
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2025-ის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. პოლონეთთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების (2:1) შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი ახლა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს – საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.
მატჩის წინ საქართველოს U21 ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:
გასული მატჩის შესახებ:
“ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. თუმცა, უნდა გამოვყო ის ფაქტორი, რომ ბოლო წამებზე მოგებულ თამაშს კიდევ დიდი სტიმული და დამატებითი ემოციები მოჰყვება, ამიტომ ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. მზადების პროცესში მაქსიმალურად ვეცადეთ და ძალები აღვიდგინეთ. გუნდში ნორმალური, საბრძოლო სიტუაციაა. არის დაზიანებებთან დაკავშირებით მცირე დისკომფორტები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ტრავმები არაა. ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ, დანარჩენი ყველაფერი მინდორზე გამოჩნდება”.
საწყისი შემადგენლობის შესახებ:
“ლომინაძე მზადაა ხვალინდელი თამაშისთვის. ნებისმიერი ფეხბურთელის მოედანზე გამოჩენა ჩვეულებრივი ამბავია, მათი ყველასი მეიმედება და მწამს. ასე რომ, გამოჩნდება თუ არა ახალი ფეხბურთელი მოედანზე, ეს დამოკიდებულია თამაშის შინაარსზე და იმაზე, თუ რომელ სიტუაციაში, რომელი ფეხბურთელი იქნება საჭირო”.
ემოციებსა და ბარათებზე:
“რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა და კიდევ გვექნება. ერთადერთი, რაც ყველამ უნდა იცოდეს, ისაა, რომ მართოს საკუთარი ემოცია. ასაკის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი ხშირია, არა მარტო ჩვენთან. მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან, ქვეყანას წარმოადგენენ. პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და თითოეულმა მათგანმა ინდივიდუალურად უნდა იგრძნოს, რომ საკუთარი ემოცია თამაშის დროს მართოს, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში იყოს”.
მოტივაციის შესახებ:
“ვფიქრობ, რომ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ისეთი მეტოქე გვყავს, რომ დიდი მოტივაცია არც გვჭირდება. ყველას გააზრებული აქვს და კარგად იცის, თუ რა დონის გუნდს ვეთამაშებით. ამ შეხვედრაში, ყველაფრის კარგად შესრულების და თავის გამოჩენის შემთხვევაში, ჩვენს წინაშე სულ სხვა ასპარეზი იშლება – როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური”.
მეტოქეზე – საფრანგეთის ნაკრებზე:
“დიდი დახასიათება არც ჩემგან და არც არავისგან სჭირდება. დიდი მოტივაციაა ჩვენთვის, როცა ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ. არ ვართ ამით განებივრებული. კონკრეტულად ამ თაობისთვის ეს არის ყველაზე დიდი გუნდი, რომელსაც შეხვდება. გვქონია ძლიერ გუნდებთან მატჩები, მაგრამ თავისი სტატუსით საფრანგეთის ნაკრები სულ სხვაა. ეს არის გუნდი, რომელიც ნებისმიერ დონეზე ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
ამიტომ ჩვენთვის ეს დამატებითი მოტივაციაა. რა თქმა უნდა, მეტოქე შესწავლილი გყავს, ვნახეთ ბოლო თამაში – ძალიან ძლიერი გუნდია, ძალიან კარგად დაბალანსებული. ის უნდა გავაკეთოთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით: დავიცვათ გუნდური პრინციპები, რადგან ეს არის მთავარი ასეთ გუნდებთან თამაშში. ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. პლუს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის. ვგულისხმობ მაქსიმალურ კონცენტრაციას თითოეულ მომენტში, რადგან ვსაუბრობთ ტოპ გუნდზე. მათი პირველი განმასხვავებელი ისაა, რომ ისინი არ პატიობენ თითოეულ შეცდომას, რომელსაც მეტოქე დაუშვებს. ამიტომ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”.
თამაშის სტილის შესახებ:
“პოლონეთთან უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, პირველი ნომერი ვიყავით. იყო ძალიან მცირე მონაკვეთი, განსაკუთრებით, გაშვებული გოლის შემდეგ, როცა სადავეები ხელიდან გავუშვით. მაგრამ საერთო ჯამში, პოლონეთი უფრო ფრთხილობდა, ვიდრე საქართველო.
ზოგადად, ყოველთვის მივესალმები, რომ გუნდი მზად უნდა იყოს ნებისმიერი გადაწყობისთვის, რადგან ასეთ დონეზე თამაშზე ვსაუბრობთ. კონტრშეტევის საშუალება თუ იქნება, უნდა გადავიდეთ კონტრშეტევაზე, ბურთის ფლობის საშუალება თუ იქნება, ბურთი უნდა გავაკონტროლოთ.
ვიცი, რომ საქართველოს ნაკრებს ბურთი აუცილებლად სჭირდება – პროცენტულად არ ვიცი ეს რამდენი იქნება, მაგრამ, თუ გვექნება შესაძლებლობა, ბურთის ფლობაზე აქცენტი აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ეს დიდი ხანია ინერგება და ჩვენი, ქართველების სტილია. ბურთის გარეშე დარჩენას არ ვაპირებთ – უბრალოდ, რამდენად გამოგვივა ეს ყველაფერი, სხვა საქმეა”.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 12 საათის agoმუნდიალის ნახევარფინალური მატჩისთვის საფრანგეთისა და ესპანეთის შემადგენლობები ცნობილია
გააზიარეთმსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია. მსოფლიოს ჩემპიონატი 1/2 ფინალი...
ავტორი Giorgig -
კალათბურთი
/ 17 საათის agoმამუკელაშვილი: ლეიკერსში მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ
გააზიარეთსანდრო მამუკელაშვილს ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისურით ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ახალი გუნდის მატჩს უკვე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სხვა...
/ 20 საათის agoგალამაზებული მალთაყვა საუკეთესო სპორტსმენებს ელოდება
გააზიარეთ1991 წელს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა, პირველ ხმაურიან ტურნირს უმასპინძლა – ევროპის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი