ზაფხულში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის შეგირდები ფარერის კუნძულებისა და კაბო ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
მოახლოვებული მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა.
“მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ჯგუფში იოლი გასეირნება გველოდება. ესპანეთი, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის ფავორიტია და მათთან ბრძოლა ყველას გაუჭირდება. მთავარი ბრძოლები მეორე ადგილისთვის იქნება…
გურამ კაშია ოთხი წელია საქართველოს ნაკრების კაპიტანია და მოვალეობას შესანიშნავად ასრულებს. იქნება თუ არა მომავალში ნაკრების საყრდენი მოთამაშე? ეს დამოკიდებულია კლუბში მის სათამაშო ფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის 37 წლისაა, ამ ეტაპზე კვლავაც არის ამ ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი. მის არყოფნაში ამ მატჩებისთვის კაპიტნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია…
რა ტაქტიკით ვითამაშებთ ამხანაგურებს? ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია მოედანზე ბურთით ვინ რას გააკეთებს…
გრძელი სეზონის შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელს დასვენება სჭირდებათ და ახლა მათ მიეცემათ შანსი, რომლებსაც დიდი ხანია ნაკრებში არ უთამაშიათ და ვისაც შანსი ნაკლებად ეძლევა. ეს კონკურენციისთვის კარგია, რადგან ნაკრები მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული…
ხარებაშვილს დიდი ხანია ვაკვირდები. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მსურდა ის უფრო ახლოს გამეცნო, ნაკრებისთვის შემეჩვია. თუმცა, გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ამ ორ მატჩში ითამაშებს.
ხვიჩას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. იმედია, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს და ნაკრების გასახდელში ერთადერთი არ ვიქნები, რომელსაც ეს ტურნირი ექნება მოგებული.
მეკარეებს რაც შეხება, ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, მეორე – ლუკა გუგეშაშვილი. ეს აზრი არ შემიცვლია და ამ მატჩებში ძირითადი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი იქნება,“ – აღნიშნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 5 ივნისს დინამო არენაზე ფარერებთან გამართავს, 8 ივნისს კი, კაბო ვერდეს ქუთაისში უმასპინძლებს.