გამოგვიწერეთ

რაგბი

გიორგი ნოზაძე: შვიდკაცას შენების აქტიური ფაზა დავიწყეთ

გააზიარეთ

საქართველოს შვიდკაცა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ნოზაძე გასულ კვირაში მოთამაშეთა იმ ჯგუფს შეხვდა, რომლებზეც მომავალი წლის განმავლობაში აქცენტი გაკეთდება და პირველი ვარჯიშებიც გამართა. თუმცა, ჯერ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში. მსგავსი შეხვედრა და ვარჯიშები დასავლეთ საქართველოშიც გაიმართება

ივლისსა და აგვისტოში გამართული შვიდკაცას შიდა ტურნირებზე დაკვირვებით, ასევე მოთამაშეთა გამოცდილებისა და კლუბებში მათი ჩართულობის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ საქართველოში 50 მორაგბე დიდი 10-ის, პირველი ლიგის და რეგიონული ლიგის 16 გუნდიდან შეირჩნენ.

თუ რა მიზნები აქვს შვიდკაცა ნაკრებს დასახული და რას უნდა ველოდოთ მათგან, ამაზე გიორგი ნოზაძემ ისაუბრა, რომელიც რაგბის კავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„გასულ კვირაში დავიწყეთ გუნდის შენების აქტიური ფაზა. უკვე გვქონდა როგორც გაცნობითი შეხვედრა, ასევე ვარჯიში. მადლობა მორაგბეებს, რადგან გამოხატეს სრული მზაობა ჩაერთონ ისეთ ყველაზე დინამიურ და ყველაზე ინტენსიურ სპორტის სახეობაში, რასაც შვიდკაცა რაგბი ქვია. მადლობა კლუბებს, რადგან მათი ჩართულობისა და მხარში დგომის გარეშე ჩვენს შრომას შედეგი არ ექნება. ასევე აუცილებლად აღსანიშნავია სამწვრთნელო ჯგუფის მონდომება, რადგან წარმატების საწინდარი სწორი მენეჯმენტია…

გაფართოებულ ჯგუფს სოსო მათიაშვილი უკაპიტნებს, რომელსაც ზურგს უზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს. ჩვენმა პროგრამამ მორაგბეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, იგრძნობოდა ჟინი და მოტივაცია. ყველა მათგანს გათვითცნობიერებული აქვს, რომ წარმოადგენენ საკუთარ ქვეყანას და საქმის მიმართ დიდი ერთსულოვნება გამოავლინეს. ვიმედოვნებ, მათი შემართება ასე გაგრძელდება და სამწვრთნელო შტაბი მაქსიმუმს გავიღებთ, რათა მთელი წლის მანძილზე ხარისხიანი წვრთნის პროცესი შევინარჩუნოთ…

რაც შეეხება სელექციის პროცესს: მოვიცავით ყველა ლიგა და ამ ეტაპისთვის აღმოსავლეთ საქართველოს კლუბებიდან შეირჩა 50 მოთამაშე, რომელთაგან თვრამეტი 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატია. ჩვენი მიზანია, რომ მათ მივცეთ შვიდკაცასთვის საჭირო საბაზისო ცოდნა და უნარები, რათა 20-წლამდელთა ნაკრების გავლის (ან ამა თუ იმ მიზეზით იქ ვერმოხვედრის შემთხვევაში) შემდეგ გვქონდეს მათთან მუშაობის გამოცდილება და მარტივად ადაპტირდნენ შვიდკაცა რაგბის მოთხოვნებთან მიმართებაში…

მსგავსი გაფართოებული ჯგუფი გაკეთდება დასავლეთ საქართველოშიც, სადაც ფოთსა და ქუთაისში, თითო ლოკაციაზე ორ კვირაში ერთხელ, ვარჯიშებს ჩავატარებ. პროცესში ჩართული იქნებიან ადგილობრივი მწვრთნელებიც და მოხარული ვიქნები თუ მათივე ინიციატივით ჩატარდება დამატებითი ვარჯიშები. ვფიქრობ, ასეთი მიდგომით არცერთი საინტერესო მოთამაშე არ დარჩება ყურადღების მიღმა და ყველას ექნება თავის გამოჩენის შესაძლებლობა…

გამოცდილი მორაგბეები, რომლებიც წლების განმავლობაში თამაშობდნენ შვიდკაცას, მაგრამ ამჟამად გაფართოებულ შემადგენლობაში არ არიან, ჩვენი თვალთახედვის არეალში რჩებიან. თუ გაზაფხულის შვიდკაცა შიდა ტურნირებში თავს გამოიჩენენ, კვლავ დაბრუნდებიან ჩვენს სივრცეში…

შვიდკაცას ვარჯიშებისთვის შეირჩა ოთხშაბათი და ხუთშაბათი. ეს იმიტომ, რომ კაცთა ლიგებისგან განსხვავებით, დუბლშემადგენლობის ჩემპიონატის თამაშები ორშაბათ-სამშაბათსაც იმართება და არ გვსურს კლუბებს პრობლემები შევუქმნათ. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეკემბრის ბოლომდე ჩვენი ვარჯიშები არ ითვალისწინებს შვიდკაცასთვის საჭირო ფიზ-მომზადებას. 2026 წლამდე აქცენტი მხოლოდ ტექნიკური და ტაქტიკური უნარების დახვეწაზე გაკეთდება…

დეკემბრის ბოლოს გვექნება შიდა სელექცია და გაფართოებული შემადგენლობა 25 მოთამაშემდე შემცირდება. ვინც ამ მცირე ჯგუფში ვერ მოხვდება, დაკვირვება გაგრძელდება და გაზაფხულზე დაგეგმილ შვიდკაცას ტურნირებში თავის გამოჩენის შემთხვევაში ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან ძირითად ჯგუფში. შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულზე გასამართ შვიდკაცას ტურნირებზე გვექნება დამატებითი სელექცია, რათა არცერთი საინტერესო მოთამაშე არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა…

გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: განვითარების გეგმა მოიცავს ბევრ თამაშს როგორც კაცთა, ასევე ჭაბუკთა და საფესტივალო ასაკის გუნდებს შორის. წელს 14 (საფესტივალო), 16 (ჭაბუკთა ბ ლიგა) და 18-წლამდე (ჭაბუკთა ა ლიგა) გუნდებს შორისაც გვექნება შვიდკაცას ტურნირები, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ შევკრათ 18-წლამდე შვიდკაცა ნაკრები და 2026 წლის ზაფხულიდან ჩავერთოთ რაგბი ევროპის ჩემპიონატში. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ სამომავლოდ, როგორც შვიდკაცა, ასევე 15-კაცა ნაკრებებში, გვყავდეს საერთაშორისო გამოცდილების მქონე, შესაბამისი უნარების მოთამაშეები“.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად რაგბი