
ლიეტუვას ახალი ჩემპიონი ჰყავს!
პირველად ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში უძლიერესის ტიტული კაუნასის ჟალგირისმა ირგუნა. ამ კლუბის ღირსებას კი ორი ჩვენებური იცავს — ცენტრალური მცველი ანტონ თოლორდავა და ფლანგის შემტევი თემურ ჩოგაძე.
კაუნასის ჟალგირისის ქართველი ფეხბურთელები ქომაგთა დიდი სიყვარულით სარგებლობენ. შემთხვევითი არ არის, რომ ამ კლუბის თამაშების მიმდინარეობისას ტრიბუნებზე გამუდმებით ფრიალებს საქართველოს დროშა.
29 წლის თოლორდავას ქართველი გულშემატკივრების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი, არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია თელავის შემადგენლობაში. სხვადასხვა დროს უთამაშია ესტონურ ლევადიაში, სერბულ რადნიჩკში და ყაზახურ შახტიორში.
დღეს სწორედ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ:
– როგორია თქვენი ემოცია, ისტორიაში პირველად კაუნასის ჟალგირისი ლიეტუვის ჩემპიონი გახდა…
ემოცია დაუვიწყარია. უკვე გავიარეთ ეს ისტორიული ეტაპი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის ნაწილი გავხდი. ჩემპიონობა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის და ქალაქისთვის ისტორიულია.
– სეზონის დასაწყისში გჯეროდათ, რომ ასეთ შედეგს მიაღწევდით?
როდესაც გუნდში გადავედი, მწვრთნელთან დეტალურად ვისაუბრე მიზნებზე. თავიდანვე ვგრძნობდით, რომ დიდი მიზნები გვქონდა. ჩვენი მისია ჩემპიონობა იყო, ამიტომ ბოლომდე ვშრომობდით ამის მისაღწევად.
– როგორი ატმოსფერო სუფევდა გუნდში ისტორიული წარმატების შემდეგ?
გუნდის ატმოსფერო მანამდეც ძალიან მეგობრული და თბილი იყო. ახლა კი, ჩემპიონობის შემდეგ, ეს ატმოსფერო კიდევ უფრო განსაკუთრებულია — ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, ერთმანეთს უჭერს მხარს და ემოციებით ცხოვრობს.
– რომელ მატჩში გადაწყდა ჩემპიონობის ბედი?
მთელი სეზონი სტაბილურად გამოვიყურებოდით, ჩემპიონატის განმავლობაში დომინაცია გვქონდა. მეორეადგილოსან ჰეგელმანს რვა ქულით ვუსწრებდით. სწორედ ამ გუნდთან შეხვედრაში გადაწყდა ბევრი რამ, აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში თემურ ჩოგაძემ გაიტანა გადამწყვეტი გოლი და უპირატესობა ბოლომდე შევინარჩუნეთ.
– როგორია ტრიბუნებზე საქართველოს დროშის ხილვა უცხო ქვეყანაში?
ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. მყავს გულშემატკივარი, რომელიც თამაშებზე მოდის. პირველად რომ დავინახე ქართული დროშა, მეგონა ქართველი იყო. მივედი, რომ მივსალმებოდი, მითხრა, ლიტველი ვარო. ძალიან გამიკვირდა. როცა ტრიბუნაზე საქართველოს დროშას ვხედავ, მით უმეტეს, როცა ამას უცხო ქვეყნის მოქალაქე აკეთებს, ორმაგად დადებითად მოქმედებს ჩემზე.
– თემურ ჩოგაძესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
ჩვენ პირველ გუნდში არ ვართ ერთად, თელავში და ყაზახეთშიც ერთად ვიყავით. ჩვენი ოჯახები ახლოს არიან, პრაქტიკულად პატარა საქართველო ვართ გუნდში. ერთმანეთს ვეხმარებით და მხარს ვუჭერთ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
– როგორ მოხვდით ჟალგირისში?
ჯერ თემურიმ მიიღო შეთავაზება. შემდეგ ჩემით დაინტერესდა გუნდი, თემურის შუამდგომლობით გამოიგზავნა შემოთავაზება და ასე დავამატე კლუბს.
– თქვენი კარიერა საკმაოდ მრავალფეროვანია — რა განსხვავებაა ლიეტუვის ჩემპიონატსა და საქართველოს შორის?
ჟალგირისი ლიეტუვის ჩემპიონატში დომინანტურ ფეხბურთს თამაშობს — პირველი ნომრის სტატუსით, 90 წუთი მეტოქეს ვაპრესინგებთ და უმეტესად ბურთით ვართ. ასეთ გუნდში პირველად მომიწია ყოფნა. საქართველოს ჩემპიონატს ფიზიკური მომზადებით ჯობია — აქ ყველა ძალიან კარგ ფორმაშია და ტაქტიკურადაც მოწესრიგებულად თამაშობენ. მწვრთნელის დავალებას პირველივე წუთიდან ასრულებენ, შედეგის მიუხედავად.
– რომელ მატჩს გამოარჩევდით განსაკუთრებულად სეზონში?
ორ მატჩს გამოვყოფდი: კონფერენს ლიგაზე ვალვურთან 2-1 მოგება გასვლაზე და ვილნიუს ჟალგირისთან 3-0 გამარჯვება. ორივე თამაში დასამახსოვრებელია, ერთი კონფერენს ლიგაზე წარმატების გამო, მეორე — ადგილობრივ პრინციპულ დაპირისპირებაში.
– როგორი კონკურენციაა ლიეტუვის ჩემპიონატში და სტადიონებზე ატმოსფერო?
კონკურენცია კარგ დონეზეა. გუნდები ევროთასებზე ღირსეულად ასპარეზობენ. გულშემატკივარი აქტიურია, ჩვენი ფან-ჯგუფი „თეთრი მწვანე ბიჭები“ სანახაობრივ ატმოსფეროს ქმნიან. ვილნიუს ჟალგირისთან შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა, რადგან მათაც ძლიერი გულშემატკივარი ჰყავთ.
– დარჩებით კლუბში მომავალ სეზონში?
ჩემს გუნდს სურს, რომ დავრჩე, ასევე არის ინტერესიც სხვა გუნდებისგან. ჯერ გადაწყვეტილება ბოლომდე მიღებული არ არის.
– საქართველოს ნაკრებზე ფიქრობთ?
ეს ჩემი დიდი ოცნებაა და ყოველდღე ვფიქრობ ამაზე. ჯერჯერობით მწვრთნელებთან კომუნიკაცია არ ყოფილა, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში ესეც მოხდება.
– რა თვისება დაგეხმარათ, რომ უცხოეთში კარიერა გაგეგრძელებინათ?
ჩემი მოთმინება და არასდროს დანებების უნარი. რამდენჯერაც ჩავარდნები მქონდა, ყოველთვის ვდგებოდი და ვაგრძელებდი ბრძოლას.
– თელავში გატარებულ დროს როგორ იხსენებთ?
თელავი ჩემთვის ოჯახის მსგავსი იყო. კლუბში ჩამოვყალიბდი როგორც პროფესიონალი, შევიძინე ბევრი მეგობარი და გამოცდილება. მთელი კარიერა, დაწყებული მეხუთე ლიგიდან ეროვნულ ლიგამდე, თელავს უკავშირდება. პირველად, როცა თელავში შევაბიჯე 19 წლის ვიყავი.
– მიზნად დასახული გაქვთ ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა?
წელს კონფერენს ლიგის პლეიოფში გასასვლელად ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ორი ეტაპი წარმატებით გადავლახეთ. მესამე ეტაპი ვერ დავძლიეთ, რადგან მთავარი მიზეზი უიღბლობა იყო — ბულგარულ არდასთან მატჩში მე-20 წამზე წითელი ბარათი მივიღეთ, რის შემდეგაც ყველაფერი შეიცვალა. განმეორებით შეხვედრაშიც ორი წითელი მივიღეთ პირველ ტაიმში და გუნდი ფაქტობრივად ჩამოიშალა. დიდი გაკვეთილი მივიღეთ. ახალი გუნდი ვართ — 12 ახალი ფეხბურთელი გვყავდა. დარწმუნებული ვარ, შემდეგ სეზონში უფრო დიდ მიზნებს მივაღწევთ.
ანტონ თოლორდავას კარიერა ნათელი მაგალითია იმისა, რომ შრომას, დისციპლინას და საკუთარი საქმის სიყვარულს ყოველთვის შედეგი მოაქვს.
თოლორდავა და თემურ ჩოგაძე დღეს ლიეტუვაში მხოლოდ ორი ქართველი ფეხბურთელი არ არიან — ისინი ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები არიან, რომლებიც საქართველოს დროშას ღირსეულად აფრიალებენ.
კაუნო ჟალგირისის ისტორიული ჩემპიონობა მათ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დასასრული არ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია უფრო დიდი მიზნებისა და ახალი წარმატებებისკენ.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 5 საათის ago19-წლამდელებმა საკვალიფიკაციო მარცხით დაიწყეს
გააზიარეთხორვატიაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 8 საათის agoთბილისის დინამო მინსკის დინამოს ორჯერ უმასპინძლებს
გააზიარეთთბილისის დინამო UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზეა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უკეთესი შანსი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 9 საათის agoნიკო ხუნაშვილი – იტალიური ტურნირის 14 წლის MVP
გააზიარეთ14 წლის ქართველი კალათბურთელი ნიკო ხუნაშვილი იტალიაში გამართული 15-წლამდელთა ტურნირის, Yebl-ის MVP გახდა. ხუნაშვილს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი