ქარელის მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია იწყება.
დაგეგმილია სტადიონის სრულად განახლება UEFA-ს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მინდორი, 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები და განათების სისტემა.
ქარელში საფეხბურთო ცხოვრება თანდათან ღრმავდება – მუნიციპალიტეტს უკვე ჰყავს პროფესიონალური გუნდი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მეხუთე ლიგაში ასპარეზობს, აქტიურად ვითარდება როგორც საფეხბურთო, ისე ორგანიზაციულ დონეზე. გუნდს სოციალური ქსელების გვერდები აქვს და მათი მეშვეობით სისტემატურად აშუქებს როგორც თამაშებს, ისე ყოველდღიურ საქმიანობას – რაც მსგავს დონეზე იშვიათად გვხვდება.
გუნდის მწვრთნელები – შმაგი ელიაშვილი, ალეკო აკოფიანი (ლანჩხუთის “გურიას” ლეგენდის”, მურმან აკოფიანის შვილი) და საბა არაბაშვილი – ადგილობრივი და მოტივირებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც გუნდის ყოველდღიურ პროცესში პროფესიონალიზმის შეტანას ცდილობენ. მათი ხელმძღვანელობით ქალაქში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, რომელიც მომავალ თაობებს ავითარებს.
გუნდის ისტორია 2022 წლიდან იწყება, როდესაც შიდა ქართლის სამოყვარულო ჩემპიონატი მოიგეს. სწორედ ამ წარმატებამ დაადო საფუძველი 2023 წელს ოფიციალური კლუბის დაფუძნებას. სტარტი რთული იყო – პირველ ორ სეზონში გუნდი სატურნირო ცხრილის ბოლოში გავიდა, თუმცა 2025 წლის სეზონში მკაფიოდ ჩანს პროგრესი: 8 მატჩში გუნდს 3 მოგება, 2 ფრე და 11 ქულა აქვს, რაც მეშვიდე პოზიციას ნიშნავს და ოთხეულთან მხოლოდ 3 ქულა აშორებს.
გუნდი აქტიურად მუშაობს წინასასეზონო მზადებაზეც – ყოველი სეზონის წინ ისინი დასავლეთ საქართველოში შეკრებას გადიან, რაც მეხუთე ლიგის კლუბებისთვის იშვიათი და სანიმუშო პრაქტიკაა.
კლუბის შემადგენლობაც შთამბეჭდავია:
ვასილ ქისიევი – ყოფილი ცენტრალური მცველი “ვიტ ჯორჯიადან”, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობდა,
სპარტაკ ლომიძე – საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი,
გიორგი ადუაშვილი – გამოცდილი ცენტრალური მცველი გორიდან.
ქარელში ასევე თამაშობენ ადგილობრივი მოთამაშეები, რაც კლუბს ქალაქთან მჭიდრო კავშირს უნარჩუნებს.
სულ მალე ქარელს ევროპული სტანდარტების სტადიონი ექნება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ფეხბურთის განვითარებას და, სავარაუდოდ, გუნდის წინსვლას დიდ ბიძგს მისცემს.
ცნობისთვის, ქარელს ათეული წლების წინ ჰყავდა გუნდი, რომელსაც “იბერია” ერქვა და მას მურმან აკოფიანი წვრთნიდა.