გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქოქრილი უნდა წავიდეს!

გააზიარეთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2025 წლის ზაფხულის ტესტები სამი მარცხით დაასრულა. ირლანდიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებთან მოგებებს არც არავინ ველოდით,  მაგრამ თამაშის ხარისხზე და იმ ელემენტარულ უუნარობაზე გვაქვს პრეტენზია, რომლებიც ამ მატჩებში გამოჩნდა.

დავიწყოთ რიჩარდ ქოქრილის სანაკრებო სელექციით. შავი ლომი ამ ეტაპზე ტყუილი ფულის ხარჯვაა და გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგს ვერ მოგვიტანს. გუნდი, მხოლოდ ოთხ ოფიციალურ თამაშს ატარებს წელიწადში. პროფესიონალი სპორტსმენი 10 თვის  მანძილზე მხოლოდ ოთხ თამაშს რომ ითამაშებს (3-4 შესაძლოა შიდა ჩემპიონატშიც ითამაშოს ხოლმე) როგორ უნდა გაიზარდოს ? ქართულ პროფესიონალურ ფრენჩაიზს მაღალი დონის თამაშები რომ აკლია ამის  შესახებ ქართული და მსოფლიო რაგბის ვარსკვლავმა დავით ნინიაშვილმაც ისაუბრა, მაგრამ მხოლოდ საუბარი და წუწუნი რას მოგცემს. ამ დროს,   ნაკრების ინგლისელმა დამრიგებელმა ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩების წინ განაცხადში უხმო კვაჭს, რომელიც შავი ლომის ძირითადის ბურჯადაც კი არ განიხილება და საერთოდ გაფართოებულს მიღმა დატოვა საფრანგეთის მეორე დივიზიონში მოასპარეზე მორაგბეები – ლუკა ნიორაძე, ბასა ხონელიძე, ლუკა პეტრიაშვილი.  შედარებისთვის ლუკა ნიორაძემ განვლილ სეზონში პრო დ2-ის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა (1060 წუთი) დადო 6 ლელო, როდესაც ირაკლი ქვათაძემ შავ ლომში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა (273 წუთი)

შერკინების პირველ ხაზში გურამ გოგიჩაშვილის და გიორგი მელიქიძის შესახებ ვიცით, რომ მათ სანაკრებო პაუზა აქვთ აღებული, მაგრამ პრო დ2-ში არის ლუკა გოგინავა, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, მონ დე მარსანის ძირითადი შემადგენლობის ბურჯია – 23   მატჩი (1112 წუთი) მიმდინარე სეზონში და გაფართოებულ განაცხადშიც ვერ მოხვდა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა და უცნაურობა კი, იოანე იაშაღაშვილის განაცხადს მიღმა დატოვებაა.  გასაგებია, რომ მესამე ხაზში საქართველოს ნაკრებში უდიდესი კონკურენციაა, მაგრამ ნაკრებს ტრავმების გამო გამოაკლდათ ბექა გორგაძე და ბექა შვანგირაძე და ამ დროს საფრანგეთის მეორე დივიზიონის  სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილი მორაგბე ვერ ხვდება განაცხადში და ხვდება ყველასგან გარიყული რუსეთის პრემიერლიგის მეხუთე ადგილოსანის (სულ 8 გუნდია) მორაგბე სანდრო მამამთავრიშვილი. სანდრომ ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩიტასთან და მოედანზე სულ ბოლომდე იხარჯება, მაგრამ თავად ფაქტი უცნაურია.

24  წლის მიხეილ ალანიას ალბათ კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა პრო დ2-ში (24 მატჩი, 3 ლელო) და დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ტრანსფერი, ჩამოიყვანეს მხოლოდ ირლანდიასთან თამაშისთვის და მოედანზე არ გაიყვანეს. იმას არ ვამტკიცებთ, რომ ირლანდიასთან ყოვლად უსახურ თამაშს, რომელიც პირწმინდად წავაგეთ მიწაზე, ჰაერში, აუტში ერთი კაცი რამეს შეცვლიდა, მაგრამ  ნახევარმცველი, რომელიც თამაშს მიმართულებას აძლევს მინიმუმ შანსის მიცემას იმსახურებდა. იგივე შეიძლება ვთქვათ თედო აბჟანდაძეზეც.  ალექსანდრე თოდუა ქართული რაგბის ლეგენდაა და დიდი მადლობა “კოჭოს” ყველაფრისთვის, მაგრამ როდესაც ბატონი რიჩარდი ამბობს, ამ მატჩებში შედეგზე მეტად მომავლის გუნდის შენება გვაინტერესებსო, უცნაურია 38 წლის ფრთის მოთამაშეზე როგორ აწყობს მომავლის გუნდს?

ის, რომ ქოქრილის ხელში საქართველოს ნაკრები ვერ ვითარდება, ჯერ კიდევ, გასული წლის ნოემბერში იტალიასთან თამაშმა დაგვანახა. აღნიშნულ მატჩში საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა 297 ბოჭვა შეასრულეს. ამდენ ბოჭვას რომ  ასრულებ თამაშში გამოდის სულ დაცვაში ხარ და მხოლოდ დაცვით თამაშს ვერ მოიგებ.  ქოქრილი უნდა წავიდეს!

თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ მხოლოდ ნაკრების მწვრთნელში არაა პრობლემა. ბავშვთა რაგბიში კატასტროფული მდგმარეობაა. ჭაბუკთა ა და ბ ლიგებში მხოლოდ ორი კონკურენტუნარიანი გუნდია. ფესტივალებზე 9-10 წლის ბავშვები პირდაპირ კონტაქტზე მიდიან, არანაირი შეტევაში ფანტაზია, ბურთაობა და ეს ნაკრებზეც აისახა. ორ-სამ პასს ვერ ვაბამთ შეტევაში.

შესაძლოა ვინმეს ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ რაც ზემოთ ვთქვით, იგივეს გავიმეორებთ ქოქრილი უნდა წავიდეს!

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები