გამოგვიწერეთ

ნაკრები

არწივებს ბათუმში ვუმასპინძლებთ

გააზიარეთ

შემოდგომის ტესტ-მატჩებს საქართველოს რაგბის ნაკრები 8 ნოემბერს ბათუმში ხსნის. „აჭარაბეთ არენაზე“ ბორჯღალოსნების მეტოქე აშშ იქნება.

„არწივებმა“ 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური ცოტა ხნის წინ მოიპოვა და ავსტრალიაში წყნარი ოკეანის მესამე გუნდის სტატუსით მიემგზავრება. მსოფლიო რაგბის რეიტინგში აშშ ამჟამად მე-15 ადგილზეა (67.40). შეგახსენებთ, ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში 74.69 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ.

საქართველოს აშშ-ს წინააღმდეგ აქამდე შვიდჯერ უთამაშია და ბოლო სამი თამაშის მოგების ხარჯზე მეტოქესთან დადებითი ბალანსი აქვს – 4 მოგება და 3 მარცხი. „არწივებს“ სამჯერ სტუმრად ვეთამაშეთ და ოთხჯერ საქართველოში ვუმასპინძლეთ.

პირველი თამაში „ჩერჩილის თასზე“, 2009 წელს დენვერში შედგა და მასპინძლებმა 31:13 მოიგეს; მომავალ წელს თბილისში, „ეროვნულზე“ გამართულ დრამატულ მატჩში რევანში ავიღეთ – საქართველომ ბოლო წუთზე გატანილი ლელო გარდასახვით 19:17 გაიმარჯვა; 2012 წელს ამერიკელებს გლენდეილში ვეწვიეთ და მასპინძლებმა 36:20 მოიგეს; 2013 წელს რუსთავში მოგებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ აშშ-მ გაწითლებულ დროზე რთული პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა და 25:23 გაიმარჯვა; მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გუნდებს ერთმანეთთან არ უთამაშიათ, 2017 წელს კი აშშ სტუმრადაც დავამარცხეთ და შინაც: ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ქენისოში მეტოქეს 21:17, „მიხეილ მესხზე“ კი 21:20 ვძლიეთ; „არწივებს“ ბოლოს 2023 წელს გადავეყარეთ და „მიხეილ მესხზე“ ჯერჯერობით სარეკორდო სხვაობით – 22:7 მოვუგეთ.

რაც შეეხება ბათუმს და „აჭარაბეთ არენას“, აქ ბორჯღალოსნები მესამედ ითამაშებენ. დებიუტი 2022 წელს იტალიასთან შედგა და საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (28:19), შარშან კი ზღვისპირეთში ფიჯის ვუმასპინძლეთ და მეტოქემ 21:12 გაიმარჯვა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები