
2026 წლის დასკვნით მატჩში, ბორჯღალოსნები მიხეილ მესხზე აშშ-ს ნაკრებს დაუხვდებიან და წლის დახურვას ზედიზედ მეექვსე გამარჯვებით ეცდებიან. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
ეს არის მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი გათამაშების ბოლო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ორი ჩემპიონი – საქართველო და აშშ შეერკინება. გუნდებმა განვლილი ხუთი მატჩიდან ხუთივე მოიგეს, ოთხში ბონუს-ქულაც აიღეს და 24-24 ქულა მოაგროვეს. შედეგად, ბოლო ტურის წინ ისინი მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდნენ და საქართველო ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფის, ხოლო აშშ ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფის ჩემპიონად გამოცხადდა.
ბედის ირონიით, ისე მოხდა, რომ მსოფლიო რაგბის ერთა თასის ჩემპიონები დასკვნით ტურში ძალებს ერთმანეთთან მოსინჯავენ. თამაშის დასრულების შემდეგ, ჯგუფის ჩემპიონობისთვის განკუთვნილ თასს ორივე გუნდი ჩაიბარებს.
რეიტინგში მეზობლები
მომავალ შეხვედრას გუნდები მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთმანეთის მეზობლად ხვდებიან. მოცემული მომენტისთვის ბორჯღალოსნები 74.23 ქულით მე-13 ადგილს იკავებენ. „არწივებს“ (აშშ-ს ნაკრების თიკუნი) ბუქარესტში რუმინეთთან (53:24) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, 68.39 ქულა გაუხდათ, პორტუგალია უკან მოიტოვეს და მე-14 პოზიციაზე აღზევდნენ.
გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნების სარეიტინგო მონაგარი გაიზრდება და მართალია მე-13 ადგილზე დარჩებიან, მაგრამ იაპონიას ძალიან მიუახლოვდებიან. ცხადია, თუ აზიელები თავის მხრივ შოტლანდიასთან დამარცხდებიან. საქართველო მე-13 ადგილზე ფრის, ან მარცხის შემთხვევაშიც დარჩება, მაგრამ იაპონიას მნიშვნელოვნად დაშორდება და მდევარი აშშ-ც წამოეწევა.
ეს იქნება ამ გუნდების მეცხრე დაპირისპირება, რომელიც სათავეს 2009 წლიდან იღებს. ბორჯღალოსნებს ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვთ: ხუთი გამარჯვება, სამი მარცხის წილ. აღსანიშნავია, რომ „არწივებთან“ ბოლო ოთხი ჯახი ქართველების გამარჯვებით დსრულდა.
ორი ცვლილება დამწყებებში
ტონგასთან ნაჩვენები შესანიშნავი თამაშისა და 55:31 გამარჯვების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა დამწყებ თხუთმეტეულში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა.
ღერძზე, ჰავბეკის პოზიციაზე მარქაფიდან გელა აფრასიძე დაწინაურდა, რომელიც ლუკა მატკავას შეუწყვილდება; ცენტრში კვლავ თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე იქნებიან; ფრთებზე დაჩი პაპუნაშვილი და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან; ფულბეკი კი, გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება.
ერთი ცვლილებაა შერკინების ხაზში, სადაც მარცხენა ბურჯის პოზიციაზე თამაშს სერგი აბრამიშვილი იწყებს, რომელსაც ტონგასთან არ უთამაშია, კანადასთან კი მარქაფაში იყო; დამწყებთა შორის არიან კვაჭი ვანო კარკაძე, მარჯვენა ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე; მეორეხაზელები გაგი მარგველაშვილი და კოტე მიქაუტაძე; მესამეხაზელები – ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე.
მარქაფაში სამი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც ნოემბრის კამპანიისას ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშიათ: კვაჭი ლუკა გოგინავა, მგეზავი თედო აბჟანდაძე და შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია; ტონგასთან დამწყებთა შორის იყვნენ და ამჯერად მარქაფაში გადაინაცვლეს ბურჯმა გიორგი ახალაძემ და ჰავბეკმა ვასილ ლობჟანიძემ; კანადასთან მატჩის შემდეგ მარქაფაში ბრუნდება მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი.
მარქაფიდან ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ბექა გიგაშვილი; კვლავ სათადარიგოთა შორისაა მესამეხაზელი მიხეილ შიოშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ხაზი: დავით ნინიაშვილი, აკაკი ტაბუცაძე, გიორგი შველიძე, თორნიკე კახოიძე, დაჩი პაპუნაშვილი, ლუკა მატკავა, გელა აფრასიძე;
შერკინება: სერგი აბრამიშვილი, ვანო კარკაძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, გაგი მარგველაშვილი, კოტე მიქაუტაძე, ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე;
მარქაფა: ლუკა გოგინავა, გიორგი ახალაძე, ბექა გიგაშვილი, მიხეილ შიოშვილი, ილია სპანდერაშვილი, თორნიკე ჯალაღონია; ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 19 საათის agoჯიკიჩმა საბერძნეთისთვის ცხრა კალათბურთელი შეარჩია
გააზიარეთსაქართველოს კალათბურთელთა ნაკრები არასრული შემადგენლობით საბერძნეთში მიემგზავრება. გუნდმა ბოლო ვარჯიში მიხეილ ქორქიასა და ზურაბ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 21 საათის agoსაქართველო ჩემპიონის ჩემპიონია, ტაბუცაძე ხუთეულში
გააზიარეთმსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი გათამაშების ბოლო მატჩში ერთმანეთს ორი ჩემპიონი – საქართველო და...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 2 დღის agoჩემპიონები რეიტინგის გასაუმჯობესებლად შეერკინებიან
გააზიარეთ2026 წლის დასკვნით მატჩში, ბორჯღალოსნები მიხეილ მესხზე აშშ-ს ნაკრებს დაუხვდებიან და წლის დახურვას ზედიზედ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი