მსოფლიოს რაგბის გადაწყვეტილებით, 2026 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, დავით კაჭარავა საუბრობს:
უკვე მეორედ ვმასპინძლობთ 20-წლამდელთა ჩემპიონატს, რაც არა მხოლოდ ქართული რაგბის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ამბავია. ტურნირის ფორმატი იზრდება და 2026 წელს საქართველოში 12-ის ნაცვლად 16 გუნდი ითამაშებს. გამოწვევას კარგად უნდა გავართვათ თავი და 2017 წლის მსგავსად ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი ჩავატაროთ.
ამ ყველაფერში აქტიურადაა ჩართული ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც მხარს გვიჭერს და გვერდში გვიდგას. სწორედ ხელისუფლების დახმარებით გახდა შესაძლებელი ტურნირის მასპინძლობის უფლების მოპოვება, რადგან მათი გარანტიების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.
ვფიქრობ, 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოში რაგბის განვითარების კუთხით ახალ ტალღას გამოიწვევს და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება რაგბით. დამწყებ მორაგბეებს ექნებათ შესაძლებლობა თავისი თვალით იხილონ თუ როგორ თამაშობენ მსოფლიო რაგბის გრანდები და ამომავალი ვარსკვლავები.
თამაშები გაიმართება როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში და ეს კიდევ უფრო მეტ პოპულარობას მოუტანს ქართულ რაგბს. გვინდა ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი ჩავატაროთ.
როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ რაგბის გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა დაესწრონ თამაშებს და მონაწილეობა მიიღოს ამ დიდ სარაგბო ზეიმში.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ქვეყანას და რაგბის სამყაროს ამ დიდ მოვლენას. მადლობა, როგორც მსოფლიო რაგბს ამ გადაწყვეტილებისთვის, ასევე ჩვენს ხელისუფლებას გვერდში დგომისთვის. მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. წინ არის გამოწვევა, რომელსაც მაქსიმალურად კარგად უნდა გავართვათ თავი , როგორც სპორტული, ასევე ოპერაციული, მარკეტინგული და სხვა ნებისმიერი მიმართულებით.
დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნისა და რაგბისათვის ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მთელი საქართველო ზეიმით შეხვდება. რთულ პერიოდში სპორტი არის მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც დიდი ერთობის და სიხარულის მოტანა შეუძლია, მით უმეტეს, რომ საქართველოში სპორტი პრიორიტეტად არის დასახელებული და ასეთი დონის ტურნირის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“.