მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ცვლილებები ქართველ ძიუდოისტებსაც შეეხოთ. თმცა, აქვე გეტყვით, რომ კაცებში არცერთი წონის ლიდერი არ გვყავს.
ერთადერთი ვინც რეიტინგიგს ლიდერობს, ეთერ ლიპარტელიანია (57კგ). ეთომ ბაქოში გამართულ მსოფლიოოზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ახლა 6 025 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან აკარი ომორის (5 200), ვისთანაც ფინალი წააგო, საგრძნობი სხვაობით უსწრებს.
ბაქოში ორი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავდა და რეიტინგში ორივე დაწინაურდა: ტატო გრიგალაშვილი (81) ერთბაშად 24 პოზიციით აღზევდა და 5 540 ქულით მერვე ადგილზეა. წონას ის ზელიმ ცკაევი (6 442) ლიდერობს, რომელსაც ტატომ ფინალში სძლია;
ასევე ოქროს მედალოსანმა ილია სულამანიძემ (+100) თავი 5 652 ქულას მოუყარა და მეხუთედან მეორე პოზიციაზე აღზევდა. პირველობას მცირე უპირატესობით იტალიელი ჯენარო პირელი (5 669) ინარჩუნებს;
საგრძნობი წინსვლა განიცადა ბაქოში ბრინჯაოს მედლის მფლობელმა გიორგი სარდალაშვილმა (60), რომელსაც 2 980 ქულა მოუგროვდა, 12 ადგილით აღზევდა და ათეულის ბოლოში მოექცა;
90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე (3 724) მეორედან მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა; ლაშა ბექაურს (2 518) კი მცირე წინსვლა აქვს და მე-13 საფეხურზეა;
მძიმე წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილი (3 632) მეშვიდე ადგილზეა, ხოლო გურამ თუშიშვილი (3 209) მეთორმეტეა;
73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილს (2 240) მე-14 პოზიცია უკავია.
ყველაზე ცუდი მდგომარეობა 66 კგ-ში გვაქვს, სადაც ქართველთაგან საუკეთესო თორნიკე გიგაური (1 186) მხოლოდ 43-ეა. ვაჟა მარგველაშვილს (831), რომელიც საქართველოს ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონატზე იცავდა, 57-ე ადგილი უკავია და გიგაურის გარდა, თანამემამულეთაგან თემურ ნოზაძესაც (974) ჩამორჩება.
რეიტინგში ცვლილებებს 29-31 ოქტომბერს გასამართი აბუ დაბის გრანდ სლემის შემდეგ უნდა ველოდეთ.