სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს ახალ სეზონში ახალი გუნდის, ტორონტო რეპტორსის შემადგენლობაში ითამაშებს.
პირველი მატჩი 8 ოქტომბერს არის ჩანიშნული. მანამდე მამუმ ტორონტო დატოვა და საქართველოს ნაკრებს ლიეტუვაში შეუერთდა, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის.
საქართველოს ნაკრებში წამოსვლამდე 26 წლის ქართველმა კანადურ მედიას კითხვებზე უპასუხა.
_ რა იყო ტორონტო რეპტორსთან კონტრაქტის გაფორმების მიზეზი?
_ გუნდის გამო. გარდა ამისა, კალათბურთელს მუდმივად სურს ზრდა, განვითარება და ბევრი თამაშის მოგება. ორგანიზაცია შესანიშნავია, მთავარი მწვრთნელი დარკო რაიაკოვიჩი დიდებული ადამიანია. ამ სპეციალისტმა კარგად იცის როგორც ევროპული, ისე ამერიკული კალათბურთი. ვფიქრობ, შეუძლია, ჩემი ბევრი უნარი გამოაჩინოს და ყველას ანახოს, რომ ჩემი ადგილი ლიგაშია. ამიტომაც მიხარია, რომ რეპტორსში ვითამაშებ.
_ თავისუფალი სროლის საშუალება რომ გქონდეთ რომელ ადგილს აირჩევდი?
_ პარკეტის მარცხენა მხარეს, 45°-იანი დახრით, ანაც უკიდურესი კუთხიდან.
_ ვინ არის ყველაზე დიდი ინსპირაცია?
_ ჩემი შუათანა ძმა, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. პირველ რიგში, როგორ უნდა ვიყო დიდებული ადამიანი, როგორ უნდა ვცე პატივი ყველას, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა მომექცნენ. შესაბამისად, ის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანია მსოფლიოში.
_ საყვარელი კალათბურთელი?
_ ტონი კუკოჩი. მაღალი კალათბურთელი და ცაცია, რომელსაც შეუძლია პასის მიცემა, სროლა… ვფიქრობ, რომ ის „თანამედროვე მაღალი“ იყო.
_ გითამაშიათ იანისთან ერთად. ერთი რამ, რაც მის შესახებ არ ვიცით…
– საჭმელები უყვარს. ხანდახან, არ მჯერა, რომ არაჯანსაღ საკვებს იღებს, მაგრამ ასეც ხდება. წარმოუდგენელია, თუ როგორ გამოიყურება მისი სხეული.
_ იგივე კითხვა ვიქტორ ვემბანიანაზე…
_ ქართული სამზარეულო უყვარს ძალიან. ერთხელ ქართულ რესტორანში წავიყვანე, ნიუ იორკში, რის შემდეგაც ის საკუთარი ნებით სამჯერ წავიდა. როცა იქ იყო, სელფს ხაჭაპურთან ერთად ყოველთვის მიგზავნიდა.
_ საყვარელი ქართველი კალათბურთელი…
_ ზაზა ფაჩულია. ის ლიგაში 14 თუ 15 წლის განმავლობაში თამაშობდა. დიდებული კალათბურთელია. იცოდა საკუთარი როლი. ლიგის ჩემპიონიც ორჯერ გახდა.
_ საყვარელი ქართველი ფეხბურთელი…
_ რა თქმა უნდა, კვარაცხელია. ის ჩემი თაობიდანაა, ახალგაზრდაა. მან ძალიან ბევრ რამეს მიაღწია ცხოვრებაში.