
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ქამრის მეორედ წარმატებული დაცვის შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ ცნობილ ჟურნალისტ არიელ ჰელვანის შოუში ჩაწერა. დვალიშვილი გულწრფელად საუბრობს იმაზე, როგორ დარჩა საკუთარ ფასეულობებს ერთგული, როგორი მიზნები აქვს მომავალში და რა გეგმები უკავშირდება სამშობლოს.
“არაფერი შეცვლილა – ისევ ის ადამიანი ვარ”.
მიუხედავად წარმატებებისა, მერაბი ამბობს, რომ ყოველდღიური ცხოვრება თითქმის უცვლელი დარჩა:
“ისევ იმავე ლონგ-აილენდზე ვცხოვრობ, ჩემს ძველ მანქანას ვმართავ. უბრალოდ, მინდა უფრო უკეთესი გავხდე. ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა – ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ვმუშაობ, ვვარჯიშობ და თითოეულ შემდეგ ბრძოლაზე ვფიქრობ.”
ომალიზე რევანში და მიღებული გაკვეთილები
მერაბმა შონ ო’მალიზე გამართული მეორე შეხვედრაც შეაფასა და აღნიშნა, რომ რევანში სხვა მიზანი ჰქონდა:
“როცა პირველად ვიბრძოდი შონთან, უბრალოდ ქამარი მინდოდა. რისკზე ნაკლებად წავედი. რევანში კი უკვე შედეგის გაუმჯობესება მსურდა. ამჯერად შონი უკეთ იყო მომზადებული – უკეთ იცავდა გდებებს, მოძრაობა გააუმჯობესა… მაგრამ მეც სხვაგვარად დავუდექი საქმეს. ორივემ დავასწორეთ ძველი შეცდომები.”
“მეგონა UFC-ში მოხვედრა ოცნება იყო – ახლა კი უკვე ჩემპიონი ვარ”
მერაბი ამბობს, რომ მისთვის აქამდე მოსვლა წარმოუდგენელი იყო:
“თავიდან ისიც მახარებდა, უბრალოდ UFC-ში ვბრძოლობდი. არასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემპიონი გავხდებოდი. ბევრი კარგი მებრძოლი არსებობს, ვინც ტიტულამდე ვერ მივიდა. ეს გზა ძალიან რთულია – ტოპ 15, ტოპ 10, ტიტულის მოგება და დაცვა… მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ წავიდე.”
რჩევა შონ ო’მალის: “წაგება მოტივაციაა”
დვალიშვილმა ყოფილ მეტოქეს მეგობრული რჩევაც მისცა:
“შონს ვურჩევდი, რომ ოპტიმიზმი შეინარჩუნოს. მარცხი ზოგჯერ ძალიან საჭირო და მოტივაციის მომცემია. თუ უყვარს ეს საქმე, უნდა გააგრძელოს. თუ აღარ უყვარს – დროა დაისვენოს. მე მას საუკეთესოს ვუსურვებ. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ რვა მებრძოლია, ვინც ერთდროულად ჩემპიონია.”
სენდჰეგენისთან ბრძოლა და ახალი გამოწვევა
მერაბის თქმით, კორი სენდჰეგენი მისთვის საინტერესო მეტოქეა:
“კორის ვუთხარი, რომ ახლა ის ყველაზე დამსახურებული პრეტენდენტია. ახალი სტილის მეტოქეა ჩემთვის და ეს ჩემთვის საინტერესო იქნება. MMA-ში წინასწარ ვერაფერს გათვლი – ეს ჩემთვის გამოწვევაა.”
UFC-თან ურთიერთობა და დამოუკიდებელი ხასიათი
დვალიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს UFC-ის მხარდაჭერას გრძნობს:
“ახლა უკეთ მესმის მათი – ეს დიდ ბიზნესთანაა დაკავშირებული და ყველაფერი მათი კუთხით უნდა გავიგო. UFC-ს მადლიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან რაღაც ვთქვი, რაც არ მოეწონათ. მაგრამ ყოველთვის ვიქნები ის, ვინც ვარ. ასე გავიზარდე და ასე მგონია სწორად.”
მომავალი გეგმები – საქველმოქმედო დარბაზი საქართველოში
მერაბის ერთ-ერთი მიზანი სამშობლოსთვის დაბრუნებაა – კონკრეტულად კი ქართულ ახალგაზრდობაზე ზრუნვა:
“მინდა საქართველოში თანამედროვე სავარჯიშო დარბაზი გავხსნა, სადაც ახალგაზრდებს ხარისხიან ვარჯიშზე ექნებათ წვდომა. დარბაზები არსებობს, მაგრამ ხშირად მცირე ზომისაა, არ აქვს ტატამი ან კარგი მწვრთნელი. თუ შემიძლია, ქვეყანას რაღაც დავუბრუნო – ეს ჩემთვის უკვე დიდ გამარჯვებას ნიშნავს.”
შეიძლება თუ არა პანტოჟასთან ბრძოლა?
დავალიშვილმა შესაძლო მეტოქედ ალეშანდრე პანტოჟაც დაასახელა, თუკი ის წონის კატეგორიას შეიცვლის:
“თუ პანტოჟა სუპერმსუბუქ წონაში გადმოვა და UFC-იც დაინტერესდება, წინააღმდეგი არ ვარ. პატივს ვცემ და ვიცი, რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ მზად ვარ ამისთვისაც.”
იხილე მეტი
-
ტრანსფერები
/ 1 საათის agoშობოსლაიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა
გააზიარეთდომინიკ შობოსლაიმ ლივერპულთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. უნგრელი ფეხბურთელი მერსესაიდულ კლუბში 2031 წლამდე დარჩება. შობოსლაი...
ავტორი Giorgig -
ნაკრები
/ 5 საათის agoუმცროს ბორჯღალოსნებში ექვსი ცვლილებაა
გააზიარეთ18 ივლისს, უმცროსი ბორჯღალოსნები 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით მატჩს ითამაშებენ. ვიტო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 5 საათის agoმსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
გააზიარეთმსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი