გამოგვიწერეთ

კალათბურთი

თსუ ლიდერია, დელტა განწირული ჩანს

გააზიარეთ

დასრულდა სუპერლიგის მე-17 ტური და სატურნირო ცხრილში დიდად არაფერი შეცვლილა.

ყველაზე დაძაბული მატჩი გორში გაიმართა, სადაც ივერიონმა ერთპიროვნული ლიდერი თსუ 80:77 დაამარცხა. მასპინძლებს ბოლო ექვსი მატჩი წაგებული ჰქონდათ და მოგების გემოს გახსენება სურდათ. ასეც მოხდა – ივერიონმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო და ფლეი ოფში გამსვლელ მერვე ადგილზე გამაგრდა. თსუ ლიდერად დარჩა, მაგრამ უახლოეს მდევრებთან ახლა მხოლოდ ერთი წაგება აშორებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მეორე პოზიციაზე მყოფ ზესტაფონის მარგვეთს 81:78 მოუგო.

წინა ტურში კავკასიელებმა სტუმრად თელავი დაამარცხეს, ახლა კი, მარგვეთის ძლევით წელშიც გაიმართნენ და ცხრილშიც დაწინაურდნენ. საკმაოდ დაძაბული და თანაბარი შეხვედრის დასკვნით პერიოდში კავკასიელებმა შეძლეს ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა.

რაშმა ქუთაისს უმასპინძლა და 81:86 წააგო. რაში მეორე წრეში კარგად ათამაშდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა, მაგრამ ჯერ ისევ სახიფათო ზონაში რჩება. ქუთაისისთვის კი ბევრი არაფერი შეცვლილა – 10 მოგებითა და ხუთი მარცხით მესამე ადგილზეა, მაგრამ ფორმალურად მხოლოდ თსუ-ს ჩამორჩება.

10 მოგება და ხუთი წაგება აქვს ბათუმსაც, რომელმაც საშინაო არენაზე ტყიბულის ორბი 80:71 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ზღვისპირელებმა მეორე პერიოდში მოპოვებული 18-ქულიანი უპირატესობა თითქმის ბოლომდე გაანიავეს. შეხვედრის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე ორბმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და თითქოს დაძაბული ფინალი უნდა გამოსულიყო, მაგრამ მასპინძლებმა გიორგი ოჩხიკიძის, დავით ლომიძისა და მაირინ ტომასის შედეგიანობით 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.

ტური გურჯაანში დასრულდა, სადაც დელტა პრინციპულ მატჩში რუსთავს უმასპინძლა და 69:75 წააგო.

მატჩი რუსთაველებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედი 14 ქულით მოიგეს. ასეთივე სხვაობა იყო დიდ შესვენებაზეც. მესამე პერიოდის შემდეგ კი, 11 ქულა დარჩა. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს, ბოლო მეოთხედში მეტოქეს რამდენჯერმე ოთხ ქულამდე მიუახლოვდნენ, მაგრამ მათი მაქსიმუმი ეს გამოდგა და კვლავაც ბოლო ადგილზე რჩება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი