გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჯიკიჩის ექსპერიმენტებმა საფიქრალი მოგვიმატა

გააზიარეთ

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი რჩება და მოსამზადებელ ეტაპზე ჯერ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამი საკონტროლო მატჩი ვნახეთ. უფრო სწორად, ერთი ვნახეთ და ორი გავიგეთ, რადგან ისრაელთან და ესტონეთთან შეხვედრები დახურული იყო.

აი, მართლა ნანახმა და ლიეტუვასთან (54:77) წაგებულმა თამაშმა კი ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ მოგვცა. ვერ გეტყვით რა გათვლა აქვს ალეკსანდრ ჯიკიჩს, მაგრამ ის, რისი ნახვაც ყველაზე მეტად გვინდოდა, ვერ ვნახეთ.

ალბათ არავისთვის უცხო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების ხუთეულის ოთხი წევრი გოგა ბითაძე (ცენტრი), სანდრო მამუკელაშვილი (მძიმე ფორვარდი), თორნიკე შენგელია (მსუბუქი ფორვარდი) და კამარ ბოლდუინი (2 ნომერი) უნდა იყოს. სასტარტო შემადგენლობაში პირველ ნომრად ან რატი ანდრონიკაშვილი იქნება, ანაც გიორგი ოჩხიკიძე. თუმცა, შესაძლოა, ჯიკიჩმა მამუკელაშვილს სკამიდან დააწყებინოს, მის ადგილზე შენგელია აწიოს და მსუბუქ ფორვარდად დუდა სანაძე ათამაშოს.

ჩვენ ვერსიაში უპირატესობა გვგონია სიმაღლე, რადგან ძალიან მაღალი ხუთეული გამოგვდის და ფარზე ბევრად წაგვადგება. ასევე ის ფაქტი, რომ გაცილებით შედეგიანი ხუთეული ჩანს. თუმცა, რამდენად მოძრავი იქნება დაცვაში, ამაზე თავს ვერ დავდებთ.

ცხადია, ეს ჩვენეული ვერსიაა. მწვრთნელმა კი ჟურნალისტებზე მეტიც იცის და საკალათბურთო ნიუანსებშიც უკეთ ერკვევა. თუმცა, მოედანზე განვითარებულ მოვლენებში ჩვენც მეტ-ნაკლებად ვერკვევით და ახლა სწორედ რამდენიმე ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, რაც ლიეტუველებთან მატჩისას გამოჩნდა და რაზეც ჯიკიჩის ექსპერიმენტებმა დაგვაფიქრა.

შენგელიას არყოფნაში ძალიან ცოტა დრო დაჰყო მოედანზე ერთად დამტყმელმა ძალამ – ბოლდუინი-მამუკელაშვილი-ბითაძე. შეიძლება ითქვას, რომ ვისიც ევროპაზე ყველაზე მეტად გვეიმედება, მოედანზე ერთად ხუთი წუთიც არ ყოფილან. ეს კი, შეთამაშების პრობლემას გამოიწვევს.

გარდა ამისა, ბალტიისპირელებთან მოედანზე გავიდა 10 კალათბურთელი, აქედან მხოლოდ კახა ჯინჭარაძემ ითამაშა ორ წუთზე ოდნავ მეტი, ხოლო ცხრა კალათბურთელიდან 19 წუთზე ნაკლები არავის უთამაშია. ჰოდა, ამ ცხრა კალათბურთელიდან პლუს-მინუსის საუკეთესო მაჩვენებელები იცით ვის ჰქონდათ? დიახ – ბითაძეს (+7), მამუკელაშვილს (+1), გიორგი კორსანტიასა (-5) და ბოლდუინს (-8). როგორც ხედავთ, ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები სამეული, ერთად არყოფნაშიც კი, და მაშინაც, როდესაც ბოლდუინს (13 სროლიდან სამი ჩააგდო) თამაში არ წაუვიდა, მოედანზე მაინც სხვებზე უკეთესები იყვნენ.

არანაკლებ პრობლემური თემაა ბურთის გათამაშება, რომელიც ძალიან გვიჭირდა: ხუთი თუ ექვსი შემთხვევა იყო როცა 24 წამში ვერ ჩავეტიეთ; 10-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც შეტევა ბოლო წამამდე გაგვეწელა და მოუმზადებლად ვისროლეთ.

თითქმის არ გვქონია კომბინაციები. ამის დასტურია მხოლოდ 11 პასი მთელ თამაშში, ხოლო ამ ფაქტის გამოძახილია 54 ქულა მატჩში, რაც ძალიან, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მეტიც, საქართველოს ნაკრებს ბოლო ათწუთეულში თამაშიდან ბურთი არ ჩაუგდია – მხოლოდ ცხრა საჯარიმო მიითვალა და პერიოდი 9:24 წააგო.

ცუდი გვქონდა სროლის პროცენტული მაჩვენებელიც: ორქულიანი მხოლოდ 31%-ით ვესროლეთ, რაც ძალიან ცუდი შედეგია; არ წაგვივიდა სამქულიანებიც – 26%; ხოლო საჯარიმოების 77% ჩავაგდეთ.

ეს, რაც ყველაზე მეტად მოგხვდა თვალში, თორემ კიდევ იყო შეცდომები… წინ კიდევ სამი საკონტროლო მატჩია. იმედია, ჩვენი ნაკრების მწვრთნელიც ხედავს იმ პრობლემებს, რაზეც ვისაუბრეთ და მის გამოსწორებას სასწრაფოდ ეცდება.

უახლოესი მატჩი კი, 14 აგვისტოს არის. სტუმრად – პოლონეთთან, სადაც ჩვენი ნაკრები გუშინ ლიეტუვიდან ჩავიდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი