20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს წელს იტალია 29 ივნისდან 19 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. თამაშები ლომბარდიისა და ვენეტოს ოთხ ქალაქში გაიმართება: კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა.
საქართველო C ჯგუფში მოხვდა და 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიას შეხვდება; 4 ივლისს ახალ ზელანდიას ვიადანაში ეთამაშება; 9 ივლისს კი იტალიას კალვიზანოში შეერკინება; ნახევარფინალური თამაში 14 ივლისს ვერონაში, ან ვიადანაში გვექნება, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება.
20-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია მოხვდნენ; B ჯგუფში – საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი.
მოახლოვებული ტურნირისთვის მზადებას უმცროსი ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე აგრძელებენ.
მთავარი მწვრთნელის, ლადო კილასონიას განკარგულებაში ამჟამად 40 მოთამაშეა. გუნდს უკვე შეუერთდა ლეგიონერთა ნაწილიც.
„დიდი შეკრება დასრულდა და მზადების დასკვნით ფაზაში ვართ, რომელიც მოკლე, 3-4-დღიან შეკრებებს მოიცავს. შემოგვიერთდნენ ლეგიონერები და მოცემული მომენტისთვის მოთამაშეთა 95% ჩვენთან არის. გვაქვს პატარ-პატარა ტრავმები და ვნახოთ რა იქნება. გამოგვაკლდა გიორგი ხაინდრავა, რომელიც ეროვნულ გუნდშია გამოძახებული. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, როდესაც 20-წლამდელებს მთავარ ნაკრებში ეძახიან, მაგრამ ჩემპიონატზე ძალიან დაგვაკლდება,“ – აღნიშნა ლადო კილასონიამ.
მზადების ფარგლებში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თებერვლის ბოლოს სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან ორი ამხანაგური თამაში გამართეს, 14 ივნისს 18 საათზე კი ავჭალაზე ინგლისს ესპარინგებიან.
„ჩვენი მიზანი იმ შეცდომების გამოსწორებაა, რომელთა გამოც სამხრეთ აფრიკასთან დავზარალდით, მაგრამ თამაშებს შორის დიდი წყვეტა იყო და გასახსენებელი და გასამეორებელი გვაქვს სათამაშო სტრატეგია. გვაქვს კიდევ ერთი მოსამზადებელი შეხვედრა ინგლისთან, სადაც ყურადღება დაეთმობა როგორც შეთამაშებას, ასევე სელექციას. როდესაც თამაშებს შორის ამხელა წყვეტაა, სხვა გამოსავალი არ რჩება. არის პოზიციები, სადაც ჯერ კიდევ გვაქვს კითხვის ნიშნები. მნიშვნელოვანია ვნახოთ როგორ ფორმაში არიან მორაგბეები, როგორია საერთო სურათი და ასევე ის, თუ როგორ იმუშავებს ჩვენს მიერ დასახული გეგმა,“ – ამბობს კილასონია.