გამოგვიწერეთ

ინტერვიუ

“ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი” – ინტერვიუ ნიქოზიის ოლიმპიაკოსის ფეხბურთელთან, რეზი ინჯგიასთან

გააზიარეთ

რეზი ინჯგია თბილისის ლოკომოტივის აკადემიის აღზრდილია, თუმცა კარიერამ ის საქართველოს ფარგლებს გარეთაც არაერთგზის გაიყვანა. გულშემატკივრებმა თელავის, სამტრედიას, ბათუმის დინამოს შემადგენლობიდან გაიცნეს, ასევე ითამაშა სერბულ რადნიჩკიში და კვიპროსულ კლუბებში – აპოლონში, (სადაც ქვეყნის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა) და დოქსაში. ასევე, 24 წლის მარცხენა ფლანგის შემტევს საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები აქვს გამოვლილი.

ამჟამად რეზი ახალ ეტაპზე გადადის – ის კარიერას კვლავ კვიპროსში, დედაქალაქურ ნიქოზიის ოლიმპიაკოსში გააგრძელებს, რომელმაც უმაღლეს ლიგაში აღზევება რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად იზეიმა. ტრანსფერი უკვე დადასტურებულია და ქართველი ლეგიონერი მალე ახალ კლუბს შეუერთდება.

ჩვენ რეზის დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, სადაც ტრანსფერზე, სამომავლო გეგმებზე, ნაკრებზე ოცნებასა და მიზნებზე გვესაუბრა.

– როგორ შედგა ტრანსფერი ნიქოზიის ოლიმპიაკოსში? ვინ დაგიკავშირდა პირველად და როგორ განვითარდა ყველაფერი?

ორიოდ თვის წინ ბერძენი აგენტი დამიკავშირდა, რომელიც მანამდეც იცნობდა ჩემს შესაძლებლობებს. მითხრა, რომ ნიქოზიის ოლიმპიაკოსის მხრიდან ინტერესი იყო, შემომთავაზა პირობები და მითხრა, რომ ჩემს მონაცემებს გუნდს მიაწვდიდა. მალე თავად კლუბი დამიკავშირდა, მოეწონათ ჩემი სტილი და შანსი მომცეს.

ამას ისიც დაემატა, რომ ოლიმპიაკოსის მთავარი მწვრთნელი, გეორგიოს კოსტისი შარშან თელავს წვრთნიდა და მიცნობდა. სიმართლე რომ ვთქვა, საქართველოდან წასვლა მინდოდა და ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი.

– რამდენად იცნობდი კლუბს და ზოგადად კვიპროსის ჩემპიონატს? ადაპტაცია მარტივი იქნება?

– კვიპროსში უკვე წელიწადნახევარი მაქვს გატარებული, ამიტომ არანაირი სირთულე არ მგონია დამხვდეს. აქაურობა ჩემთვის უკვე ნაცნობია – კლიმატი, ფეხბურთის სტილი, ცხოვრების სტილი. რაც შეეხება უშუალოდ ოლიმპიაკოსს – ვიცოდი, რომ ეს გუნდი კვიპროსში ისტორიულია, ჰქონია აღმავლობის და ვარდნის პერიოდებიც, მაგრამ ახლა უმაღლესში დაბრუნება ძალიან კარგი შესაძლებლობაა როგორც კლუბისთვის, ისე ჩემთვის.

– გუნდის უმაღლეს ლიგაში გადასვლამ რამდენად ითამაშა როლი შენს გადაწყვეტილებაში?

დიდი როლი ითამაშა. ყველასთვის ცნობილია, რომ კვიპროსის ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერია. ლიმასოლის აპოლონი, აელი, ანორთოსისი, ომონია და აპოელი ყოველთვის აკვირდებიან ახალ მოთამაშეებს. უმაღლეს ლიგაში წარმატებული სეზონის შემდეგ შეიძლება კარიერის მომდევნო დიდი ნაბიჯიც გადაიდგას. ამიტომ ახლა ჩემი მთავარი მიზანია – თავი გამოვიჩინო და კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებისთვის საინტერესო გავხდე.

– როგორ შეაფასებ ზოგადად კვიპროსის საფეხბურთო დონეს?

მართლაც კონკურენტუნარიანი ლიგაა. თითქმის ყოველ წელს მინიმუმ ორი კვიპროსული კლუბი თამაშობს კონფერენს ლიგასა თუ ევროპა ლიგაზე და ზოგჯერ ჯგუფურ ეტაპზეც გადიან. კარგი ინფრასტრუქტურა აქვთ, ხარისხიანი მწვრთნელები, ძალიან პროფესიონალური მიდგომაა ყველგან. ბევრ უცხოელ ფეხბურთელს იზიდავს აქაურობა – იდეალური ადგილია კარიერის განვითარებისთვის.

– რა არის შენი ძირითადი მიზანი ახალ გუნდში – როგორც პირადი, ასევე გუნდური?

მინდა თავი ისე წარმოვაჩინო, რომ მომავალში დიდმა გუნდებმა დამინახონ და დაინტერესდნენ – არა მხოლოდ კვიპროსში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ეს სეზონი ჩემს კარიერაში გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. რაც შეეხება გუნდურ მიზანს – მთავარია ოლიმპიაკოსი ლიგაში დარჩეს და რაც შეიძლება მაღალ ადგილზე გავიდეს. თუ ასე მოხდა, მეც უფრო მეტს მივაღწევ.

– რამდენად გსურს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში?

როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც უდიდესი პატივი იქნება ეროვნული გუნდის ნაწილი რომ გავხდე. მინდა კვიპროსში თამაშით და სტაბილური გამოსვლებით ეს მიზანი რეალობად ვაქციო. ნაკრებში დებიუტის დრო რომ დადგეს – ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იქნება.

– ბათუმის დინამოზე რას გვეტყვი?

ბათუმის დინამო იყო ადგილი, რომელმაც საშუალება მომცა კვლავ უცხოეთში წავსულიყავი. საოცარი გარემო იყო, შესანიშნავი გულშემატკივრებით. მადლობას ვეუბნები იმ ხალხს, ვინც იმ პერიოდში გვერდში მედგა.

– რომ არა ფეხბურთელი, ვინ იქნებოდი? გაქვს სხვა ინტერესებიც?

ალბათ ფეხბურთს არ გავცდებოდი – მწვრთნელობა ძალიან მიზიდავს. ყოველთვის ვაკვირდები დეტალებს, ვსწავლობ ტაქტიკებს, და ვფიქრობ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ აუცილებლად ვცდი თავს ამ მიმართულებით. მჯერა, გამოცდილება, რომელიც თამაშისას მიგროვდება, ამაში ძალიან დამეხმარება.

– უკვე შეუერთდი ახალ გუნდს? როგორია მოლოდინი, ფანებზე რა იცი?

ჯერ არა, 15 ივნისს მივფრინავ. კლუბში ყველა მელოდება. რაც შეეხება ფანებს, ბევრი მსმენია, რომ ძალიან ერთგული და აქტიური არიან, საშინაო თამაშებზე ტრიბუნებს ავსებენ. მიხარია, რომ ასეთ გარემოში მომიწევს თამაში, ფეხბურთელს ფანების მხარდაჭერა მოტივაციას აძლევს.

რეზი ინჯგიას ახალი თავგადასავალი უკვე დაწყებულია. ვუსურვოთ წარმატება და იმედი ვიქონიოთ, რომ მალე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილავთ ამ მებრძოლ და მიზანდასახულ ფეხბურთელს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ინტერვიუ