გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მარგვეთისა და ივერიონის იოლი გამარჯვებები

გააზიარეთ

სუპერლიგის მეცხრე ტური ზესტაფონსა და გურჯაანში დასრულდა. ტურის საწყის სამ მატჩში ლიდერებმა – თსუ-მ, ქუთაისმა და ვსა-მ წააგეს, დღეს კი, ძირითადად ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფი გუნდები თამაშობდნენ, მაგრამ ორი მატჩიდან ერთიც არ გამოდგა დაძაბული.

იმერულ დერბიში ზესტაფონის მარგვეთმა ტყიბულის ორბი მიიღო და პირველსავე ნახევარში მოუთავა ხელი. საწყისი პერიოდი მასპინძლებმა 26:15 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს.

მთავარ კითხვაზე პასუხი მესამე პერიოდს უნდა გაეცა. ტყიბულელებს თუ რამის ამბიცია ჰქონდათ, მეოთხედი უნდა მოეგოთ, მაგრამ პირიქით მოხდა: მარგვეთმა ამჯერადაც იძალა, ბოლო პერიოდს 20-ქულიანი ლიდერობით შეხვდა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

სუპერშედეგიანი თამაში ჰქონდა ზესტაფონელთა ამერიკელ ლეგიონერს, ჯეილენ ჰილს, რომელმაც 13 ორქულიანიდან 12 ჩააგდო, მთლიანობაში კი 34 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 4 დაფარება მიითვალა.

შედეგიანი იყო ორბელი თომას მური, მაგრამ მისმა 37-მა ქულამ ტყიბულელებს ვერაფერი უშველა. მარგვეთმა 100:87 იმარჯვა და ცხრილის ზედ ნახევარში გამაგრდა.

გურჯაანში გამართულ შეხვედრაში დელტამ გორის ივერიონს უმასპინძლა. კახურმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი მოიგო კიდეც, მაგრამ მეორე ჩააგდო. გორელებმა ათწუთეული 32:14 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მატჩის ბედი მესამე ათწუთეულში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა კიდევ 10 ქულით მოიგეს და მატჩის ბედიც გადაწყდა.

გურჯაანის გუნდმა საბოლოოდ 66:89 წააგო და მდგომარეობა უფრო დაიმძიმა. დელტა ცხრიდან ყველა წაგებით ბოლო ადგილზე იმყოფება. გორელებს რაც შეეხებათ, ისევე როგორც კიდევ ოთხ გუნდს – ვსა-ს, მარგვეთს, ბათუმს და კსუ-კავკასიას, ხუთი მოგება და სამი მარცხი აქვთ. ექვსი მოგებითა და ორი წაგებით სუპერლიგას ქუთაისი და თსუ ლიდერობს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი