საქართველო-ირლანდიის (5:34) მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „ბორჯღალოსნების“ მთავარ მწვრთნელს, რიჩარდ ქოქრილს კითხვა დავუსვით.
კითხვის შინაარსი ასეთი იყო – ეს გახლდათ ყველაზე ცუდი მატჩი, რაც კი საქართველოს ნაკრებს თქვენი მწვრთნელობის პერიოდში უთამაშიათ. რა შეფასებას მისცემდით და რას უნდა ველოდოთ მომავალში.
სამწუხაროდ, ქოქრილის პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან მის ნაცვლად პრესკონფერენციაზე მყოფმა დავით ნინიაშვილმა გვიპასუხა. თითქოს, უფრო თავის მართლებას ჰგავდა, მაგრამ აქეთ დაგვადანაშაულა და ბრალი ცუდ გულშემატკივრობაშიც კი დაგვდო. ეს ვიდეო ჩვენი საიტის სოციალურ გვერდზეც გვედო და მისი ნახვა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.
არადა, ჩვენ მწვრთნელის აზრი უფრო გვაინტერესებდა, ვიდრე მოედნიდან გამოსული მორაგბის. მარტივია – სპორტსმენი თამაშშია ჩართული და, შესაძლოა, ყველა ნიუანსი ვერ დაინახოს, გამოეპაროს. მწვრთნელმა კი ეს ყველაფერი უნდა დაინახოს და შეაფასოს.
ჩვენი მხრივ გეტყვით, რომ არავის ჰქონდა იმის ამბიცია რომ ირლანდიას მოვუგებდით. თუმცა, ამის სურვილი რომ გვაქვს, არც ეს არის დასამალი. უბრალოდ გვინდოდა ჩვენს ნაკრებს ირლანდიის მეორე გუნდთან უფრო ღირსეულად ეთამაშა, რაც ნამდვილად არ გამოგვივიდა. ასეთ დროს კი, კრიტიკის მიღებაც საჭიროა.
ერთია, რადგან საქართველოს ნაკრების ლიდერმა დაგვადანაშაულა, ბოდიში გვინდა მოვუხადოთ… ბევრი ბოდიში…
ბოდიში ნინი, რომ მეტოქემ ჰაერში თამაშში გადაგვიარა;
ბოდიში ნინი, რომ მეტოქემ მიწაზე თამაშში გადაგვიარა;
ბოდიში ნინი, რომ მეტოქემ დერეფანში გადაგვიარა;
ბოდიში ნინი, რომ ტიერ 1-ის გუნდებთან მოლსა და შერკინებაში ისეთი დომინანტური აღარ ვართ, როგორც ვიყავით;
ბოდიში ნინი, რომ მთავარმა მწვრთნელმა მთელი მატჩის განმავლობაში არც შეცვალა მხოლოდ ღერძი (9 და 10 ნომრები), რომელიც გუნდის მამოძრავებელი ძალაა;
ბოდიში ნინი, რომ ტიერ 1-ის გუნდებთან ხშირი თამაში არ გიწევთ;
ბოდიში ნინი, რომ შავ ლომს წელიწადში 3-4 თამაში უწევს;
ბოდიში ნინი, რომ გულშემატკივრები თავსხმა წვიმაში მოვიდნენ, რათა თქვენთვის ექომაგათ;
ბოდიში ნინი, რომ გულშემატკივრობა და ჟურნალისტობა არ ვიცით, მაგრამ ვისწავლით… აი, შემდეგ ჯერზე ირლანდიას რომ მოუგებთ, უკვე გვეცოდინება…