
33 წლის გამოცდილი შემტევი ავთანდილ ებრალიძე კარიერას ეროვნულ ლიგა 2-ის კლუბ გონიოში გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ტრანსფერის განხორციელებაში დიდი როლი ითამაშა საფეხბურთო მენეჯერმა გეგი კიკაბიძემ, რომელიც პორტუგალიურ სააგენტო Unik Sport-ში მუშაობს. სწორედ გეგის რეკომენდაციით დაინტერესდა გონიო ებრალიძით და მისი უშუალო ჩართულობით დაიხურა ტრანსფერი.
ებრალიძე, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, პორტუგალიის და კვიპროსის უმაღლეს ლიგებში თამაშის მდიდარი გამოცდილება აქვს, გონიოსთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი საკუთარ ქალაქს უბრუნდება, რათა გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.
etablo.ge ავთანდილ ებრალიძეს და გეგი კიკაბიძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩავწერეთ.
ავთანდილ ებრალიძე:
– რატომ გადაწყვიტეთ კარიერის გაგრძელება სწორედ გონიოში?
დიდი ხანი ვფიქრობდი საქართველოში დაბრუნებას. 18 წლის მერე საზღვარგარეთ ვთამაშობდი, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ოჯახთან ერთად დავბრუნებულიყავი. 33 წლის ვარ, რა თქმა უნდა, კიდევ დიდი ამბიციები მაქვს, მინდოდა, ფეხბურთი საქართველოშიც მეთამაშა.
– რამდენად განსაკუთრებულია თქვენთვის „სახლში დაბრუნება“ და ახლოს თამაში ოჯახთან/მეგობრებთან?
დიახ, მე წარმოშობით ლანჩხუთიდან ვარ, დედის მხრიდან – ბათუმიდან და მთელი ბავშვობა ამ ქალაქში მაქვს გატარებული. ძალიან გამიხარდა და სადმე თუ დავბრუნდებოდი, ეს გონიო იყო…
– უკვე იცით, როდის შეძლებთ მოედანზე დებიუტს და რომელ თამაშში დაეხმარებით გუნდს პირველად?
ჯერ არ ვიცი. ამ დღეებში გუნდს შევუერთდები, სამედიცინო შემოწმებას გავივლი, დაიწყება ვარჯიში და ამას მწვრთნელები გადაწყვეტენ.
– რა იყო მთავარი ფაქტორი, რაც გონიოში ყველაზე მეტად მოგეწონათ?
გონიოს ამბიცია, პერსპექტივა და ფესვებთან დაბრუნება. ძალიან გულით და მონდომებით უნდოდათ, რომ ჩამოვსულიყავი. საერთოდ, ჩემს კარიერას თუ გადავხედავთ, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ყოველთვის იმ გუნდში წავსულვარ, სადაც კარგად მეპყრობიან და ძალიან სურდათ ჩემი დამატება.
– რა მიზნებს ისახავს გონიო მიმდინარე სეზონში და რამდენად რეალისტურია მათი შესრულება?
ყოველ თამაშზე მოსაგებად გავალთ. გონიო ბოლო წლები ბრწყინვალედ გამოიყურება და ამ მომენტში მთავარი მიზანია, რომ საკმარისი ქულები დავაგროვოთ და ყველაფერი წინ არის.
– თქვენი კარიერის მანძილზე მხოლოდ უცხოეთში თამაშობდით, ახლა პირველად გამოდიხართ საქართველოში — რამდენად საინტერესოა ეს გამოწვევა თქვენთვის?
ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი ფეხბურთი იყო. შორიდან კი ვადევნებდი თვალს, მაგრამ მე არ მითამაშია. არ მინდა გამომივიდეს, რომ კარიერის ბოლოს ჩამოვედი. ჯერ კიდევ მაქვს დასამტკიცებელი. ამბიციური ფეხბურთელი ვარ და ყოველთვის მინდა ჩემი საუკეთესო ფორმა ვაჩვენო. კარგი გამოწვევაა და მინდა სტადიონზე ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები.
– გონიოს ფანებს რას პირდებით?
პროფესიონალიზმს. გუნდისთვის თავდადებით ვითამაშებ.
გეგი კიკაბიძე:
– როგორ დაიწყო გონიოსთან მოლაპარაკებები ავთანდილ ებრალიძის შესახებ?
მე და ავთოს ერთმანეთთან გვქონდა კონტაქტი სატრანსფერო ფანჯრამდე და სატრანსფერო ფანჯრისასაც. შევთავაზე ეს ვარიანტი, თავიდანვე უარი არ უთქვამს– დაფიქრდა და თქვა, რომ განგვეხილა და გვემუშავა ამ ვარიანტზე. დავურეკე გონიოს პრეზიდენტს, დავით დოლიძეს და გაუხარდა. ავთო ისეთი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებსაც გამოადგებოდა. გარკვეული პერიოდი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში, გონიოს ამბიციური გეგმებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რაც დათო დოლიძეს აქვს, ავთო ამ პროექტით დაინტერესდა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავის მხარეს დაეხმაროს – დასავლეთ საქართველოდან არის, შეიძლება ითქვას, რომ ბათუმი მისთვის მშობლიური ქალაქია. ეს ძალიან კარგი პრეცედენტია, როცა გამოცდილი ფეხბურთელები ბოლოს საქართველოს ჩემპიონატისთვის რაიმე ღირებულს აკეთებენ. ავთოს ეს გადაწყვეტილება დასაფასებელია.
– იყო თუ არა სხვა კლუბების დაინტერესება და რატომ გადაწყდა საბოლოოდ გონიო?
პირდაპირ ვიტყვი – საქართველოში მხოლოდ გონიო იყო დაინტერესებული. სხვებთან არ გვილაპარაკია, რადგან გონიოსგან თავიდანვე დიდი ინტერესი იყო – როგორც პრეზიდენტისგან, ისე მწვრთნელისგან, ირაკლი ბერიძისგან (გენერალური დირექტორი). მთელი სტაფი მოტივირებული იყო, რომ ავთო გონიოში ენახათ. ნამდვილად კარგი თანამშრომლობა იქნება ორივე მხარისთვის. პორტუგალიაშიც იყო ვარიანტები, მათ შორის ბოლო დღეს, მაგრამ ავთომ აქ წამოსვლა არჩია. ორმა მიზეზმა განაპირობა ეს: დახმარებოდა საკუთარ ქალაქს და მეორე, რომ ამბიციური პროექტია… დათო დოლიძე საკმაოდ მიზანდასახულია თავის გუნდთან ერთად.
– რას ნიშნავს ავთანდილისთვის გონიოში გადასვლა — მხოლოდ კარიერული ნაბიჯია თუ ემოციურმა ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა?
თავის ქალაქის გუნდში თამაში დამატებითი სტიმული იყო. თორემ იყო ვარიანტი პორტუგალიაში, მაგრამ თქვა – „ჩამოვალ და ჩემი ქალაქის გუნდს დავეხმარები, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ“.
– რას ელით ებრალიძისგან ამ ტრანსფერის შემდეგ — რა მიზნები აქვს როგორც მოთამაშეს, ასევე გუნდს?
მეორე ლიგის სატურნირო ცხრილში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა და არაფერია გამორიცხული. გონიოს შეუძლია გაძლიერდეს და იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის. კლუბის მაგივრად ვერ ვიტყვი კონკრეტულ მიზნებს, მაგრამ ყველას ძალიან უნდა, რომ სამეულში მოხვდნენ. ვნახოთ, ყველაფერი წინ არის. ზოგადად კი ეს არაა ერთდღიანი პროექტი – გონიოს უნდა, რომ წელს თუ არა, მომავალ წელს ითამაშოს უმაღლეს ლიგაში. ასეთ პატარა დროში შექმნილი გუნდისთვის ადგილობრივ დონეზე დიდი წარმატება იქნება.
– თუ არ ვცდები, თქვენ სხვა ტრანსფერებზეც იმუშავეთ გონიოსთვის — შეგიძლიათ გვითხრათ, ვის მოყვანაში მიიღეთ მონაწილეობა?
დიახ, მყავდა ერთი ფეხბურთელი – პორტუგალიელი ვარსკვლავი რიკარდო ნობრეგა, რომელსაც პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებში 32 თამაში აქვს ჩატარებული, ასევე ბენფიკასთან ერთად ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. თუმცა მისი პიროვნული თვისებებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ის ბრძოლისუნარიანობა და მენტალიტეტი ვერ გამოაჩინა, რაც ფეხბურთელს სჭირდება. ის პროფესიონალიზმი არ ჰქონდა და აქედან გამომდინარე, მე და ჩემმა სააგენტომ გონიოს ვუთხარით, რომ ასეთ ფორმატში ვერ ვითანამშრომლებდით. შესაბამისად, გონიოც ამ აზრზე აღმოჩნდა და დავემშვიდობეთ ამ ფეხბურთელს. ჩვენთვის მთავარი არა მხოლოდ ფეხბურთელის ტალანტია, არამედ მისი დამოკიდებულება ფეხბურთისა და გუნდისადმი. გონიოსთან კიდევ ვაპირებთ თანამშრომლობას.
ებრალიძე 18-წლიანი უცხოური კარიერის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და გონიოს ფეხბურთელი გახდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ემოციურიც იყო და კარიერულიც – სურს საკუთარ ქალაქს დაეხმაროს. აგენტი გეგი კიკაბიძე კი მიიჩნევს, რომ გონიოს პროექტი ამბიციურია და მიზნად უმაღლეს ლიგაში თამაშს ისახავს. ტრანსფერში გადამწყვეტი როლი კიკაბიძემ და მისმა სააგენტო Unik Sport-მა ითამაშეს.
იხილე მეტი
-
ტრანსფერები
/ 4 საათის agoმესამე მწვრთნელი ახალ სეზონში – ვინ ჩაიბარებს ნოტინგემს
გააზიარეთნოტინგემ ფორესტში ანჯე პოსტეკოღლუს მუშაობა ძალიან ხანმოკლე და წარუმატებელი აღმოჩნდა – ანჯემ ნოტინგემის მესაჭის...
ავტორი ლუკა ბერიძე -
ლეგიონერები
/ 4 საათის agoკიტეიშვილი იტალიაში – ვის სურს ოთარი
გააზიარეთგრაცის შტურმის და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი სერია ა-ს გუნდს დაუკავშირეს. ადგილობრივი...
ავტორი ლუკა ბერიძე -
ფეხბურთი
/ 5 საათის agoგაგრა სერბულ რელსებზე შედგა
გააზიარეთსაფეხბურთო კლუბ გაგრას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ეროვნულ ლიგაში კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტი ცდის...
ავტორი გეგა ლუკიჩი