შავი ლომი 2026-27 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩამდე, ინგლისში პრემიერშიფის ჩემპიონ ნორთჰემპტონ სეინტს ეწვევა და 18 სექტემბერს ამხანაგურად გაეჯიბრება.
ჩვენი გუნდი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ტურნირში, ჩელენჯ თასზე, მეოთხედ ითამაშებს. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად პირველი მატჩი დეკემბრის ნაცვლად ოქტობერში გაიმართება და შავი ლომი უელსურ ოსფრიზს დაუხვდება.
ოფიციალურ მატჩამდე პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდებს რამდენიმე გასახურებელი შეხვედრა ექნებათ. უკვე ცნობილია, რომ 12 სექტემბერს თბილისს იტალიური საკლუბო რაგბის ფლაგმანი, ბენეტონი ეწვევა, რომელთანაც ამხანაგური შეხვედრა შარშან სტუმრად გვქონდა. ბენეტონთან მომავალი მატჩი „ავჭალაზე“ 20:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც შავი ლომი ინგლისში გაემგზავრება და ძალებს ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან მოსინჯავს.
თავის მხრივ, ოფიციალური სეზონის გახსნამდე, ნორთჰემპტონისთვის ეს ბოლო მოსამზადებელი თამაში იქნება. „წმინდანები“ ტიტულის დაცვას 25 სექტემბერს იწყებენ და პრემიერშიფის პირველ ტურში ნიუკასლს მასპინძლობენ.
მეტოქე
ნორთჰემპტონ სეინტსი ინგლისის ერთ-ერთი უძველესი სარაგბო კლუბია – 146 წლის წინ, ადგილობრივმა სასულიერო პირმა, წმინდა ჯეიმსის ეკლესიის მღვდელმა დააარსა და მთავარი მიზანი ქალაქის პრობლემური ბიჭების სწორ გზაზე დაყენება იყო.
მე-19 საუკუნის მიწურულს, ნორთჰემპტონს ინგლისის მასშტაბით ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გუნდი ჰყავდა, გულშემატკივართა რაოდენობა კი, 10 000 აღწევდა. 1896-97 წლების სეზონში, 22 თამაშიდან 17 ისე მოიგეს, რომ ქულაც არ გაუშვეს.
პროფესიონალურ ეპოქაში ნორთჰემპტონი ინგლისის საკლუბო რაგბის ერთ-ერთ მთავარ ძალად იქცა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა – 2014, 2024 და 2026 წლებში, ორჯერ კი მეორე ადგილი (1999 და 2013) დაიკავა; 2000 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო, ხოლო ორჯერ ფინალში (2011 და 2025) დამარცხდა; ჩელენჯ თასი კი ორჯერ შემართა – 2009 და 2014 წლებში.
პრემიერშიფის გასულ სეზონში, ნორთჰემპტონმა რეგულარული გათამაშების 14 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და სამში დამარცხდა. ნახევარფინალში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ლესთერ თაიგერსი, ფინალში კი ბაჩუკი ჭუმბაძის ექსეთერი დაამარცხა.
ჩემპიონთა თასის გასულ სეზონში „წმინდანები“ მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ინგლისურ დერბიში ბათთან 41:43 წააგეს.