
ქალთა ფეხბურთი საქართველოში სწრაფად ვითარდება და ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოიკვეთა გუნდი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში დომინირებს – ნიკე ლუსო. კლუბმა 18 თამაშიდან 17-ში გაიმარჯვა, მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრე და დღესაც ლიდერობს. გუნდი არა მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძვის, არამედ ევროპის საფეხბურთო ასპარეზზეც სერიოზული მიზნები აქვს.
იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, რა დგას ამ წარმატების უკან, როგორია კლუბის სტრუქტურა და სამომავლო გეგმები, „ნიკე ლუსოს“ სპორტულ დირექტორს, სანდრო შენგელიას ვესაუბრეთ.
– როგორ და როდის დაარსდა „ნიკე ლუსო“?
გუნდი 2018 წელს თბილისში შეიქმნა და თავდაპირველად მხოლოდ „ნიკე“ ერქვა. პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონები გავხდით. 2019 წელს მეორე ადგილი დავიკავეთ, მესამე წელს ისევ ჩემპიონები გავხდით. თანდათან კლუბი ძლიერდებოდა – როგორც ასაკობრივი, ისე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით და ლეგიონერებით. სამჯერ ვართ საქართველოს ჩემპიონები და სამივეჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ვიასპარეზეთ.
2024 წელს მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა – შეიცვალა მფლობელი, შემოვიდა ინვესტორი და გუნდი კიდევ უფრო განვითარდა. წელს უკვე ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და პირველ ადგილზე ვართ.
– რატომ დაერქვა გუნდს „ნიკე ლუსო“?
„ნიკე“ ბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთია და ჩვენი გუნდიც გამარჯვებასთან ასოცირდება. მოგვიანებით, როცა კომპანია „ლუსო“ – ლუქსკლასის ავტომობილების იმპორტიორი (Ferrari, Mercedes, Porsche და სხვა სპორტული მანქანები) – გენერალური სპონსორი გახდა, კლუბმაც ახალი სახელი მიიღო. ასე გაჩნდა „ნიკე ლუსო“.
– ვინ არის გუნდის გენერალური სპონსორი?
ჩვენი მთავარი მხარდამჭერია კომპანია „ლუსო“, რომელიც საქართველოში ძვირადღირებულ და სპორტულ ავტომობილებს ყიდის.
– თქვენ როგორ გახდით „ნიკე ლუსოს“ სპორტული დირექტორი?
კლუბში შარშან ზაფხულში მოვედი. ხელმძღვანელობამ ჩემს გამოცდილებას და ხედვას დაუჯერა და სწორედ ამიტომ დამამტკიცეს სპორტულ დირექტორად. მანამდე თავადაც მქონდა საფეხბურთო გუნდი და ვმართავდი კლუბს, რაც პრაქტიკაში დამეხმარა. დღეს ჩვენს სტაფში 22 ადამიანი მუშაობს – მათ შორის 15 მწვრთნელი, სამედიცინო პერსონალი და ტექნიკური შტაბი.
მთავარი მწვრთნელია გაგა კირკიტაძე, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს როგორც ახალგაზრდულ გუნდებში, ისე პროფესიულ დონეზე მუშაობის. მისი მუშაობის სტილი, დისციპლინა და თანამედროვე მიდგომები ძალიან დაეხმარა „ნიკე ლუსოს“ სწრაფ განვითარებაში.
გუნდში განსაკუთრებული როლი აქვს გენერალურ დირექტორს თენგო გოლუბიანსაც, რომელსაც მდიდარი გამოცდილება გააჩნია. ის წლების განმავლობაში საუდის არაბეთის ჩემპიონატში მუშაობდა.
– როგორ მოხვდით ფეხბურთში და რა გამოცდილება გაქვთ?
ფეხბურთელი ვიყავი ბავშვობიდან, თუმცა ტრავმამ კარიერა შემიწყვიტა. ფეხბურთიდან წასვლა ვერ გადავწყვიტე, ამიტომ 2021 წელს კლუბი „ელიტა“ დავაარსე. პირველ წელს მეოთხეზე გავედით, შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში ჩემპიონები გავხდით და უმაღლეს ლიგაში ავედით. 2024 წელს მეექვსე ადგილი დავიკავეთ. ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა როგორც მენეჯმენტში, ისე სტრატეგიულ ხედვაში.
– ყველაზე დიდი გამოწვევა სპორტულ დირექტორად მუშაობისას რა არის?
ყოველდღე ახალი გამოწვევაა. ასეთ კლუბში მუშაობა გულისხმობს რთულ საკითხებთან შეჭიდებას, მაგრამ ეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩვენ გვყავს ძლიერი სამწვრთნელო შტაბი, მაღალი დონის ფეხბურთელები და იდეალური ხელმძღვანელობა, რომელიც ყველაფერს დროულად აკეთებს. ფინანსურად და სტრატეგიულად „ნიკე ლუსო“ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კლუბია.
– ამჟამად „ნიკე ლუსო“ პირველ ადგილზეა. რა განაპირობებს ასეთ შედეგს?
გუნდში ოჯახური გარემოა შექმნილი. ყველანი ერთმანეთს პატივს სცემენ, ერთად ვითარდებიან და პრობლემებსაც ერთად აგვარებენ. თითოეული პოზიცია პროფესიონალურად არის დაფარული – როგორც ფეხბურთელებით, ისე სტაფით. ეს გარემო შედეგებშიც აისახება.
– სად ატარებთ ვარჯიშებს და თამაშებს?
დიდ დიღმის საფეხბურთო ცენტრში ვმართავთ.
– ჰყავს თუ არა გუნდს აქტიური გულშემატკივრები და რას ნიშნავს მათი მხარდაჭერა?
დიახ, ჰყავს. „ნიკე ლუსოს“ საკუთარი ფან-დაჯგუფება არსებობს. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია – მაგალითად, „გურიასთან“ 3:2 გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშეს. ფეხბურთი მაყურებლისთვისაა და მათი ემოცია და მუხტი ჩვენთვის დამატებითი ძალაა.
– კლუბის მთავარი მიზანი რა არის?
ჩვენი მთავარი მიზანია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. მხოლოდ ადგილობრივ დონეზე არ ვუყურებთ – ევროპულ ასპარეზზეც გვინდა საკუთარი ადგილის დამკვიდრება.
– როგორია „ნიკე ლუსოს“ სატრანსფერო პოლიტიკა?
ვცდილობთ, ბალანსი შევინარჩუნოთ – როგორც ადგილობრივ ფეხბურთელებს ვაძლევთ განვითარების საშუალებას, ისე ვიწვევთ უცხოელებს, რომლებიც კონკურენციას ქმნიან და პროგრესს უწყობენ ხელს. ჩვენი მიზანია კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.
– რომელი ქვეყნებიდან ჩამოგყავთ ლეგიონერები?
ძირითადად ბრაზილიელები და ლათინოამერიკელები გვყავს, მაგრამ ასევე გვყავს უკრაინელი, ბელარუსი, თურქი, პორტუგალიელი და ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი. ვარჩევთ საუკეთესოს, ვინც კლუბს მოუტანს პროგრესს.
– სეზონის დაწყებისას რა მიზნები დაისახეთ და რამდენად ახლოს ხართ მათთან?
მთავარი მიზანი ჩემპიონობაა. ვიცით ჩვენი შესაძლებლობები და სწორედ ამისთვის ვიბრძვით. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს აკადემიის შექმნას, საკუთარი ბაზის და სტადიონის აშენებას. ყველაფერი იქით მიდის, რომ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი საქართველოში აჟღერდეს.
– როგორ ხედავთ კლუბს 2-3 წელიწადში?
მგონია, რომ ამ პერიოდში უკვე საკუთარი აკადემია და ინფრასტრუქტურა გვექნება. ეს დაგვეხმარება, რომ გუნდში ახალგაზრდა ტალანტები ჩამოვაყალიბოთ და ევროპულ დონეზე უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ.
– როგორ შეაფასებთ ქალთა ფეხბურთის დონეს საქართველოში?
ქალთა ფეხბურთი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ევროპასთან შედარებით ჩამოვრჩებით, მაგრამ ვხედავ, რომ მიდგომები იცვლება და დონეც მალე აიწევს.
– რა ძირითადი სირთულეებია ქალთა გუნდებისთვის?
ყველაზე დიდი გამოწვევა ფინანსები და ინფრასტრუქტურაა. ჩართულობა ევროპასთან შედარებით დაბალია, ბიზნესი ნაკლებად ინტერესდება. მადლობა ფედერაციას, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს დახმარებას. მაგრამ მოედნების რაოდენობა და ფინანსური რესურსი ჯერ კიდევ პრობლემაა.
– რომელი თამაში იყო თქვენთვის ყველაზე გამორჩეული?
ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით გამოვარჩევდი „გურიასთან“ დაპირისპირებას. დაძაბული, მაღალი ტემპის თამაში იყო, რომელიც ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით მოვიგეთ. ასეთი მატჩები ქალთა ფეხბურთის დონესაც სწრაფად აამაღლებს.
„ნიკე ლუსო“ არა მხოლოდ ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი, არამედ პროექტია, რომელიც საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებას ისახავს მიზნად.
სანდრო შენგელიას ხედვიდან ნათლად ჩანს, რომ „ნიკე ლუსო“ ნაბიჯ-ნაბიჯ არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, არამედ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი კვალის დასატოვებლად ემზადება.
იხილე მეტი
-
ტრანსფერები
/ 4 საათის agoმესამე მწვრთნელი ახალ სეზონში – ვინ ჩაიბარებს ნოტინგემს
გააზიარეთნოტინგემ ფორესტში ანჯე პოსტეკოღლუს მუშაობა ძალიან ხანმოკლე და წარუმატებელი აღმოჩნდა – ანჯემ ნოტინგემის მესაჭის...
ავტორი ლუკა ბერიძე -
ლეგიონერები
/ 4 საათის agoკიტეიშვილი იტალიაში – ვის სურს ოთარი
გააზიარეთგრაცის შტურმის და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი სერია ა-ს გუნდს დაუკავშირეს. ადგილობრივი...
ავტორი ლუკა ბერიძე -
ფეხბურთი
/ 5 საათის agoგაგრა სერბულ რელსებზე შედგა
გააზიარეთსაფეხბურთო კლუბ გაგრას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ეროვნულ ლიგაში კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტი ცდის...
ავტორი გეგა ლუკიჩი