გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი ქუთაისმა მოიგო

გააზიარეთ

ქუთაისელი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული ქუთაისია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა კლუბმა ფინალურ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 93:89 დაამარცხა.

ამ მოგებით ქუთაისი საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ტიტულებით რუსთავს გაუთანაბრდა და ახლა ორივე გუნდს ექვსჯერ აქვთ მოგებული.

წინა, 2025 წლის გათამაშების ფინალშიც ქუთაისი და თსუ შეხვდნენ. მაშინ უნივერსიტეტელებმა ოვერტაიმში იმარჯვეს.

არადა, მატჩის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე კურვოსიე მაკკოლის ორიანით თსუ 75:70 დაწინაურდა, რის შემდეგაც ცალფარა დაიწყოო… დეტრეკ ბრაუნინგმა ორი საჯარიმო მიითვალა, მერე ტაირი ბოიკინმა 20 წამის ინტერვალში ხუთი ქულა ჩააგდო და ქუთაისი 77:75 დააწინაურა, შემდეგ ხელი კახა ჯინჭარაძემაც გამოიღო და ზედიზედ ორი სამქულიანი კახა ჯინჭარაძემ ჩააგდო, რითაც თსუ-ს იმედი ფაქტობრივად გადაუწურა – 90:79 დასრულებამდე 70 წამით ადრე.

თსუ განწირული ჩანდა, მაგრამ მაკკოლისა და ჰარდრიქტის სამქულიანებით ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა, თუმცა მეტის გასაკეთებლად დრო არ ეყო.

მატჩის გმირი ბოიკინი გახდა, რომელმაც 29 ქულა მიითვალა; 25 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი ბრაუნინგის ანგარიშზეა; კახა ჯინჭარაძემ შეხვედრა 16 ქულით, 7 მოხსნით და 3 პასით დაასრულა.

სწორედ ჯინჭარაძე გახდა ტურნირის საუკეთესო ფორვარდი, რომელსაც ოთარ ქორქიას სახელობის პრიზი კალათბურთის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა. საუკეთესო უკანახაზელად, ბოიკინი დასახელდა, რომელიც ზურაბ საკანდელიძის მოსახელე შვილიშვილმა – ზურაბ საკანდელიძემ დააჯილდოვა. საჩემპიონო თასი კი დეტრეკ ბრაუნინგმა საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილისგან, გიორგი ჯაფარიძისგან ჩაიბარა.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი