
ბორჯღალოსნები 2025 წლის ზაფხულის დასკვნით ტესტ-მატჩს 19 ივლისს მბომბელაში, მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ. მსოფლიოს ოთხგზის, მოქმედ ჩემპიონთან და რეიტინგის პირველ ნომერთან მატჩი საქართველოს დროით 19:10 საათზე დაიწყება.
სამხრეთ აფრიკაში რაგბის თამაში მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყეს, ადგილობრივი რაგბის კავშირის წინამორბედი ორგანიზაცია კი, 1889 წელს დაარსდა. აპარტეიდის პირობებში თეთრ და ფერადკანიან მორაგბეებს ცალ-ცალკე ორგანიზაციები მართავდნენ, ხოლო 1992 წლიდან სამხრეთ აფრიკის ერთიანი რაგბის კავშირი დაარსდა.
ნაკრები პირველად 1891 წელს შეიკრიბა და ბრიტანეთის კუნძულებს (0:4) ქეიფთაუნში ეთამაშა. არსებობის ისტორიაში გუნდმა ყველაზე დიდი სხაობით ურუგვაის (2005 წელს 134:3) მოუგო, თავად კი, ახალ ზელანდიასთან (2017 წელს 0:57) დამარცხდა.
აპარტეიდის გამო „ბოკეს“ პირველ ორ მსოფლიო თასზე არ უთამაშია და პლანეტის უძლიერეს ტურნირში 1995 წლიდან ჩაერთო. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ – ოთხჯერ (8 ტურნირიდან) გახდა, ორჯერ ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა, ორჯერ კი ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა.
სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასს პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად 1995 წელს უმასპინძლა. დებიუტანტი მასპინძელი ფავორიტი არ იყო, მაგრამ სენსაცია მოახდინა, ფინალში უძლიერესი ახალი ზელანდია დამატებით დროში 15:12 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.
2007 წელს „ბოკემ“ თასი მეორედ შემართა – საფრანგეთში, ფინალურ მატჩში ინგლისს 15:6 სძლია.
სამხრეთ აფრიკა ბოლო ორი გათამაშებაა პირველობას არავის ანებებს. 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში, იაპონიაში ინგლისი 32:12 დაამარცხა, 2023 წელს კი საფრანგეთში ახალ ზელანდიას 12:11 სძლია.
1996 წლიდან „ბოკე“ სამი ერის მონაწილეა, რომელსაც 2012 წლიდან არგენტინა დაემატა და რაგბის ჩემპიონატად გადაკეთდა. სამხრეთ აფრიკა ტურნირის გამარჯვებული ხუთჯერ გახდა: 1998, 2004, 2009, 2019 და 2024 წლებში.
2024 წლის 11 ნოემბრიდან სამხრეთ აფრიკა მსოფლიო რეიტინგის უცვლელი ლიდერია. მოცემული მომენტისთვის 92,78 ქულა აქვს და 1,06 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ახალ ზელანდიას.
2025 წლის ზაფხულში სამხრეთ აფრიკამ სამი თამაში ჩაატარა და სამივეში გაიმარჯვა: ჯერ ბარბაროსებს სძლია 54:7, მერე კი, ორჯერ იტალიას – 42:24 და 45:0.
არსებობის ისტორიაში ბორჯღალოსნებს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია. 2003 წლის, ჩვენთვის პირველ მსოფლიო თასზე, „ბოკემ“ სიდნეიში 46:19 გაიმარჯვა. საქართველოსთვის ეს თამაში იმით იყო გამორჩეული, რომ მსოფლიო თასზე პირველი ლელო გაიტანა, რომელიც დავით დადუნაშვილის ანგარიშზეა. ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა გაიტანა პალიკო ჯიმშელაძემ, კიდევ ერთი ჯარიმა კი მეკო კვირიკაშვილის ანგარიშზეა.
18 წლის შემდეგ სამხრეთ აფრიკამ პირველად მიგვიწვია ტესტ-მატჩის გასამართად. 2021 წლის ივლისში მასპინძლებმა პრეტორიაში 40:9 გაიმარჯვეს. ერთი კვირის თავზე გუნდებს შორის მეორე ტესტ-მატჩიც უნდა გამართულიყო, თუმცა ორივე გუნდის წევრებს კოვიდ-ვირუსმა დარია ხელი და თამაში გაუქმდა. განსაკუთრებით მძიმე იყო ბორჯღალოსნების იმჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის მდგომარეობა, რომელსაც სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოში თითქმის ორი თვის გატარება მოუწია. საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა.
იხილე მეტი
-
ძიუდო
/ 6 საათის agoლიპო და შავი ევროპის ჩემპიონები არიან
გააზიარეთთბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციას ორი მედალი მოიპოვა. გუშინ, გიორგი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 9 საათის agoსაქართველომ მეტოქედ ბაჰრეინი მოძებნა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის დროს ორ მატჩს ითამაშებს. ერთი აქამდეც ცნობილი იყო, მეორე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ძიუდო
/ 10 საათის agoორი მედალი გარანტირებულია, ველოდებით ოქროებს
გააზიარეთთბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციას კიდევ ორი მედალი განაღდებული აქვს....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი