჩემპიონია და მომავალ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში იასპარეზებს. 18 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 3.5-წლიანი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, ახლა კი უკვე მთავარ გუნდში დებიუტისთვის ემზადება.

Etablo.ge-სთან ინტერვიუში დიმა გაბისონია საკუთარ გამოცდილებაზე, ჩემპიონობაზე, მოტივაციაზე და ქართულ თუ თურქულ ფეხბურთში არსებულ განსხვავებებზე საუბრობს:

– რა ხდებოდა ჩემპიონობის შემდეგ, როგორ ზეიმობდით გუნდში? როგორ შეხვდნენ ამ წარმატებას შენი თანაგუნდელები, მწვრთნელები, და გულშემატკივრები?

ზოგადად ამ ქალაქში ფეხბურთი ძალიან უყვართ და დაფასებული სპორტია. ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავთ და ჩვენი გამარჯვება მთლიანად კლუბისთვის და ქალაქისთვის დიდი სიხარული იყო. პირადად ჩემთვის ეს განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რადგან პირველი სეზონია და თან შეუცვლელად ვითამაშე. მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ ქართული დროშა ამეფრიალებინა.

ქალაქში რომ დავბრუნდით, გულშემატკივრები სტადიონთან ფეიერვერკებით, კვამლებით და სიმღერებით შეგვხვდნენ – საოცარი ემოცია იყო!

– ქოჯაელისპორში შენი ტრანსფერი როგორ მოხდა?

ჩემი ყოფილი მწვრთნელი, სოსო ჭიკაიძე, ადრე თვითონაც თამაშობდა ამ კლუბში.  არაგველები თურქეთში შეკრებაზე სამჯერ ვიყავით  – ამხანაგური მატჩები ქოჯაელსპორთან და სხვა კლუბებთან ჩავატარეთ. იქედან გვაკვირდებოდნენ. შემდეგ უკვე საქართველოშიც ჩამოვიდნენ დასაკვირვებლად და საბოლოოდ ამიყვანეს.

– როგორი იყო სეზონის მიმდინარეობა? 

ფლეი-ოფებამდე ცხრილში პირველი ადგილი დავიკავეთ. მარცხებიც გვქონდა, მაგრამ მიზნამდე მაინც მივაღწიეთ. ფლეი-ოფში ორი ოთხგუნდიანი ჯგუფი იყო… ჩვენ რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ სამივე მატჩი მოვიგეთ და ფინალში გავედით.

ფინალში თამაში სულ სხვა შეგრძნებას იძლევა – ვერაფერს გრძნობ, ვერც დაღლილობას, ვერაფერს. მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობ.

ქემელფაშა ჩვენს ჯგუფში იყო და მეორე ადგილით გადავიდა პლეი-ოფებში. ვიცოდით, როგორ თამაშობდნენ და მაქსიმალურად ვიყავით მზად. ბრძოლით და შემართებით შევძელით გამარჯვება.

– თურქეთში გადაბარგება არც ისე მარტივია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. როგორ მოერგე ახალ გარემოს – როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ?

ძალიან მარტივად მოვერგე. კლუბში ყველა თბილად დამხვდა, გვერდში მედგნენ. საქართველოდანაც მამხნევებდნენ. თავადაც მზად ვიყავი – ვიცოდი, რომ ერთ დღეს სხვა ქვეყანაში მომიწევდა თამაში.

თურქული ფეხბურთი ფიზიკურად ძალიან მომთხოვნია. დიდად ტექნიკით არ გამოირჩევიან, ამიტომ ამ მხრივაც მომზადებული ვიყავი.

გულშემატკივრებიც საოცრად თბილად დამხვდნენ – ჩემს სახელს სკანდირებდნენ, რაც დიდ მოტივაციას მაძლევდა.

– რა ტიპის მიდგომას იყენებენ თურქი მწვრთნელები ახალგაზრდებთან? რა იყო ის ძირითადი განსხვავება, რაც ქართულ და თურქულ საფეხბურთო სისტემებს შორის შენიშნე?

ძირითადი განსხვავება არის ტემპში. თურქეთში ძალიან სწრაფად თამაშობენ, ბურთის გორაობას არ ანიჭებენ დიდ ყურადღებას. ცდილობენ შეტევა რაც შეიძლება მალე დაასრულონ. ყველაფერი ფიზიკურ მომზადებაზეა დამყარებული.

მწვრთნელებიც ძალიან მომთხოვნები არიან და თამაშის პროცესში მუდმივად ჩართულები, მოითხოვენ, რომ ბოლომდე დაიხარჯო.

– როგორ აფასებ იმ ეტაპს, რაც არაგველებში გაიარე? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პერიოდი შენი ფეხბურთის გზაზე?

არაგველები ჩემი ოჯახია. ამ გუნდთან ერთად ბევრი შრომა გავიზიარე. 9 წლიდან იქ ვიყავი, ყველა მარცხსა და წარმატებას ერთად ვხედავდით. ძალიან დიდი შრომაა ჩადებული – როგორც მწვრთნელების, ისე ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების მხრიდან.

დღეს გუნდი ცოტა არეულ მდგომარეობაშია, მაგრამ ვიცი და მჯერა, რომ ყველაფერი დალაგდება. წარმატებებს ვუსურვებ და რაც შემეძლება, ყველაფრით დავეხმარები.

– რას ეტყოდი იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს საქართველოს დაბალ ლიგებში თამაშობენ და ფიქრობენ, რომ მათ ვერავინ შეამჩნევს?

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არასდროს დანებდნენ. არ მოუსმინონ მათ, ვინც ეუბნებათ, რომ არ “გამოუვათ” დაიჯერონ თავიანთი თავის და იმუშაონ ძალიან ბევრი – შრომა ყოველთვის შედეგს იძლევა.

აი, მაგალითად ვახო ბედოშვილი – რეგიონულ ლიგაში თამაშობდა და 3 წელიწადში 21-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ სიაში შეიყვანეს. ახლა კი დიდი შანსია, ევროპის ჩემპიონატზეც ვიხილოთ.

– კონკრეტულად მწვრთნელი სოსო ჭიკაიძე რას გთხოვდა, რას ამუშავებდა შენთან ერთად?

სოსო ჭიკაიძე ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია. ყოველთვის გვთხოვდა, გუნდის გამარჯვებისთვის ბოლომდე დავხარაჯულიყავით.

შეტევაზე ორიენტირებული სტილის მომხრეა და სულ მეუბნებოდა, რომ როგორც ფლანგის მცველი, შეტევაში უფრო ხშირად ჩავრთულიყავი. ეს ძალიან დამეხმარა, რომ ჩემი თავი უკეთ წარმომეჩინა.

– როგორ ინარჩუნებ მოტივაციას რთულ პერიოდში? გაქვს რაიმე რწმენა, რუტინა ან ჩვევა, რაც შენ გეხმარება?

როცა ჩავარდნები მაქვს, ვცდილობ, უფრო მეტი ვიშრომო, რადგან მჯერა, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

მოტივაციას მაძლევს ჩემი ოჯახი – ვიცი, რამდენს აკეთებენ ჩემთვის და ძალიან მინდა, ჩემი წარმატებით გავაბედნიერო ისინი.

– რას ხედავ როგორც შენს ძირითად მიზანს უახლოეს თვეებში? გინდა პირველ გუნდში დებიუტი უახლოეს მომავალში?

ამ ეტაპზე მთლიანად კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ სუპერლიგაში ვითამაშო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი დებიუტი შედგეს – ამას ბევრიც ელოდება. შემდეგ კი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში დამიძახებენ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მზად ვიყო ამ გამოწვევისთვის.

დიმა გაბისონიას წარმატებული სეზონი და შრომისმოყვარეობა ნათლად აჩვენებს, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ფეხბურთელმა საკუთარი მოთმინება, მონდომება და შრომა. მისი ამბავი შთამაგონებელია მრავალი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ვინც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას ქართული ფეხბურთის ქვედა ლიგებიდან ცდილობს.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ინტერვიუ