
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო რაგბის ერთა თასის მესამე მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა – ორივე მარქაფაში.
საქართველომ ერთა თასზე, მონტევიდეოში ჯერ ურუგვაი დაამარცხა 41:34; გასულ შაბათს კი, ჩილეში, სამოას რეკორდული სხვაობით სძლია – 33:12.
მესამე მატჩს ჩვენი გუნდი სანტიაგოში, მასპინძელი ჩილეს წინააღმდეგ გამართავს. თავდაპირველი ინფორმაციით, ჩილესთან ლა სერენაში უნდა გვეთამაშა, მაგრამ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, შეხვედრის გამართვა სანტიაგოში გადაწყდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თამაშს მაყურებელი ვერ დაესწრება.
მასპინძლებმა ერთა თასის ორივე განვლილი შეხვედრა ბონუსით მოიგო: პირველ რაუნდში რუმინეთი 48:31, ხოლო მეორეში ჰონკონგი 38:17 დაამარცხა.
შედეგად, ისინი საკუთარ ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ: ჩილე – 10; აშშ – 9; სამოა, ტონგა, ურუგვაი – 5-5; კანადა – 3.
ჯგუფის ლიდერია ჩვენი გუნდიც: საქართველო – 9; ესპანეთი – 8; პორტუგალია – 7; რუმინეთი – 4; ზიმბაბვე – 1; ჰონკონგი – 0.
შედეგად, 18 ივლისს სანტიაგოში ერთმანეთს ლიდერები შეერკინებიან.
წყნარი ოკეანის კუნძულელებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პიერ-ანრი ბრონკანის დამწყები შემადგენლობა უცვლელი დარჩა. შერკინების პირველ ხაზში თამაშს გიორგი ახალაძე, ნიკოლოზ სუთიძე და ბაჩუკი ჭუმბაძე იწყებენ; მეორეში მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი ჯავახია; ხოლო მესამეში ბექა შვანგირაძე, ლუკა ივანიშვილი და თორნიკე ჯალაღონია.
უცვლელია უკანა ხაზიც: ღერძი ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა; ცენტრი თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე; ფრთები – გიორგი კვესელაძე და აკაკი ტაბუცაძე; ფულბეკი გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილი.
რაც შეეხება მარქაფას, აქ ერთი პოტენციური დებიუტანტია. გრენობლის 29 წლის მარჯვენა ბურჯი გიორგი პერტაია ჩილესთან პირველ კეპს მოიხვეჭს. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ 23-კაციან განაცხადში ბრუნდება მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. სამოასთან მატჩის შემდეგ კვლავ მარქაფაში არიან ვახტანგ ჯინჭარაძე, ნიკა აბულაძე, ილია სპანდერაშვილი, იოანე იაშაღაშვილი, მიხეილ ალანია და თედო აბჟანდაძე.
ჩვენ და ჩილე
ბორჯღალოსნებს ჩილეს წინააღმდეგ აქამდე სულ ორჯერ უთამაშიათ, ბოლოს 21 წლის წინ და გუნდებს შორის თანაფარდობაა. პირველად „კონდორებს“ 2004 წელს სანტიაგოში შევხვდით და მასპინძლებმა 30:4 იმარჯვეს. ერთი წლის თავზე სამხრეთ ამერიკელები თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გვეწვივნენ და რევანში ავიღეთ – 29:6.
ახლა ჩვენს გუნდს ჩილესთან დადებითი ბალანსის შექმნის და ჯგუფში ლიდერობის გამყარების კარგი შანსი აქვთ.
მოცემული მომენტისთვის საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში 73.30 ქულით მე-13 ადგილზეა. ჩილე საქართველოს ხუთი საფეხურით ჩამორჩება, 67.59 ქულა აქვს და მე-18 პოზიციაზეა.
ამ თამაშით ბორჯღალოსნები ერთა თასის ზაფხულის კამპანიას დაასრულებენ. ჩვენი გუნდი ტურნირის ფარგლებში მომდევნო სამ შეხვედრას 2026 წლის ნოემბერში, ტონგასთან, აშშ-სთან და კანადასთან საქართველოში გამართავს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ხაზი: დავით ნინიაშვილი, აკაკი ტაბუცაძე, გიორგი შველიძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი კვესელაძე, ლუკა მატკავა, ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: გიორგი ახალაძე, ნიკოლოზ სუთიძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი ჯავახია, ბექა შვანგირაძე, ლუკა ივანიშვილი, თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: ვახტანგ ჯინჭარაძე, ნიკა აბულაძე, გიორგი პერტაია, კოტე მიქაუტაძე, ილია სპანდერაშვილი, იოანე იაშაღაშვილი; მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 1 საათის agoბორჯღალოსნებმა ჩილესთან მარქაფა შეცვალეს
გააზიარეთბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო რაგბის ერთა თასის მესამე მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 2 საათის agoთბილისის დინამომ ბეწვის ხიდზე გაიარა
გააზიარეთთბილისის დინამომ კონფერენს ლიგაზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. თემურ ქეცბაიას გუნდმა ლუქსემბურგის კლუბ მონდორფთან ...
ავტორი Giorgig -
ევროტურნირები
/ 3 საათის agoტორპედო ზირასთან ქუთაისშიც შერცხვა
გააზიარეთკონფერენს ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის ტორპედო აზერბაიჯანულ ზირასთან პირველი მატჩის მსგავსად 0:3...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი