
ქუთაისის არესმა მოქმედ ჩემპიონ ბათუმს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა. სტუმრებმა მატჩის მიწურულს მასპინძელთა უყურადღებობით ისარგებლეს, საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და 35:29 მოიგეს. სართად, „სარბიელის სინი“ ქუთაისში დააბრუნეს.
სეზონის სტარტზე სინს აია ფლობდა და მესამე ტურში ლელოს გადაულოცა, საიდანაც ერთ კვირაში ბათუმში აღმოჩნდა, ახლა ისევ ქუთაისში, მაგრამ არესის ოფისში აღმოჩნდა.
crocobet დიდი 10-ის მეექვსე ტურს ბათუმი დაუმარცხებელი შეხვდება, მაგრამ დრამატული მატჩის 75-ე წუთზე დაშვებული შეცდომა წარმატებული სერიის შეწყვეტის ფასად დაუჯდა. მიუხედავად ამისა, ზღვისპირელებს მოპოვებულმა ნუგეშ-ქულამ ლიდერობის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. ბათუმს ახლა 23 ქულა აქვს, მაგრამ არესი უკვე 22 ქულით უდგას კვალში. ისიც აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთ მდევარ აიას მეექვსე ტურის თამაში ხვალ ელის და მისმა შედეგმა შესაძლოა ლიდერთა მდგომარეობაზე გავლენა იქონიოს.
„ბათუმი არენაზე“ გამართული შეხვედრა დრამატული და კარგი საყურებელი გამოდგა. ბათუმი დებიუტშივე დაწინაურდა – პიტერ ვილიამსმა ხაზი გაჭრა, ხოლო ლელო ვაჟა მიქაძემ გარდასახა.
არესმა სერიოზულად უპასუხა: დავით კვირიკაშილმა სისწრაფეში მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და ლელომდე ირბინა, ცოტნე კვესელავამ კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა; მერე ხუთმეტრიანი დერეფნიდან შეუტია და რეზი ბაკურაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ძელმა აისხლიტა; ტაიმის შუაში კვესელავამ შორიდან გატანილი ჯარიმით არესის უპირატესობა გაზარდა; ამას ზაალ ცქიფურიშვილის ლელო და კვესელავას გარდასახვა მოჰყვა;
ტაიმის ბოლო ბათუმა ზურა ნინიძის ლელოთი და მიქაძის გარდასახვით სხვაობა შეამცირა – 14:22.
მეორე ტაიმში ბუბა ნოზაძემ და კვესელავამ ჯარიმები გაცვალეს, დასკვნითი 20 წუთი კი მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. 65-ე წუთზე ბათუმმა მეტოქის 22-ში მოპოვებული დერეფნიდან შეუტია, ბურთი საპირისპირო ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და რომა მახათაძემ ალამთან ლელო აკრობატულ ნახტომში გაიტანა. ბუბა ნოზაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა; თამაში რომ განახლდა ქუთაისელები ფეხით გადაკიდებლ ბურთზე თამაშისას შეცდნენ, ნოზაძემ ფეხით სამჯერ შეიცურა ოვალი და ლელოში დაამიწა; კვესელავამ გატანილი ჯარიმით ქუთაისელთა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა; ორიოდე წუთში რთული პოზიციიდან შესრულებული მისი ჯარიმა ჰორიზონტალური ძელის ქვეშ გაძვრა, ბათუმელები სიტუაციაში ვერ გაერკვნენ, ამასობაში არესელი შოთა ხელაძე ლელოს გაიტანდა, მაგრამ ოვალს ხელი ნოზაძემ წაკრა. გვერდით მსაჯებთან თათბირის შემდეგ მთავარმა მსაჯმა შოთა თევზაძემ ნოზაძე გაასინბინა და არესის სასრგებლოდ საჯარიმო ლელო ჩასტვინა.
ბათუმმა სცადა მატჩის გადარჩენა, მაგრამ სტუმრებმა თავი დაიცვეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს – 35:29.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბათუმის მგეზავი, შეცვლაზე შესული ბუბა ნოზაძე გახდა. ცოტა არ იყოს, გასაკვირად…
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 9 საათის agoსამხრეთ კორეამ მუნდიალზე ჩეხეთს აჯობა
გააზიარეთA ჯგუფის მეორე მატჩის პირველი ტაიმი არცთუ სანახაობრივი გამოდგა და შესვენებამდე კარში მხოლოდ ერთი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სანაკრებო ტურნირები
/ 10 საათის agoმექსიკამ მუნდიალი მშვიდი მოგებით გახსნა
გააზიარეთ16 წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების მატჩით გაიხსნა. 2010...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 2 დღის agoირის ანტმანი მომავალში გამართლების იმედად არის
გააზიარეთსაქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. საბერძნეთის ნაკრებთან გამართული უხვგოლიანი შეხვედრა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი