უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, სპაერის მთავარმა მწვრთნელმა, აზუკა კიღურაძემ პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა.
“ვენის აუსტრიასა და ჩვენს შორის აშკარა დონებრივი სხვაობაა, ეს ყველამ ვნახეთ. ავსტრიაში ძალიან მაღალი დონის ატმოსფერო დაგვხვდა და ბევრი ისეთი დეტალი დავინახეთ, რაც აქამდე გამოცდილებაში არ გვქონია. მაგალითად, მოწინააღმდეგის ტაქტიკაც კი ჩვენთვის ახალი იყო – განსხვავებული დაცვითი და შეტევითი სტილით.
წინა შეხვედრაში, პირველ რიგში, დაცვაში სტაბილურ თამაშზე ვიყავით კონცენტრირებულნი და შემდეგ კონტრშეტევებზე. ჩემი აზრით, ჩვენი თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა შედეგი არა.
უნდა ვთქვა, რომ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. ბევრისგან მსმენია, რომ სიურპრიზების გუნდი ვართ და გვჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია. ფეხბურთში ყველაფერი მოსალოდნელია..სწორედ ამაზე ვმუშაობთ, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ტაქტიკურად.
თამაში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება, რადგან ჩვენს შეხვედრამდე ორი დღით ადრე მთავარ არენაზე იბერია თამაშობს. ესეც ჩვენი კლუბის განვითარების პროცესის ნაწილია.
ვენაში გულშემატკივრებმა დაუვიწყარი გარემო შექმნეს. ტრიბუნები მატჩამდე ორი საათით ადრე გაივსო და აშკარად იგრძნობოდა, რომ სერიოზულად ეკიდებოდნენ თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეორე ლიგის წარმომადგენელი ვართ. ეს კარგი გაკვეთილი იყო – ფავორიტსაც შეიძლება გაუჭირდეს, თუ მატჩს სათანადოდ არ მიუდგა.
ავსტრიელებს სწრაფი თამაში აქვთ, სივრცეებს მშვენივრად ქმნიან და იყენებენ. ჩვენ ასეთი ტემპის თამაში ჯერ არ გვქონია. მიუხედავად ამისა, გვეამაყება, რომ ევროტურნირის საგზური ჩვენი ძალით მოვიპოვეთ და ხასიათმა სწორედ აქ შეგვმატა უპირატესობა.
პირველი მატჩის მე-8 წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ ბევრი ალბათ ფიქრობდა, რომ უფრო დიდი ანგარიშით დავმარცხდებოდით. თუმცა 90-ე წუთამდე მხოლოდ ერთი ბურთი გავუშვით და მხოლოდ ბოლოს პენალტით. შეგვეძლო გოლიც გაგვეტანა სამი საგოლე მომენტი გვქონდა. ასეთი დონის მეტოქესთან ესეც ბევრს ნიშნავს.
გუნდის თითოეულმა წევრმა მაქსიმუმი გაიღო. მიხარია, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება უცხოეთში მოუწევს, ამის წინააღმდეგი არც მე ვიქნები და არც კლუბი. ფიზმომზადების მხრივ საქართველოში ბევრ გუნდზე მაღლა ვდგავართ, თუმცა ავსტრიასთან შედარებით სხვაობა დიდია – განსაკუთრებით, როცა ბევრ დროს უბურთოდ ატარებ.”