რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებმა მარცხით დაიწყო. შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს თამაში უფრო საქართველომ წააგო, ვიდრე ირლანდიამ მოიგო. სათამაშო დისციპლინა და სტატიკური ფაზები ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება. მხოლოდ, საწყის თხუთმეტ წუთში ბორჯღალოსნები ექვსჯერ დაჯარიმდნენ. პირველ ნახევარში ორჯერ წააგეს საკუთარი დერეფანი მეტოქის ხუთმეტრიანში. ასე თამაშის მოგება, მითუმეტეს ირლანდიასთან და მითუმეტეს მსოფლიო ჩემპიონატზე ურთულესია.
ირლანდიელები პირველსავე წუთზე დაწინაურდნენ. სამყურების დარტყმული საწყისი ბურთი ვერ ავიღეთ, რის შემდეგაც მეტოქემ ოვალი ხაზზე კარგად ჩაათამაშა და მათმა ფრთის მოთამაშემ პეიდ ფარელმა დაგვალელოვა. მალევე, ჰენრი უოლკერმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქის წითელ ზონაში პირველი შესვლისას შეძლო ლელოს გატანა. ხუთმეტრიანში რამდენიმე მძლავრი მიძალების შემდეგ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი გაგი მარგველაშვილმა დაამიწა. ლუკა თაყაიშვილის გარდასახვა ზუსტი იყო. ქართველები ბურთით საკმაოდ სახიფათოები იყვნენ, მაგრამ ძალიან ბევრი წინვარდნა, უაზრო ბლოკები და ასევე დაგვიანებული გადაყრები რაქებში. დღეს, საქართველომ მიწაზე თამაში პირწმინდად წააგო.
პირველ ნახევარში ირლანდიამ კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხადა ერთი ჯარიმა გაიტანა. ქართველთაგან კი, ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ შეძლო ლელოს დადება.
მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. ისევ უაზრო შეცდომები, რითაც მეტოქე კარგად სარგებლობდა. ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების და ოიონას მგეზავ გიგი სირბილაძეს.
საბოლოოდ, 35:28 და ამ მატჩში საქართველოსთვის კარგი ის მოხდა, 7 ქულით მარცხისთვის და 4 ლელოს დადებითვის 2 სანუგეშო ქულა მოიპოვა. მეორე ტაიმში ბორჯღალოსნების რიგებში ლელოებით თავი – გიორგი სპანდერაშვილმა და შოთა ხელაძემ გამოიჩინეს. ლუკა თაყაიშვილმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
მომდევნო მატჩს ლადო კილასონიას გუნდი 4 ივლისს ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.