მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ევროპის E ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ელჩეში, “ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე”, ესპანეთს დაუპირისპირდა და მატჩი 0:2 დათმო.
“ფურია როხამ” თავიდანვე ბურთის ფლობისა და ტემპის სრული კონტროლი მოიპოვა, საქართველოს კი შეტევის ორგანიზება თითქმის არ გამოუვიდა.
ესპანელებს რამდენიმე ლიდერი აკლდათ, მათ შორის ლამინ იამალი. სასტარტო შემადგენლობიდან ევრო 2024-ის დროინდელი მხოლოდ ოთხი მოთამაშე იყო. საქართველოს ნაკრებიდან კი არ თამაშობდნენ გიორგი ჩაკვეტაძე (ტრავმა) და ლუკა ლოჩოშვილი (დისკვალიფიკაცია).
ვილი სანიოლმა ტაქტიკა მცირე ცვლილებით ააგო. დაცვის ხაზში ერთად გამოიყვანა ოთარ კაკაბაძე და გიორგი გოჩოლეიშვილი, ხოლო შუახაზში შანსი ანრი მექვაბიშვილს მისცა.
პირველი ნახევარი მთლიანად მასპინძლების იყო. ბურთის ფლობა ესპანეთს 82% ჰქონდა, საქართველოს ნაკრებმა კი ნახევარ საათში მხოლოდ რამდენიმე ზუსტი პასი შეასრულა. უპირატესობა საბოლოოდ შედეგშიც აისახა — 24-ე წუთზე იერემი პინომ ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში.
მალე ესპანეთმა პენალტიც მოიპოვა, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა ფერან ტორესის დარტყმა ოსტატურად მოიგერია და თავი გამოიჩინა რამდენიმე მომდევნო ეპიზოდშიც.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს მდგომარეობა არ გაუმჯობესებია. მამარდაშვილს კიდევ რამდენჯერმე მოუხდა გადამწყვეტი ჩარევა, მაგრამ 64-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა საჯარიმოდან ულამაზესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.
გიორგი გოჩოლეიშვილის შორეული, ზუსტი დარტყმა 78-ე წუთზე სტუმართა პირველი მცდელობა იყო, რომელიც კარის ჩარჩოში მოხვდა.
სამი ტურის შემდეგ ესპანეთს ცხრა ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია, საქართველოს ანგარიშზე კი სამი ქულაა.
მომდევნო შეხვედრას სანიოლის გუნდი 14 ოქტომბერს იზმითში, თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს..მატჩი, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლაში.