გამოგვიწერეთ

სხვა...

გალამაზებული მალთაყვა საუკეთესო სპორტსმენებს ელოდება

გააზიარეთ

1991 წელს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა, პირველ ხმაურიან ტურნირს უმასპინძლა – ევროპის ჩემპიონატს წყალსათხილამურო სპორტში.

35 წლის შემდეგ ფოთი, უფრო სწორად კი, მალთაყვა და „ოქროს ტბა“ კიდევ მასპინძლობს დიდ ტურნირს: 20-21 ივლისს Poti Pro-Am International Water Ski Tournament-ს უმასპინძლებს, ხოლო 24-26 ივლისს ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი ჩატარდება. მასპინძლობისთვის კონკურენციაში ფოთმა მონაკოს აჯობა.

ამ მნიშვნელოვანი ტურინირების წინ წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციამ მალთაყვაში ორდღიანი მედიატური მოაწყო. სპორტის ჟურნალისტებს მასპინძლობა ფედერაციის პრეზიდენტმა, რატი მელიამ, პიარის სამსახურის უფროსმა, ნინი ვადაჭკორიამ და საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წევრებმა გაუწიეს. მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და ტურნირის სამზადისის ყველა დეტალს გაეცნენ.

სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ტურნირისთვის თითქმის ყველაფერი მზად არის, დარჩენილია მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოები, რაც ტურნირის დაწყებამდე მარტივად მოსასწრებია. მთლიანობაში, „ოქროს ტბაზე“, მსოფლიო დონის წყალსათხილამურო შეჯიბრებების მასპინძლობისთვის იდეალური პირობებია.

აღსანიშნავია, რომ ორივე ღონისძიება International Waterski&Wakeboard Federation-ის (IWWF) ეგიდით გაიმართება. ტურნირების ორგანიზატორები, საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და „ფოთის ტბის კლუბი“ არიან, მხარდამჭერები კი – საქართველოს სპორტის სამინისტრო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.

შეჯიბრებები გაიმართება წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად სახეობაში: სლალომი, ფიგურები და ტრამპლინიდან ხტომა.

წყალსათხილამურო სპორტის თითოეულ დისციპლინაში დამოუკიდებელი ჩემპიონი ვლინდება; თითოეულ წყალმოთხილამურეს რამდენიმე მცდელობა აქვს, მაგრამ გამარჯვებულის გამოსავლენად საუკეთესო შედეგია გადამწყვეტი; ჩემპიონატზე სპორტსმენების გამოსვლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აფასებენ; ყველა ათლეტის შედეგი სრულად IWWF-ის ოფიციალური წესებისა და სტანდარტების მიხედვით ფასდება.

ტურნირი ოფიციალურად 20 ივლისს გაიხსნება. პირველი ტურნირის ყველაზე სანახაობრივი მხარე ღამის განათებაზე ტრამლინიდან ხტომა იქნება. ტურნირში მონაწილეობას ხუთივე კონტინენტის სპორტსმენები მიიღებენ, მათ შორის, ამ სპორტის ცნობილი ქართველი გენადი გურალია, ვისაც 1991 წლის ევროპის ჩემპიონატზეც უასპარეზია.

24-26 ივლისს კი, ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატი გაიმართება. „ოქროს ტბის“ ტრასაზე 20-ზე მეტი ქვეყნის 120 სპორტსმენი გამოვა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად სხვა...