ზედისედ მეორედ ვიქტორ სანიკიძის საკალათბურთო აკადემიის გუნდი დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა სატიტულო მატჩში ქუთაისი 77:73 დაამარცხეს და თასი შეინარჩუნეს.
ქუთაისელებს მარქუს გილსონი აკლდათ, მაგრამ თამაშის ბოლო წუთებამდე თავს კომფორტულად გრძნობდნენ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი იმერული კლუბი თავიდანვე რომ დაწინაურდა, ხან ბევრით და ხან მცირედით, ლიდერობდა. ქუთაისელები წინ იყვნენ 14 ქულითაც, ხოლო დიდი შესვენებისთვის სხვაობამ 12 ქულა შეადგინა.
ვსა-მ საკუთარი თამაში მესამე პერიოდში მოახვია მეტოქეს, რაც ერთის სწრაფი თამაშის, მეორეს მხრივ, ქუთაისელთა გადაღლის ბრალი იყო. მესამე ათწუთეული ვსა-მ 25:18 მოიგო და მთავარი ბრძოლა ბოლო პერიოდისთვის გაჩაღდა.
ტურნირის მომავალი MVP – ლუკა კალატოზიშვილი სამწამიანში ტოლს არ უდებდა გაცილებით ტანმაღალ ოპონენტს, ჯავიონ ოგუნიემის, პერიმეტრზე კი ორ ამერიკელს – დემარი კინგს და ტერენს ჰარქამს მხარს კარგად უბამდა ლუკა ლიკლიკაძე. როცა ჰარქამი ხუთი პერსონალურით თამაშიდან გავარდა, ლიკლიკაძემ საბოლოოდ გადაიბარა გამთამაშებლის ფუნქციები. თამაშის დასრულებამდე 3 წუთზე ოდნავ მეტი იყო, როცა ვსა პირველად – 69:68 დაწინაურდა. თუმცა, ქუთაისელებმა ლიდერობა უმალ დაიბრუნეს.
ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, როცა 71:73 ჩამორჩენილი ვსა-ს გამთამაშებელმა, ლუკა ლიკლიკაძემ ორქულიანი ჯარიმის თანხლებით ჩააგდო და ბონუს ქულის მითვლის შემდეგ აკადემიელები 74:73 დააწინაურა. საკვანძო შეტევა ვსა-მ წარმატებით მოიგერია – ტაირი ბოიკინის აცილებული ბურთი ქუთაისელებს არ დაანებეს და ტაქტიკური ჯარიმები ვსა-მ ქულებად აქცია. ეს კი გამარჯვებას ნიშნავდა – 77:73 საბოლოო ანგარიში – ვსა დუდუ დადიანის მემორიალის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულია.
ტურნირის MVP, ლუკა კალატოზიშვილი, რომელმაც შეხვედრა 19 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, სუპერლიგის დირექტორმა, კობა კობიაშვილმა დააჯილდოვა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელმაც 12 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ვსა-ს კაპიტანს, ანზორ ნადირაძეს საჩემპიონო თასი დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – სანდრომ და ნიტამ გადასცეს.