
18 წლის ზუკა ქავთარაძე ორბის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია. მან გუნდის ღირსების დაცვა სულ ახლახან დაიწყო, მაგრამ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში, ბორჯომის წინააღმდეგ (მესამე ლიგაში), ისტორიული შედეგი დააფიქსირა – გახსნა ანგარიშიც და კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა (17 წლის ასაკში). ზუკა საქართველოს 19 წლამდე ნაკრების შეკრებაზეც იყო გამოძახებული, ხოლო სელეროს აკადემიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.
ქავთარაძე 6 თვეა, რაც გუნდშია და მთავარი მწვრთნელის, დავით დიღმელაშვილის ნდობა მალევე მოიპოვა. ახალგაზრდა ნახევარმცველი ორბის ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა…
Etablo.ge ზუკა ქავთარაძეს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
– როდის და სად დაიწყე ფეხბურთის თამაში?
6 წლის ასაკში, ბასას საფეხბურთო სკოლაში დავიწყე. თავიდან მეკარის პოზიციაზე მაყენებდნენ და თითქმის ერთი წელი იქ ვითამაშე. შემდეგ გადავედი ნახევარმცველის ამპლუაში, სადაც უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. პირველი მწვრთნელები გია პაპინაშვილი და ვაკა ჩოჩუა იყვნენ.
– ბავშვობაში რომელი ფეხბურთელი იყო შენი კუმირი და რატომ?
ბავშვობაში ჩემი კუმირი ლიონელ მესი იყო. მისით მოვიხიბლე არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, არამედ მისი ადამიანური თვისებების გამოც. მოედანზე ყოველთვის თავმდაბალი, გუნდისთვის თავდადებული და საოცრად ნიჭიერია.
– რომელ კლუბს გულშემატკივრობ და როგორი ემოციით ადევნებ თვალს მათ თამაშებს?
2014 წლიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი ვარ. მათ თამაშებს ყოველთვის დიდი ემოციით ვუყურებ, თუმცა ხანდახან ნერვებსაც მიშლიან – მაგრამ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი გულშემატკივრობა, სიხარულიც და იმედგაცრუებაც. მანჩესტერში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეშია.
– რომ არა ფეხბურთი, რომელ პროფესიას აირჩევდი?
ფეხბურთში დარჩენა ძალიან მინდა. ჩემი მიზანია, მომავალში მწვრთნელი გავხდე. ამ სფეროს გარეთ საკუთარ თავს ვერ წარმოვიდგენ.
– შენი აზრით, რა თვისება გეხმარება ყველაზე მეტად მოედანზე წარმატების მიღწევაში?
სიმშვიდე და მოთმინება – ვფიქრობ, ეს ორი თვისება მაძლევს საშუალებას, სწორი გადაწყვეტილებები მივიღო და თამაშში ეფექტურად ჩავერთო.
– როგორ მოხვდი „სელეროში“ და რამდენი წელი გაატარე იქ?
„სელეროში“ წელიწადნახევარი გავატარე. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იქ მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა და მინდა მადლობა გადავუხადო ჯანო კენჭიაშვილს, სანდრო ტატიშვილს და ნიკა ჭუმბაძეს იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. ბავშვების განვითარებისთვის საუკეთესო აკადემიაა.
– როცა გაიგე, რომ „ორბში“ უნდა გადასულიყავი, რა ემოციები დაგეუფლა?
როცა გავიგე, რომ ჩემი თამაში შეამჩნიეს და შანსი მომცეს, ძალიან გამიხარდა. მადლობა მწვრთნელ დავით დიღმელაშვილს – ის ჩემს თამაშებს აკვირდებოდა და საბოლოოდ გადაწყვიტა, გუნდში დავემატებინე.
– ეს იყო შენი პირველი პროფესიული კლუბი – როგორ მიგიღეს, როგორია კოლექტივში ატმოსფერო?
პირველად რომ მივედი, ცოტათი დაძაბული ვიყავი, რადგან ახალი გარემო იყო და ყველა ჩემთვის უცნობი. თუმცა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს უხერხულობა გამქრალიყო. ატმოსფერო ძალიან მეგობრულია და ადაპტაცია სწრაფად გავიარე.
– პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაიტანე და ამავე დროს კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ ვინც ეს შეძლო. ბურთის კარში აღმოჩენის მომენტი დეტალურად გაიხსენე — რა ხდებოდა მოედანზე და შენს გულში?
ეს იყო სეზონის პირველი თამაში და ჩემთვის სადებიუტო შეხვედრა. როდესაც ბურთი კარში შევიდა, ემოციები ერთდროულად ამიფეთქდა – სიხარული, ადრენალინი და ცოტათი ნერვიულობაც, რადგან ეს იყო ჩემი პირველი გოლი ოფიციალურ მატჩში. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. გოლი ფეხბურთელებთან და სტაფთან ერთად ავღნიშნე.
(ფოტო გადაღებულია სადებიუტო გოლამდე რამდენიმე წამით ადრე )
– რას ნიშნავს შენთვის დავით დიღმელაშვილთან მუშაობა? მისგან რომელი რჩევა გახსოვს ყველაზე კარგად? რა განსაკუთრებულს გაძლევს?
დავით დიღმელაშვილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. წარსულში საყრდენი ნახევარმცველი იყო და ჩემთვის მაგალითია. ამ ექვსი თვის განმავლობაში დაცვაში თამაშის ბევრი ნიუანსი მასწავლა. მისი რჩევები ყოველთვის მეხმარება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა რთულ სიტუაციაში ვარ მოედანზე.
– დმიტრი რეკიშთან ურთიერთობაზე გვიამბე — მოედანზე ხშირად გაძლევს რჩევებს. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ურთიერთობა „მასწავლებელი-მოსწავლის“ პრინციპით შენდება?
დიახ, ზუსტად ასეა. როცა ახალ მოთამაშედ მოვედი, ბევრი მეხმარებოდა, მაგრამ დმიტრი რეკიში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩემთან აქტიურად მუშაობდა. ის არა მხოლოდ თამაშის დროს, არამედ მის გარეთაც მაძლევს რჩევებს. ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია და ასევე შესანიშნავი ადამიანი.
– რა არის შენი მთავარი კარიერული მიზანი?
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და ტოპ-5 ევროპულ ლიგაში თამაში.
– თუ არჩევანის საშუალება გექნებოდა, რომელი გუნდის ფორმას მოირგებდი პირველი?
„მანჩესტერ იუნაიტედის“. ეს ბავშვობიდან ჩემი ოცნებაა და იმედია ოდესღაც ახდება.
ზუკა ქავთარაძე ქართული ფეხბურთის იმ ახალი თაობის წარმომადგენელია, რომლებიც მოტივაციით, შრომისმოყვარეობით და მიზანდასახულობით გამოირჩევიან.
დებიუტშივე გატანილი ისტორიული გოლი მხოლოდ დასაწყისია მისი კარიერისა, ხოლო სელეროში და ორბში მიღებული გამოცდილება მყარ საფუძველს უქმნის მომავალი წარმატებებისთვის. როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი ოცნებაა ტოპ-ლიგაში თამაში და ეროვნული ნაკრების ფორმის მორგება – მიზნები, რომელთა მიღწევაც, მისი დამოკიდებულებისა და სამუშაო ეთიკის გათვალისწინებით, სრულიად რეალურია.
იხილე მეტი
-
ძიუდო
/ 1 საათის agoთუშიშვილმა ევროპა საქართველოს ჰიმნით დახურა
გააზიარეთთბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 4 საათის agoქალთა ნაკრები ფარერებთან დამარცხდა
გააზიარეთსაქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი სტუმრად, ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართა...
ავტორი ლუხუმ მუშკუდიანი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 4 საათის agoეროვნულ ლიგას იბერია ერთპიროვნულად ლიდერობს
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური დასრულდა, რომელიც ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. გაგრა-ტორპედო 2:2...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი