
14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 37-წლიან ისტორიაში თავის მე-300 ოფიციალურ მატჩს ითამაშებს.
მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ეგიდით, ბორჯღალოსნები „ავჭალის“ სტადიონზე ტონგას უმასპინძლებენ და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფში ლიდერობის განმტკიცებას ეცდებიან.
სამასამდე
გუნდმა, რომელსაც თავდაპირველად შევარდნები ეწოდებოდა, მე-20 საუკუნის მიწურულს კი, ბორჯღალოსნებად მოინათლა, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი თამაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1989 წლის 12 სექტემბერს გამართა და ქუთაისში გამართულ მატჩში ზიმბაბვე 16:3 დაამარცხა.
მას შემდეგ ჩვენი გუნდი მუდმივად პროგრესირებდა. განვლილი 299 მატჩიდან, ბორჯღალოსნებმა მოიგეს 187; ფრედ დაასრულეს 10; წააგეს – 102. აქედან 124 საქართველოში ვითამაშეთ; 118 – სტუმრად; 57 – ნეიტრალურზე.
2003 წელს ბორჯღალოსნებმა პირველად ითამაშეს მსოფლიო თასზე და, მას შემდეგ, უცვლელი მონაწილეები არიან. 2027 წელს, ავსტრალიაში, მეშვიდედ ვიქნებით მსოფლიოს უმაღლეს სარაგბო ფორუმზე. გარდა ამისა, საქართველო რეგულარულად თამაშობს რაგბი ევროპის ჩემპიონატს, რომლის გამარჯვებული 17-ჯერ გახდა და ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერია.
საქართველო და ტონგა ერთა თასზე
ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველი სამი თამაში ზაფხულში, სამხრეთ ამერიკაში გამართეს და სამივე გამარჯვებით დაასრულეს. ჩვენმა გუნდმა ურუგვაის (41:34), სამოას (33:12), ჩილესა (49:22) და კანადას (59:14) მოუგო და 19 ქულით, ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფს ლიდერობს.
ტონგამ ზაფხულში ზიმბაბვეს (36:26) მოუგო; ესპანეთთან (19:32) და პორტუგალიასთან (28:32) კი – დამარცხდა; ერთი კვირის წინ კუნძულელებმა ბუქარესტში, რუმინეთს, 43:38 სძლიეს და ამერიკა-ოკეანეთის ჯგუფში, 12 ქულით სამოასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.
რაც შეეხება ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს: აქამდე ტონგას რვაჯერ შევერკინეთ და ექვსჯერ დავამარცხეთ, ორჯერ კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. კუნძულელებმა გამარჯვება ბოლოს 2014 წელს იზეიმეს, მას შემდეგ მათთან მიჯრით ხუთი მოგება გვაქვს, მათგან ბოლო კი 2024 წელს მოვიპოვეთ და ტონგა აქამდე რეკორდული სხვაობით, 22:7 დავამარცხეთ.
საქართველო მსოფლიო რეიტინგში 73.94 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო ტონგა 65.87 ქულით მე-17 პოზიციაზეა.
ხუთი ცვლილებით დამწყებებში
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა 23-კაციანი შემადგენლობა. კანადასთან მოგებული მატჩის შემდეგ, დამწყებებში ხუთი ცვლილებაა, საიდანაც ოთხი შერკინებაზე და ერთი ხაზზე მოდის. ცვლილებებია მარქაფაშიც.
როტაციის პრინციპით, ცენტრში თამაშს გიორგი შველიძე იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა, ადგილი ლუკა ტაბატაძეს გაუცვალა და თორნიკე კახოიძეს შეუწყვილდება; უცვლელია ღერძი, სადაც თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ; დამწყებთა შორის რჩებიან ფრთები – აკა ტაბუცაძე და დაჩი პაპუნაშვილი; ასევე ფულბეკი, გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილი.
შერკინების პირველ ხაზში მარქაფიდან დაწინაურდა ვანო კარკაძე, ვახტანგ ჯინჭარაძემ კი მარქაფაში გადაინაცვლა; სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა გიორგი ახალაძემ და ბაჩუკი ჭუმბაძემ; სრულად შეიცვალა მეორე ხაზი, სადაც ახალბედა გაგი მარგველაშვილი და ვეტერანი კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან; შერკინების მესამე ხაზში გამოჩნდა ბექა გორგაძე, რომელსაც კანადასთან არ უთამაშია; აქვე თამაშს იწყებენ ბექა საღინაძე და ლუკა ივანიშვილი.
უკვე ვთქვით, რომ მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა ვახტანგ ჯინჭარაძემ და ცენტრმა ლუკა ტაბატაძემ. მათთან ერთად მოედანზე მოგვიანებით შევლენ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი ბექა შვანგირაძე. კვლავ შემცვლელთა შორის არიან ბურჯი ბექა გიგაშვილი, მესამეხაზელი მიხეილ შიოშვილი და ჰავბეკი გელა აფრასიძე; მარქაფაში გამოჩნდა ბურჯი ნიკა აბულაძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ხაზი: დავით ნინიაშვილი, აკაკი ტაბუცაძე, გიორგი შველიძე, თორნიკე კახოიძე, დაჩი პაპუნაშვილი, ლუკა მატკავა, ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, გაგი მარგველაშვილი, კოტე მიქაუტაძე, ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე;
მარქაფა: ვახტანგ ჯინჭარაძე, ნიკა აბულაძე, ბექა გიგაშვილი, გიორგი ჯავახია, მიხეილ შიოშვილი, ბექა შვანგირაძე; გელა აფრასიძე, ლუკა ტაბატაძე.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 4 საათის agoბორჯღალოსნების საიუბილეო შემადგენლობა
გააზიარეთ14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 37-წლიან ისტორიაში თავის მე-300 ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. მსოფლიო რაგბის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 7 საათის agoბუდუ ზივზივაძე: ჯგუფში ადგილს მნიშვნელობა აქვს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. მადიარებს 14 ნოემბერს, მიხეილ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoნაკრებში ვირუსია – სვანაძეს საფიქრალი მოემატა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება აგრძელებს. შეკრების მესამე დღეს საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი